კულტურა

„უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება.

როგორც „არტნიუსს“  კულტურის სამინისტროდან აცნობეს, გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მოქანადაკე თემურ ჭყონიამ მისივე სიცოცხლეში შექმნა მსახიობის სკულპტურული პორტრეტი, რომელიც თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში ჩამოისხა.

„18 მაისს, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღისთვის, ბიუსტის გახსნასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება გივი ბერიკაშვილის ფოტოები“, – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო სოხუმის თეატრში, შემდეგ იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, შემდეგ რუსთავის თეატრის დამაარსებელთა შორის გახლდათ, სხვა მის კოლეგა-თანამოაზრეებთან ერთად გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ხოლო 1976 წლიდან დღემდე კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

მარჯანიშვილის თეატრის წინ 2008 წელს გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი“.

იგი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოს „ხელოვნების ქურუმი“ მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი