ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ბარბარა კლიჩკა მიიღებს მონაწილეობას

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე პოეტი ბარბარა კლიჩკა მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. იგი წელს მეოთხედ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბარბარა კლიჩკა დაიბადა პლოცკში 1981 წელს. პირველი პოეტური კრებული მან 2000 წელს მშობლიურ ქალაქში გამოსცა. ამჟამად პოეტი ვარშავაში ცხოვრობს.
ბარბარა მუშაობდა რედაქტორად ყოველკვარტლური ებრაული ლიტერატურული გამოცემისთვის Cwiszn. იგი ასევე იყო ბენდ Pochwalone-ის წევრი და ალბომ Czarny war-ში შემავალი სიმღერების თანაავტორი. მისი მეორე პოეტური კრებული პირველი წიგნის გამოსვლიდან მხოლოდ 12 წლის შემდეგ გამოიცა. კრებულმა სათაურით „იგივე იგივე“ (გამომც. Mikołów, 2012) იმთავითვე მიიქცია ლიტერატურული კრიტიკოსების ყურადღება და 2013 წელს ვროცლავის „სილესიუსის“ პოეზიის პრემიის ნომინაცია დაიმსახურა კატეგორიაში „წლის წიგნი“. ცნობილმა თანამედროვე პოლონელმა პოეტმა იულია ფიედორჩუკმა ბარბარას მეორე კრებულს „შესანიშნავი წიგნი“ უწოდა, – „მგრძნობიარე, ტკივილიანი და უკომპრომისოდ, ასი პროცენტით ფემინური“.
პოეტი ვროცლავის Biuro Literackie-ის მიწვევით მონაწილეობდა მისი თაობისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე პროექტში ‘Odsiecz’ (შვება). 2015 წელს ბარბარამ მორიგი პოეტური კრებული „კარგი“(გამომც. Poznań, 2015) გამოსცა, რომელმაც მას 2016 წლის „სილესიუსის“ პოეზიის პრემია და ძალიან პრესტიჟული „გდინიის ლიტერატურული ჯილდო“ მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი