ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ვიქტორ ეროფეევი მიიღებს მონაწილეობას

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე რუსი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ვიქტორ ეროფეევი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. იგი წელს მეოთხედ გაიმართება.

ვიქტორ ეროფეევი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსია. იგი დაიბადა მოსკოვში 1947 წელს. მიღებული აქვს ნაბოკოვის პრემია (1992 წ). 2006 წელს გახდა „ხელოვნებისა და სიტყვის ფრანგული ორდენის“, ხოლო 2013 წელს – საფრანგეთის „ღირსების ორდენის“ წევრი. ვიქტორ ეროფეევის რედაქტორობით გამოიცა უმნიშვნელოვანესი ნარკვევი რუსული ლიტერატურის შესახებ „The Penguin Book of New Russian Writing“. იგი ასევე არის ავტორი წიგნებისა „რუსული სილამაზე“, „რუსული სულის ენციკლოპედია“, „ცხოვრება იდიოტთან“, „კარგი სტალინი“ და სხვა. წლების განმავლობაში ლიტერატურულ არხ “კულტურაზე” მიჰყავდა გადაცემა “აპოკრიფი”. მარტის ბოლოს გამომცემლობა “ინტელექტი” გამოსცემს მის რომანს “კარგი სტალინი”.

კომენტარები

კომენტარი