არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

ბაკურიანის ”დაკარგული სამოთხე”

ბაკურიანის პირველი მოსახლეები უკრაინელები იყვნენ. 1816 წელს აქ უკრაინელების 80-მდე ოჯახი დასახლდა და დაბამ განვითარება დაიწყო, თუმცა ამ ტერიტორიის, როგორც სათხილამურო ცენტრის, დაბადების თარიღად 1935 წელი ითვლება. 

ამ წლის დასაწყისში აქ უკვე ხალხმრავლობა იყო. ჩამოვიდნენ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ ინსტიტუტის სათხილამურო სექციაში და უკვე 6 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სამთო-სათხილამურო სკოლა და ფიზკულტურის სახლი.

ეს მოვლენა იმდროინდელმა პრესამ ვრცლად გააშუქა. ამავე წელს ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის ნაკრებიც. იმ პერიოდის საბჭოთა პრესაში ბაკურიანს „საბჭოთა სათხილამურო სპორტის დედაქალაქი” და „საბჭოთა დავოსი“ უწოდეს. 1950 წელს აშენდა ჯერ 45, ხოლო შემდეგ – 75 მეტრიანი ტრამპლინი, რამაც უფრო მოიზიდა სათხილამურო სპორტის მოყვარულები. 1954 წელს ბაკურიანში დაიდგა საბჭოთა კავშირში პირველი საბუქსირო გზა. 1960 წელს დასრულდა ბაკურიანის ელექტრიფიცირება.

2005 წელს ეს კურორტი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატადაც კი იყო წარდგენილი.

დაბა ბაკურიანი ხალხმრავლობით ყოველთვის გამოირჩეოდა. კურორტს მუდმივად სტუმრობენ ქართველი და უცხოელი დამსვენებლები, თუმცა ცოტა თუ ინტერესდება მთაზე შემორჩენილი ტრამპლინების უძველესი კვალით. ეს ტრასები დღეს უფუნქციოა. მეტიც დიდთოვლობის პერიოდში დაინტერესებულთათვის მათთან მიახლოებაც კი საკმაოდ რთულია, თუმცა დღესაც არსებობს მათი ნარჩენები, რკინის დიდი კონტრუქციები, რომელთან მისვლაც ”არტნიუსის” ჟურნალისტმა და ფოტორეპორტიორმა ბექა ბუხნიკაშვილმა სცადა.

ბაკურიანის ”დაკარგული სამოთხე” – მიტოვებული ადგილი, რომლის სიახლოვეს თოვლში ფეხის და მითუფრო, თხილამურის კვალი იშვიათად გვხვდება.

კომენტარები

კომენტარი