არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ქართველი არქიტექტორი და ილუსტრატორი ამერიკაში – ინტერვიუ რუსო მარგიშვილთან

რუსო მარგიშვილი ქართველი არქიტექტორი და ვიზუალური ხელოვანია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ის ძირითადი პროფესიის გარდა, მხატვრობითაცაა დაკავებული და საკმაოდ ორიგინალურ ილუსტრაციებსაც ქმნის.

რუსოს ცოტა ხნის წინ ”არტნიუსი” ესაუბრა. ხელოვანს საკუთარი შემოქმედების გარდა, ქართული არქიტექტურის ზოგად მდგომარეობაზეც ვკითხეთ. როგორია პროფესიონალის აზრი და რაში ხედავს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს – განვლილი ეტაპების, ხედვების და ნამუშევრების შესახებ რუსო თავად მოგიყვებათ…

– როდის დაიწყო თქვენი დაინტერესება მხატვრობით, არქიტექტურისადმი? იქონია თუ არა გავლენა ოჯახურმა ტრადიციებმა და ვინ იყო თქვენი “პირველი მასწავლებელი”?

– ოჯახურმა ფონმა დიდი გავლენა იქონია. ორი თაობის არქიტექტორებში გავიზარდე. სახლში თითქმის ყველა კედელი ნახატებით იყო სავსე და ყოველთვის შემოქმედებითი გარემო გვქონდა. არქიტექტორ ბაბუასთან ბავშვობაში ბევრ დროს ვატარებდი; ერთხელ თავის საპროექტოში წამიყვანა და დიდი ურბანული მაკეტები მანახა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სახლში ძველი ნახაზები მოჰქონდა ხოლმე, რომ უკანა, ცარიელი მხარე სახატავად გამოგვეყენებინა. მე კიდევ მისი ნახაზების გეგმებში მიყვარდა ხატვა. ბაბუს თაობის არქიტექტორების გრაფიკა დღემდე ძალიან მიმზიდველია ჩემთვის.

სახლში მშობლებიც აქტიურად ზრუნავდნენ ჩემს დასაინტერესებლად და ზოგადი განათლების გასავითარებლად. ბავშვობაში მხატვრობა მინდოდა, მაგრამ მოგვიანებით, სხვადასხვა პრაგმატული მიზეზის გამო, არქიტექტორობა გადავწყვიტე. ხატვის უფრო სერიოზულად სწავლა არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად დავიწყე და წილად მხვდა დიდი ბედნიერება, რომ მოქანდაკე მარინა ივანიშვილთან მევლო სახატავად. მარინა ძალიან საინტერესოდ მოაზროვნე ინდივიდია, შეიძლება ითქვას, რომ ანარქისტული განწყობითაც. ხატვისა და ძერწვის გარდა, ბევრი რამე მასწავლა. საკუთარი გრაფიკული სტილი ნელ-ნელა არქიტექტურის სკოლაში ჩამომიყალიბდა.Image may contain: 1 person, smiling, standing and outdoor

 

 

      როგორ მოხვდით ამერიკაში?მოგვიყევით თქვენი გავლილი გზის შესახებ.

– ამერიკაში არქიტექტურის სწავლის გასაგრძელებლად მოვხვდი. ჯერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლიტვაში გადავედი, იქ ავიღე ბაკალავრის ხარისხი. ევროპული გამოცდილების მერე გადავწყვიტე, რომ მაგისტრატურას სხვა კუთხით მივდგომოდი და ჩიკაგოში ილინოის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ჩავაბარე. ორი წელი იქ გავატარე. ამ დროს მივხვდი, რომ ჩიკაგოს კორპორატიული ესთეტიკა საჩემო არ იყო. როგორც კი დავამთავრე სწავლა, ბარგი ჩავალაგე და ნიუ-იორკში გადავედი. სამუშაო უფლების მიღებას ველოდებოდი და ამიტომ ჯერ სამსახური არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ჩემი საუკეთესო არქიტექტურული ფირმა “Steven Holl Architects” ნიუ-იორკშია და რატომღაც იმედი მქონდა, მათ ყურადღებას მივიპყრობდი. აქ ჩამოსვლიდან ორ კვირაში ილექტრონული ფოსტა მივიღე სტუდიის მთავარი პარტნიორი კრის მაქვოისგან – ის და მისი მეუღლე ბეთი სულ ახლახან დაწყებული სახელოსნოსთვის ინტერნს ეძებდნენ და გასაუბრებაზე დამიბარა. სტივენ ჰოლის ჩემთვის ფავორიტული პროექტების თავში სულ კრისი იდგა და ამ შეტყობინების მიღება, ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორ გამახარებდა. გასაუბრების დღესვე ამიყვანეს სამსახურში.

– სად მოღვაწობთ ამჟამად?

– ამჟამად, ისევ ნიუ-იოკრში ვარ, ისევ იგივე ფირმაში, O’Neill McVoy Architects. ოფისში სულ ოთხნი ვართ და ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ. პროექტებს სოციალური დატვირთვა დიდი აქვთ, მაგრამ კარგი კლიენტები გვყავს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ექსპერიმენტები ვატაროთ, როგორც კონცეპტუალური და სივრცობრივი, ასევე ტექნოლოგიური. ოფისის ზომის გამო პროექტებში მაქსიმალურად ვერთვები და მაქვს საშუალება კონცეფციიდან მშენებლობის დასრულებამდე აქტიური როლი ვითამაშო.

– მხატვრობაზეც მოგვიყევით.თქვენი ილუსტრაციების გმირები ორიგინალური სტილით გამოირჩევიან. როგორ იქმნებიან ეს პერსონაჟები ან როდის დაიბადნენ ისინი პირველად? აქვთ თუ არა სახელები და როგორ არჩევთ ამ სახელებს?Image may contain: 1 person

ნიუ-იოკრში პირველი ზამთარი ძალიან გამიჭირდა. მეგობრების უმეტესობა ჩიკაგოში დავტოვე და ამ ქალაქში ნაცნობების სიმწირესთან და უამინდობაში დაკარგულ ენთუზიაზმთან საბრძოლველად ხატვა დავიწყე. პირველი ნახატების დიდი ნაწილი ძველი მოგონებების, ახალი ნაცნობების გაცნობისას შეძენილი შთაბეჭდილებების და აზრების ილუსტრაციაა. ხშირ შემთხვევაში ნახატები ავტობიოგრაფიულია და ყველა პერსონაჟის უკან ნამდვილი ადამიანი ან ისტორიაა. ადრე პერსონაჟებს სახელებს ვარქმევდი, ახლა აღარ ვხედავ ამის საჭიროებას. ხატვა ისტორიების დამახსოვრებასა და შენახვაში მიწყობს ხელს, თუმცა ვცდილობ, რომ ნამდვილი მოგონებები არ “დავაბინძურო” მათი არასწორად წარმოსახვით. ამიტომ, რადიკალურად განსხვავებულ სახეს ვაძლევ, უფრო წარმოსახვითს ან ზღაპრულს.

– თქვენი ნახატები სიზმარში ნანახ არარეალურ სამყაროს ჰგავს, რომელიც ოცნებებით და ქვეცნობიერში ღრმად დალექილი ემოციებით, გრძნობებით არის გაჯერებული. დაგიხატავთ სიზმარში ნანახის მიხედვით?

– სიზმრები ჩემთვის შთაგონების დიდ წყაროს წარმოადგენენ. პირველად სიზმრების ხატვა ჩიკაგოში არქიტექტურის კოლეჯში დავიწყე, როდესაც ძილის კვლევითი ინსტიტუტის პროექტზე ვმუშაობდი. კონცეფციამდე ძილის სხვადასხვა დარღვევა შევისწავლეთ მთვარეულობიდან ძილის პარალიზამდე. მერე ერთ-ერთ დავალებად სიზმრების ილუსტრირება და მაკეტების კეთება მომიწია, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო იყო – ჩემს სიზმრებს ხშირ შემთხვევაში მატერიალური მხარე არ აქვს. შესაბამისად მათთვის ფიზიკური დამახასიათებლების მინიჭება საკმაოდ რთული იყო – ფორმა, პროპორციები, მასალა… ბევრი რამე მასწავლა. სიზმრების ხატვა დღემდე ძალიან მიყვარს და ალბათ ეს სიზმრისეული მხარე სხვა ნახატებზეც გადმოდის.

– გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვთ და აქვს თუ არა რომელიმეს შექმნის განსაკუთრებული ისტორია?

– კონკრეტული ნამუშევრის გამოყოფა მიჭირს, იმიტომ, რომ ნახატები ავტობიოგრაფიულია და ჩემი ცხოვრების კონკრეტულ მომენტს უკავშირდება. ჩემთვის ის უფრო საინტერესოა, როდესაც მოულოდნელად სხვისგან მესმის როგორი პირადი იყო მათთვის ჩემი რომელიმე ნამუშევარი, რომელიც ჩემთვის ძალიან ინტიმური მომენტისგან მოდის.

– აქვს თუ არა ილუსტრაციებს კომერციული მხარე? შეკვეთები თუ მიგიღიათ ?

– კომერციული დაინტერესება საქართველოდან ბევრი მიმიღია, მაგრამ დისტანციის გამო ხშირად შესრულება ჭირს. აქ დიდად კომერციისთვის არ მიზრუნია, რადგან ჩემი დრო, ძირითადად, არქიტექტურას მიაქვს. თუმცა მიმიღია შემოთავაზება კორპორატიული პორტრეტების და ინტერიერების დასახატად და მსგავსი რამეებისთვის, რაზეც უარს ვამბობ ხოლმე.

– როგორც ვიცით, ავტობიოგრაფიულ გრაფიკულ ნოველაზე მუშაობთ, ამის შესახებ მოგვიყევით…

Image may contain: textრამდენიმე წლის წინ დედაჩემმა გრაფიკული ნოველის წერა გადაწყვიტა. დედა ძალიან კარგად წერს და უნდოდა თავი ახალი განხრით ეცადა. დაკაბადონება-თარგმნაში მე ვეხმარებოდი. სტილისტიკის კვლევის დროს იმდენ საინტერესო ნამუშევარს გადავაწყდი, რომ მეც მომინდა საკუთარი თავი მეცადა. ეს იმ ზამთარს დავიწყე, რომ მოგიყევით. იაპონური ალბომი ავიღე სახატავად – ერთი, გრძელი, დაკეცილი ფურცელია, რაც, თავისთავად, უცნაური და სამუშაოდ საინტერესო ფორმატია. თავის დროზე დასრულება ვერ მოვახერხე და ახლა თითქოს ჩემი განწყობა და ხელწერა იმდენად შეიცვალა, რომ დაბრუნება მიჭირს, თუმცა იმედს არ ვკარგავ…

– რა არის ქართული არქიტექტურის მთავარი პრობლემა? მიჰყვება თუ არა ის თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციებს?

– ქართული არქიტექტურის მთავარ პრობლემას ორ რამეში ვხედავ: განათლების ნაკლებობასა და სიხარბეში. პირველი იმიტომ, რომ პროექტები იგეგმება ისტორიული თუ კულტურული კონტექსტის, კლიმატის, მასშტაბის, ტრანსპორტის, თანამედროვე ტექნოლოგიების სრული იგნორირებით. სტილისტური პრობლემაც განათლების დეფიციტიდან მოდის – არ შეიძლება დღევანდელ დღეს ფსევდო-გოთიკური შენობა ააშენო და კიტჩი არ გამოვიდეს. ყველა შენობა საკუთარ პერიოდს უნდა წარმოადგენდეს არქიტექტურული ფილოსოფიიდან დაწყებული მასალებით და შესრულებით დამთავრებული. თუ პროგრესულიც იქნა, კიდევ უკეთესი.

გარდა არქიტექტურული განათლებისა, დეფიციტია კარგი ხელობის. მშენებლები თანამედროვე ტექნოლოგიას ვერ ეწევიან. ძველი უნარებიც ნელ-ნელა იკარგება და მშენებლობის ხარისხი ძალიან დაბალია, რაც ინოვაციას არ უწყობს ხელს.

სიხარბე იმაში გამოიხატება, რომ კოლეგები ბევრ ცუდ და არაეთიკურ გადაწყვეტილებას იღებენ ერთეულების სასიკეთოდ. რატომღაც კარგი ხედი რამდენიმე ათეულისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასეულობით მეზობლისთვის. რა პრობლემაა, თუ ერთი შენობა უამრავ მეზობელს დღის უმეტეს ნაწილს ჩრდილში და ბნელში ატარებინებს?!

საბედნიეროდ, არსებობენ გამონაკლისებიც. გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო და კულტურული სახელოსნო, რომელიც თანამედროვე ესთეტიკით და ტექნოლოგიებით სარგებლობს და ქალაქს უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.

– როგორ ფიქრობთ, რატომ კარგავს ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა ისტორიულ ხიბლს როგორ შეიძლება მისი შენარჩუნება?

– ეს კითხვა საკმაოდ კომპლექსურია და არ ვიცი, მარტივად თუ შემიძლია გიპასუხოთ. გარდა ზემოთ ხსენებული მიზეზებისა, ალბათ, ამ პრობლემასაც ორ ნაწილად გავყოფდი: პირველი – ძველ თბილისში ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ადამიანური მასშტაბი, მასალები და არქიტექტურის სხვადასხვა ეტაპისთვის დამახასიათებელი დეტალებია. სამწუხაროდ, ახალი მშენებლობა მასშტაბს არ ითვალისწინებს. ის უმეტეს შემთხვევაში სრულიად უმასშტაბო და შეუფერებელია.

მეორე პრობლემა კონსერვაციას ეხება – ძველი შენობები თვალსა და ხელს შუა იფშვნება და ამ პრობლემას ქალაქი სერიოზულად არ აღიქვამს. რაც აღდგა, რესტავრაცია-კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტების უარყოფით გაკეთდა, რაც, თავისთავად, ძველ ქალაქს ყალბ, თეატრალურ დეკორაციად უფრო აქცევს, ვიდრე ისტორიულ ფენად.Clinton Hill Courtyard House by O'Neill McVoy

თბილისი ყველა ჩამოსვლაზე სახეშეცვლილი მხვდება. ზოგი ცვლილება კარგია, ზოგი – ძალიან საწყენი. საბედნიეროდ, ბევრი ეს შემთხვევა ადვილად გამოსწორებადია – რაც ნიუ იორკმა მასწავლა, არის ის რომ სიმახინჯის ახალი შენობით ჩანაცვლება რთული არაა. რაზეც უფრო სერიოზულად უნდა ვიბრძოლოთ არის ღირებული ისტორიული შენობების და ლანდშაპტის შენარჩუნება – ამათი უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი შენობა შევიდეს ძეგლთა დაცვის რეგულაციის ქვეშ და მსგავს ტერიტორიებზე მშენებლობა გამკაცრდეს. მაგალითად, ამ ქალაქში თითქმის ყველა 100 წლიანი შენობა დაცულია და ფანჯრის გამოცვლაც კი კონტროლდება ქალაქის მიერ. სამაგიეროდ, არის უბნები, რომლებიც ზუსტად ისე გამოიყურებიან, როგორც 100 წლის წინ, რაც იქაურობას ძალიან მიმზიდველს ხდის და კულტურული ღირებულების გარდა უძრავი ქონების ფასსაც საკმაოდ ზევით წევს.

– რა არის ხელოვნება თქვენთვის, რის საშუალებას აძლევს ის ადამიანს და როგორ ფიქრობთ, რა “უპირატესობა” აქვს ადამიანს, რომელიც ხატავს?

– ხელოვნება ესთეტიკური სიამოვნების მონიჭების გარდა, ემოციური და სულიერი ზრდის საშუალებას აძლევს ადამიანს. კარგი ნამუშევარი მედიტაციასავითაა, განწყობას გიცვლის და სხვა სამყაროში მიყავხარ, სხვადასხვა საკითხზე გაფიქრებს და თითქოს ხედვის კუთხესაც გიცვლის. ხელოვნება საკუთარი პოზიციის გამოსახატავად სერიოზული იარაღია და უსიტყვო კომუნიკაციის საშუალებაა.

ხატვა ხელოვნების სხვა ფორმის მსგავსად, თვითგამოხატულების იარაღია. მე მჯერა, რომ რაღაც დონის ხატვა ნებისმიერს შეუძლია და თვითგამოხატულების ის “უპირატესობა”, რასაც ხატვა იძლევა, ნებისმიერ ადამიანს აქვს. პირადად ჩემთვის, ხატვის პროცესი მედიტაციურია – ჩემი ნახატები ავტობიოგრაფიულია, ამიტომ ჩემს პოზიციაზე მაფიქრებს და აზრების დაკონკრეტებას და ფორმის მიცემას მასწავლის. სხვას იგივეს მიღწევა სხვა მედიით შეუძლია.

– როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო?

– არქიტექტურული სამუშაო გარემო მსგავსად მოაზროვნე ადამიანებისგან შედგება, სადაც ვერტიკალური იერარქია არ არსებობს და პროფესიულ ეთიკას ყველა იზიარებს. გარემო შემოქმედებითია და იძლევა დისკუსიების და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას. სივრცე არ უნდა იყოს სტერილური – შემოქმედებითი არეულობა, სხვადასხვა მედიაში და მასალაში მაკეტების და ნახატების/ნახაზების შექმნა არქიტექტურის ორგანული ნაწილი უნდა იყოს.

რაც შეეხება სახატავ გარემოს, ხატვა მარტოობაში მირჩევნია. მიყვარს, როცა ოთახში ბევრი შუქი შემოდის, სიმშვიდეა და მუსიკის ქვეშ ვხატავ ხოლმე. სამწუხაროდ, ჩემი მთავარი პროფესიის გამო ხატვა უფრო ღამე, სამსახურის მერე მიწევს.

– როგორ ფიქრობთ, არის შესაძლებელი თქვენი პროფესიის წარმომადგენლისთვის საქართველოში შესაბამისი განათლების მიღება და განვითარება, თუ აუცილებელია საქართველოდან წასვლა? Bronx Children’s Museum breaks ground. (Courtesy O'Neill McVoy Architects)

– საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოში საკმარისი განათლების მიღება თითქმის წარმოუდგენელი მგონია – რესურსები ძალიან შეზღუდულია და თვითონ სტუდენტი უნდა იყოს ძალიან მონდომებული, რომ უნივერსიტეტის გარეთ ეძებოს განათლება და ინტერესი დაიკმაყოფილოს. საქართველოში მე 2005-2007 წლებში ვსწავლობდი და იმედი მაქვს მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ჩემს დროს, მაგალითად, ლექტორი ჯფუგელს სამკუთხა ფანჯრის დიზაინის უფლებას არ აძლევდა, შუშას ვინ მოგიჭრის მაგ ფორმაზეო. ლიტვაში რომ წავედი, ლექტორების ნაწილი ამიმხედრდა და პირად შეურაცხყოფად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება. წახალისების ნაცვლად ბევრი უსიამოვნო კომენტარი და შელაპარაკება მოყვა.

არქიტექტურის სკოლები სერიოზულ რეფორმას საჭიროებენ, რადგან პროგრამის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემას ეყრდნობა. არ არსებობს კონცეპტუალური აზროვნება და მომიჯნავე დარგების გაცნობის საშუალება. ტექნიკური მხარე ძალიან სუსტია. დღეს, როდესაც განვითარებული სამყარო მშენებლობაში რობოტებს რთავს, არ შეიძლება არ გყავდეს კადრი, რომელიც მსგავს წინსვლებს იცნობს.

გარდა ამისა, უნივერსიტეტებში სტუდენტს და ლექტორს შორის იერარქიას სულ ხაზი ესმევა, რაც ხელს უშლის თავისუფალ დისკუსიას. ლექტორების მეგობრულმა დამოკიდებულებამ მე ძალიან შემიწყო ხელი რომ ჩემი უცოდინრობის არ შემრცხვენოდა, კითხვები დამესვა, და საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც მეთხოვა, როგორც უმცროსი არქიტექტორი უფროს და გამოცდილ კოლეგას. ეს აუცილებელია ჯანმრთელი გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

– სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით… საქართველოში აპირებთ დაბრუნებას?

– ჩემმა ოფისმა ეხლახანს სამუშაო ვიზა კიდევ სამი წლით გამიგრძელა და ამ პერიოდის დაყოფას აქ ვაპირებ. მერე უცნობია. თუმცა ვიცი, რომ საქართველოში დაბრუნება ჩემი კარიერისთვის ჯერ-ჯერობით საზიანო იქნება. აქ “ამერიკული ოცნება” ავიხდინე. საშუალება მომეცა, რომ საყვარელ არქიტექტორებთან ვიმუშავო და ყოველ დღე ინდუსტრიის წამყვან ინჟინრებთან მქონდეს საქმე. ქართული ბაზარი ძალიან პატარაა და პროექტების მრავალფეროვნება შეზღუდულია. საინტერესო პროექტები სხვა კრიტერიუმებით გადაეცემა არქიტექტორს და შესაბამისად, თავის დამკვიდრება რთულია. ამერიკამ თვითრეალიზაციის ბევრი საშუალება მომცა. ეხლა ჩემს ნახატებში დაინტერესებაც გაიზარდა როგორც კერძო პირებისგან, ასევე გამომცემლობებისგან… თქვენ დაბრუნდებოდით?

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი