კულტურა

ინტერვიუ ანა ფირცხალავასთან: “ჩემი არჩევით ორგანიზაციამ დაუშვა პრეცენდენტი, რომ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, შესაძლებელია ამდენის მიღწევა”

2018 წლის 16-17 თებერვალს მონტენეგროში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო კავშირის კონგრესზე ახალგაზრდა სოციალისტების წარმომადგენელი ანა ფირცხალავა მსოფლიო ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო კავშირის “IUSY” გენერალურ მდივნად აირჩიეს.

ანა არის პირველი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან და საქართველოდან, ვინც ეს საპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავა, ორგანიზაციის 110 წლიან ისტორიაში. გამომდინარე აქედან, “არტნიუსმა” გადაწყვიტა, ჩაეწერა ინტერვიუ უკვე “IUSY–ის” გენერალურ მდივანთან:

– მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ ხართ და რას საქმიანობთ? 

ანა ფირცხალავა, დავიბადე თბილისში, ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოგვიანებით, მაგისტრატურაზე სწავლა გავაგრძელე ესპანეთში, ბასკეთის უნივერსიტეტში, ფემინიზმის და გენდერის კვლევებზე.

 – თქვენ მსოფლიო ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო კავშირის „IUSY–ს“ გენერალურ მდივნად აგირჩიეს. საიდან დაიწყო ყველაფერი და რა/ვინ დაგეხმარათ აქამდე მისვლაში?

“IUSY” არის მსოფლიოს ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების, სოციალისტების და ლეიბორისტების ქოლგა ორგანიზაცია, რომელშიც 2012 წლიდან წარმოვადგენდი საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებს. 2012-2015 წლებში ვიყავი ამ ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების კოორდინატორი და ფემინიზმის სამუშაო ჯგუფის კურატორი. ეს იყო გრძელი და საინტერესო გზა, იყო ბევრი დაბრკოლება, რომლებიც ორგანიზაციაში ჩემს გუნდთან ერთად გადავლახე. ამაში, პირველ რიგში, დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებს, რომლებმაც წარმადგინეს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე და ამის შემდეგ უკვე ყველა ჩემს მხარდამჭერ ორგანიზაციას ევროპის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა შვედეთი, ნორვეგია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია. ამ პოზიციაზე IUSY-ს წევრმა თითქმის ყველა ორგანიზაციამ (დაახლეობით, 140 ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით) მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას.

– რამდენად მნიშველოვანია თქვენი ტრიუმფი საქართველოსთვის და რას მოუტანს ეს მას?

IUSY- ის 110 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ხდება, როდესაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი არამარტო საქართველოდან, არამედ აღმოსავლეთ ევროპიდან ჰყავს. ამ თანამდებობას, წლების განმავლობაში, იკავებდნენ გერმანელები, შვედები, იტალიელები, თუმცა არასოდეს ყოფილა იქ გენერალური მდივანი საქართველოდან. ჩემი არჩევით ორგანიზაციამ დაუშვა პრეცენდენტი, რომ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, შესაძლებელია ამდენის მიღწევა, რომ ჩვენნაირი ქვეყნების წარმომადგენლებსაც აქვთ მსგავს მაღალ თანამდებობაზე გასვლის შანსი, ამ არჩევნებით ფაქტობრივად, ამის შესაძლებლობა დავამკვიდრეთ.

– რამდენად საპასუხისმგებლო სტატუსია და რა წინაღობებს შეიძლება გადააწყდეთ?

“იუსის” გენერალური მდივანი არის ადამიანი, რომელიც უძღვება ორგანიზაციის საქმიანობას, ფინანსებს, პროექტებს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პრივილეგია წარმოვადგენდე მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძველი ორგანიზაციის ახალგაზრდებს მსოფლიოს მასშტაბით.
წინაღობად შეიძლება ჩაითვალოს მემარჯვენე პოპულისტური პარტიების და ორგანიზაციების  გაძლიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სოციალ-დემოკრატიის კრიზისი (განსაკუთრებით ევროპაში) და ის გამოწვევები, რომელებიც ამ საკითხებთან გასამკლავებლად უნდა დავძლიოთ.

– ვფიქრობ, რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება თქვენ მიერ დანახული პრობლემები საქართველოში. რა არის ამ პრობლემების საფუძველი და არსებობს თუ არა საერთოდ, ქვეყანაში ერთი მთავარი პრობლემა?

ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა სიღარიბეა, რომელსაც ბევრი შრე გააჩნია და რომელიც ინტერსექციურად ებმის ყველა სხვა მნიშვნელოვან პრობლემას. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი.

– რა უნდა იყოს ღირსეული სახელმწიფოს ფუნქცია?

ღირსეულმა სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანების კეთილდღეობა, ღირსეული ცხოვრება და არსებობა, ყველა დონეზე. ადამიანი უნდა იყოს სახელწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქედან უნდა გამოვიდეს მისი პოლიტიკაც/ებიც.

– რამდენად უკავშირდება თქვენი მომავალი საქართველოს?

ძალიან მინდა ის გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ავსტრიაში, IUSY-ის ოფისში და ევროპის სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციასთან ურთიერთობაში შევიძენ, მომავალში საქართველოში გამოვიყენო, მაგრამ მიმაჩნია, რომ თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის, თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა სცდება ეროვნულ საზღვრებს.

კომენტარები

კომენტარი