ბლოგი ვიზუალური ხელოვნება

ახალი ბლოგერი ნიკოლოზ ნადირაშვილი: “მეც ვტკბები აბსურდულობით”

შევეცდები, გითხრათ ვინ ვარ და რა მინდა თქვენგან.

როდესაც მეკითხებიან რას ვსაქმიანობ და რა არის ჩემი პროფესია, სულ ვიბნევი. ეს იმის ბრალიც არის, რომ ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით დავამთავრე. ბოლო კურსზე მივხვდი, რომ საკუთარი თავის რეალიზება გამიჭირდებოდა ციფრებში… ვერ დავკმაყოფილდებოდი, თუნდაც იმით, რომ ვყოფილიყავი რომელიმე ბანკის CEO.

იმავე პერიოდში დავრწმუნდი, რომ საკუთარი საქმე ესთეტიკისთვის უნდა დამეკავშირებინა. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების თეორიის სამაგისტრო კურსზე და ბოლოს თავი ჰოლანდიაშიც ამოვყავი, კულტურის პოლიტიკის და მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამაზე.
მოკლედ, დღეს კულტურშიკი ვარ, ცოტა, ალბათ კულტურის მენეჯმენტზეც მომეკითხება და კიდევ უფრო ცოტა, თანამედროვე ხელოვნების კრიტიკაზე.

ამ ბლოგის ფარგლებში ვისურვებდი, რომ ჩემი მკითხველი, პირველ რიგში ფართო საზოგადოება იყოს… ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც მაღალი ხელოვნება სულ უფრო და უფრო უმნიშვნელო როლს ასრულებს… რომელთაც “თანამედროვე ხელოვნების” კარი ისევ მხატვრებმა, კურატორება და ხელოვნებათმცოდნეება გამოუხურეს.
მაგრამ მეც მათ რიცხვში შევდივარ. მეც ვტკბები აბსურდულობით, რადგან “It’s a lot less painful. And believe me, our world is a lot less painful than the real world.”

კომენტარები

კომენტარი