საშემსრულებლო ხელოვნება

ლაშა ჩხარტიშვილი – უცხოობის შიშის ფაქტორი (BEGALUT–უცხოობაში)

„BEGALUT–უცხოობაში“ – ასე ქვია ლევან წულაძის სპექტაკლს, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე დაიდგა. წარმოდგენა მსახიობთა ყველა თაობას აერთიანებს. სწორედ ამიტომაც და სპექტაკლში მოთხრობილი ადამიანური ისტორიების გამო, დადგმა მაყურებელმა შეიყვარა და ის მარჯანიშვილის თეატრის ერთ–ერთ სავიზიტო ბარათადაც იქცა.

სიტყვების გარეშე დადგმული სპექტაკლი შეიყვარა საქართველოში მცხოვრებმა უცხოელებმაც, ვინაიდან სპექტაკლში მსახიობთა დიალოგები მოქმედებებმა ჩაანაცვლა. მთლიანად მოიშალა ენობრივი ბარიერი და საკომუნიკაციო ენა უნივერსალურმა საშუალებებმა დაიკავა. სპექტაკლში ტექსტი (დიალოგი, მონოლოგი) სრულიად ზედმეტია. სიტყვების ფუნქციას მსახიობთა მიმიკა, ჟესტი, შინაგანი განცდა და თვალები ასრულებენ. უყურებ სპექტაკლს უხმოდ (ამ ვაკუუმს კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის ორიგინალური და არსობრივი მუსიკა ავსებს), არ გესმის არაფერი, მაგრამ თითოეული პერსონაჟის მოქმედებას აკვირდები და ხვდები რა ტრიალებს მის სულში, რა ამოძრავებთ მათ. აქ იმდენად მეტყველია მსახიობთა თვალები და უბრალო ჟესტიც, რომ წარმოიდგენ მათ დიალოგს, მონოლოგსაც, გესმის მათი განცდების, ფიქრების.
ლევან წულაძის ეს სპექტაკლიც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა რეჟისორის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვისაც. მან აქამდე არაერთ თეატრალურ ხერხს მიმართა, მაგრამ სპექტაკლი სიტყვების გარეშე არ დაუდგამს. ამ მოულოდნელი ეფექტის თაობაზე კი რეჟისორი ამბობს:
ლევან წულაძე: თეატრის მომავალს ვხედავ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ არავერბალურ თეატრში. „BEGALUT–უცხოობაში“ ჩემთვის იყო ექსპერიმენტი, მაინტერესებდა როგორ მოვყვებოდით გარკვეულ ამბავს სიტყვების გარეშე, ოღონდ არა პანტომიმით, ან ქორეოგრაფიით, არამედ სიტყვის გარეშე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თავად რეპეტიციების პროცესიც საინტერესო იყო. ამ ხერხში მუშაობა მანამდეც მოვშინჯე, რაღაც ელემენტების გამოყენება მანამდეც ვცადე „შეშლილის წერილებში“ და სხვა საზღვარგარეთულ დადგმებშიც გამოვიყენე. მომეწონა და დამაინტერესა ამ ხერხში მუშაობა. ამიტომაც, კიდევ ვაპირებ მსგავს სტილისტიკაში სპექტაკლის განხორციელებას, ამისთვის ჩემთვის მონიშნული მაქვს ბრეხტის ძალიან პატარა მოთხრობა „საზიზღარი დედაკაცი“… მგონია რომ ძალიან საინტერესოა…

თითქმის არ არსებობს თემა, რომელსაც ამ მუნჯ სპექტაკლში არ ეხება რეჟისორი. აქ ვხვდებით გლობალურ და ლოკალურ, ლირიკულ და ზოგადსაკაცობრიო, აქტუალურ თემებს და საზოგადოებრივ პრობლემებს. „BEGALUT–უცხოობაში“ შალომ ალეიხის „მერძევე ტევიეს“ და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების სიუჟეტებს ეფუძნება.
ლევან წულაძე: ეს არის სპექტაკლი იმ ადამიანებზე, რომლებიც უცხო გარემოში ხვდებიან და თავსაც განსხვავებულებად თვლიან. ეს კი მათ უშლით ხელს პირველ რიგში და შესაბამისად სხვებსაც…“ – ასე მოკლედ განმარტა რეჟისორმა ლევან წულაძემ მისი დადგმის მთავარი გზავნილი და დასძინა: „ისტორია, რომელსაც ვყვებით, ჩვენი ამბავიც არის: – ადამიანების მიუღებლობა. როგორ გვეშინია ურთიერთობის, სანამ ერთმანეთს გავიცნობთ. ეს პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. ხომ ხედავთ ქუჩაში იბადება აზრები, რომ უცხოელები ასიმილირდებიან ჩვენთან და ჩვენ ეს გვაშინებს. არადა მახსოვს ისეთი თბილისი, სადაც ეზოში 12–13 ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ მაშინ ყველა საბჭოთა ოჯახის შვილები იყვნენ და ეს გვამშვიდებდა. დამოუკიდებლობამ მოგვცა დაუცველობის შეგრძნება რომ გადაგვყლაპავს ირანი, თურქეთი, ჩინეთი და ა.შ. მგონია, რომ ეს მაინც დროებითია. სანამ გაიცნობ ადამინებს, მაგრამ ადამიანებს შეუძლია თავის სიბრმავეში და შიშში მივიდეს ბრუტალურ შედეგამდე. თავად ადამიანში არის ჩადებული ნგრევის მანქანა. ძალიან კარგ ადამიანს, კარგად განწყობილ და კეთილშობილსაც შეუძლია მივიდეს საშინელებამდე“…

Image result for BEGALUT–უცხოობაში

სპექტაკლში მონაწილეობენ მარჯანიშვილის თეატრის სამივე თაობის მსახიობები: ბესო ბარათაშვილი, გურანდა გაბუნია, ანა გრიგოლია, ბარბარე დვალიშვილი, ანა ვასაძე, ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა, ნიკა კუჭავა, ეკა ნიჟარაძე, გიორგი კიკნაძე, კონსტანტინე როინიშვილი, თეონა ქოქრაშვილი, ნინო წულაძე, გიორგი ხურცილავა, გივი ჩუგუაშვილი. აქ არ ვხვდებით მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. აქ ყველას თავისი სათქმელი, ტკივილი და სიხარული აქვს. მათი ბიოგრაფიები კი ჩვენს ისტორიებად იქცევა და ასე იქმნება სამყაროს, ოჯახის, საზოგადოების მეტაფორა.

გურანდა გაბუნია: ლევანი გამომგონებელი რეჟისორია და ამ სპექტაკლმა ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყო, ყოველ დღე რეპეტიციაზე ახალი იდეებით და ვარიანტებით დატვირთული მოდიოდა. გული მწყდება, რომ ოთარი ვერ ხედავს იმ საოცრებას, რაც სცენაზე ხდება. ვამაყობ, რომ ამ სპექტაკლში ვმონაწილეობ. ამ განწყობას კი მიმტკიცებს მაყურებელი, საქართველოშიც და უცხოეთშიც, რომელიც აღტაცებული და გაოცებულია. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მეც ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში.
მანანა კაზაკოვა – სპექტაკლზე დიდი ინტერესით ვმუშაობდით, მუშაობის პროცესში გვქონდა ეჭვი: რა გამოვა, როგორ გაამართლებს, ვართ თუ არა სწორ გზაზე, ვთამაშობთ თუ არა ზუსტად შერჩეულ ჟანრში… მაყურებლის რეაქციის მოლოდინის რეჟიმში ვიყავით… მუშაობის დროს აღმოჩნდა, რომ თამაშის ხერხი ჩვენთვის არ შეცვლილა, აღმოვაჩინეთ, რომ მოქმედება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექსტი და მას იგივე წონა აქვს. გაგვიმართლა, რომ რეჟისორმა ზუსტად იცოდა რა უნდოდა მას, ამიტომაც ჩვენც, მსახიობები, ვენდობოდით და თვალდახუჭული მივყვებოდით მას. შესაბამისად, მშვიდად ვიყავით, პრემიერის არ გვეშინოდა. რეპეტიციები ისეთი ხალისით და საინტერესოდ მიმდინარეობდა, რომ არ გვინდოდა დასრულებულიყო, გვსურდა დიდხანს გაგრძელებულიყო.
ბაია დვალიშვლი – „უცხოობაში“ სასიამოვნო და იოლი სათამაშოა, რაც რეჟისორის დამსახურებაა. უცნაურია, რომ ამ წარმოდგენის თამაშისას არ გვინდება ლაპარაკი, სიტყვა არ გვებადება. ჩვენ არ ვიყენებთ არც პანტომიმის, არც ცეკვის, არც ბალეტის ელემენტებს, მხოლოდ ჟესტით, პაუზით, ფაქტის დაფიქსირებით გადმოვცემთ სიუჟეტს და ჩვენს დამოკიდებულებას სცენაზე მიმდინარე მოვლენებისადმი. სწორედ ამ ხერხებით იკითხება მთელი სპექტაკლი. ისე ვერთობი ხოლმე სპექტაკლის მსვლელობისას სხვათა მოქმედებებით, რომ მე ჩემი მავიწყდება. სპექტაკლი მუსიკალურად ძალიან სწორად არის აწყობილი, მსახიობები მას მივყვებით. მოკლედ, ნამდვილი ბედნიერებაა ამ სპექტაკლში თამაში.

ბესო ბარათაშვილი – ჩემს შეხედულებებში, რასაც თეატრი წარმოადგენდა ჩემს შეგნებაში, პატარა რევოლუცია მოხდა. ამ სპექტაკლში თამაშის დროს გავიგე, რომ თურმე ამბავის მიტანა მაყურებელთან უფრო ძლიერად შეუძლია თვალს, ჟესტს, შეფასებას. სულაც არ მგონია ამ სპექტაკლის თამაში ადვილი, არის რამდენიმე ეპიზოდი, რომლის თამაშიც რთულიცაა და მიმძიმს, რადგან გავდივარ ბეწვის ხიდს, სულ ზღვარზე სიარული მიწევს, მსახიობმა არ უნდა შეაწუხო მაყურებელი ზედმეტი ემოციით. ამ სპექტაკლის რეპეტიციებზე მისვლა სულ მიხაროდა და ისეთი განცდა მქონდა, რომ რიგითი რეპეტიცია, თითქოს პრემიერა იყო, ამაღლებული განწყობით მივდიოდი, მომზადებული, გახარებული, რადგანაც იყო მოლოდინი, რომ რაღაც ახალი ხდებოდა, პირველ რიგში ვაკეთებდი აღმოჩენას, ვინაიდან ჩემში სხვანაირი თეატრალური სამყარო დაიბადა. არ ვიცი, თავად ჭოლა რამდენად კმაყოფილია, მაგრამ მე ბედნირების მეცხრე ცაზე ვარ, რომ მომიწია ამ სპექტაკლში თამაში. რეჟისორმა მოახერხა შეეკრა გუნდი, რომლის წევრებს უხაროდათ ერთმანეთის ნახვა და ურთიერთობა. ეს კი ყველას არ შეუძლია.

Related image

 

სპექტაკლით „BEGALUT–უცხოობაში“ მარჯანიშვილის თეატრი თელ–ავივში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. მარჯანიშვილელთა წარმოდგენა კამერის თეატრში გაიმართა და მას უამრავი კრიტიკოსი დაესწრო.
ლევან წულაძე: ისრაელში ძალიან კარგად მიიღეს. გამიკვირდა. როგორც წესი, ძნელია თავი მოაწონო იმათ, ვისზეც თამაშობ. ეს იმას ჰგავს, როცა ქართველებს თამაშობენ სცენაზე უცხოელები შეცდომებით და არასწორი აქცენტებით. ამ ფაქტორის მეშინოდა და მოხდა პირიქით, მათ ეროვნულ პრობლემებზე სწორი აქცენტები დაიჭირეს და სპექტაკლი კარგადაც მიიღეს…

სპექტაკლი დღემდე რჩება მარჯანიშვილის თეატრის აქტიურ რეპერტუარში… ის მაყურებელმა შეიყვარა და ამ სიყვარულს მსახიობებიც გრძნობენ, ალბათ ამიტომაცაა, რომ სპექტაკლი არ ბერდება და კიდევ უფრო მეტ მაყურებელს ანიჭებს სიამოვნებას. თეატრიდან გამოსულ მაყურებელს ალბათ მუდმივად ემახსოვრება სპექტაკლის რამდენიმე ეპიზოდი და ნეკა სებისკვერაძის მიერ შესრულებული ებრაული იავნანას მელოდიაც აეკვიატება. ამ ემოციური სანახაობის ავტორები კი სხვა განწყობით და იგივე შემართებით ახალ პროექტებზე აგრძელებენ მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი