კულტურა ლიტერატურა

არჩილ ქიქოძე: ”მაღალმთიან რეგიონებში დამანგრეველი გზები შენდება”

ინტერნეტ სივრცეში ცოტა ხნის წინ გავრცელდა სპეციალური პეტიცია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დასაცავად, რომლის ავტორი ცნობილი ქართველი მწერალი და ფოტოგრაფი არჩილ ქიქოძეა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა  გეგმავს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას, რომლის მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებსა და ალპურ ველებს. მწერალი ამბობს, რომ გარდაუვალია პირველყოფილი ლანდშაფტების, ეკოსისტემების, ენდემური, რელიქტური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დეგრადაცია და კატასტროფული სტიქიური მოვლენების, როგორიცაა მეწყერები, ღვარცოფები, ხანძრების ზრდა.

”თავიდანვე რომ ნათელი იყოს, უნდა ვთქვათ: ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი არსებული გზების გონივრული და მდგრადი განვითარებისა, რომლებიც აკავშირებს ჩამოთვლილ სოფლებს ერთმანეთთან და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დაზიანებული გზების შეკეთებას. რასაც ვაპროტესტებთ, ეს არის ახალი და სრულიად უსარგებლო გზების მშენებლობა, რისი მიზეზებიც ჩამოთვლილია პეტიციაში.” – წერს ქიქოძე.

გთავაზობთ პეტიციის ტექსტს:

”საქართველოს მთავრობა (საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) გეგმავს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას. პროექტის, „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა“, მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებსა და ალპურ ველებს. ამის გამო, გარდაუვალია პირველყოფილი ლანდშაფტების, ეკოსისტემების, ენდემური, რელიქტური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დეგრადაცია და კატასტროფული სტიქიური მოვლენების, როგორიცაა მეწყერები, ღვარცოფები, ხანძრების ზრდა.

პროექტის განმახორციელებლები არც კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას ერიდებიან და საავტომობილო გზის მშენებლობას ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებსა და დაგეგმილ „ზურმუხტის ქსელის საიტებზე“ გეგმავენ.

პროექტი  მძიმე დარტყმას მიაყენებს საწყის ეტაპზე მყოფ სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმს, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურიზმს, სამთო ველო-ტურიზმს, ვეღარ განვითარდება ზამთრის სკი-ტურინგის მარშრუტები, თავშესაფარი ქოხები, სამთო ბანაკები და ა.შ. დანიშნულებას და იერს დაკარგავს სამთო-საბანაკე და ბუნების ღირშესანიშნავი ადგილები: ჭაუხი, აბუდელაურის ტბები, ტურისტული სამთო ბილიკები, უღელტეხილები, მთის მდინარეები და სხვ.   სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების და დაცლისაგან გადარჩენის ერთადერთი საშუალებას წარმოადგენს. მოსახლეობა ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს ბილიკების მარშრუტებით (ტურისტებს ბევრჯერ მოუწევთ გაჩერება მარშრუტზე), ვიდრე საავტომობილო გზაზე გადაადგილებული  ტურისტებისგან.

დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.  გზის მოვლა ძალზე დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რესურსები ისეთ მნიშველოვან და გადაუდებელ საჭიროებებს მოაკლდება, როგორიცაა პენსიები, მასწავლებლების ხელფასები და მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება. ჩვენ, ასევე, გვაღელვებს შესაძლო ან არსებული ინტერესთა კონფლიქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და გზის პროექტის დაგეგმვისთვის დაქირავებულ კომპანიებს  შორის.

ხაზი უნდა გაესვას, რომ პროექტი გადაკვეთს ტერიტორიებს, რომლებსაც სხვადასხვა თემი ტრადიციულად ფლობდა და იყენებდა. საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს ტრადიციულ და სათემო საკუთრებას და სახელმწიფო ამ ტერიტორიებს განიხილავს, როგორც სახელმწიფო საკუთრებას. შედეგად, გარდაუვალია კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. კონფლიქტის მონაწილე გახდება მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც ამ ეტაპზე ლოიალურადაა განწყობილი საავტომობილო გზის მშენებლობის მიმართ, დროებითი დასაქმების ან სოფლებთან მისასვლელის გაუმჯობესების პერსპექტივის გამო.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებს, ამავე დროს, შევინარჩუნოთ ბუნება, დაცული ტერიტორიები და ეკო-ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები, დაგეგმილი პროექტის საუკეთესო ალტერნატივა იქნება კავკასიონის ხეობებში არსებული ჩრდილო-სამხრეთის დამაკავშირებელი გზების შეკეთება. ამასთან, აუცილებელია ამ სამუშაოების შეთავსება მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების გეგმებთან, რაც უზრუნველყოფს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის დაბრუნებას,  ტრადიციული ყოფისა და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს დამანგრეველი პროექტი. მოვითხოვთ, რომ ორჰუსის კონვენციის შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი გახდეს არა პროექტის ცალკეული ნაწილები, არამედ მთელი პროექტი (სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის რეკონსტრუქციისა და მშენებელობის პროექტი) – როგორც სტრატეგიული გეგმა. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს არა ძველი, 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმების, არამედ „გარემოსდაცვითი შეფასების  კოდექსის“ შესაბამისად, რომელიც მომზადდა ევროკავშირის დირექტივების მიხედვით და ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.”-ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე მოცემულია ბმული, სადაც სურვილის შემთხვევაში პეტიციაზე ხელისმოწერაა შესაძლებელი.

 

კომენტარები

კომენტარი