ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

მაიკო ძირკველიშვილი: “სად ხედავენ “ჟანრის დისკრიმინაციას” ის ადამიანები, რომლებმაც ეს საყვედური გამოთქვეს, გაუგებარია.”

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბა” და წიგნების მიღება გამოაცხადა. ქართული ლიტერატურული საზოგადოება საკმაოდ საინტერესო სიახლეების წინაშე აღმოჩნდა. ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.

2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პროზაული კრებული
  3. საუკეთესო პოეტური კრებული
  4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ქართული თარგმანი
  7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
  8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა
  9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა
  10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.

როგორც შეამჩნევდით, წელს პრემია არ გაიცემა “საუკეთესო პიესისა” და “კრიტიკის” ნომინაციაში. ლიტერატურულ საზოგადოებაში ამას ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა და ნანა ტრაპაიძემ ფაქტს ჟანრის დისკრიმინაცია უწოდეს.

“არტნიუსი” დაუკავშირდა  TBC ბანკის წარმომადგენელს მაიკო ძირკველიშვილს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ჩემი აზრით, არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ “პიესა და კრიტიკა ნომინაციებიდან ამოიღო საბამ და ეს არის საბას მხრიდან ამ ჟანრების დისკრიმინაცია”. რეალურად, “საბა” ერთადერთი ლიტერატურული პრემიაა, რომელიც 15 წელია ამ ჟანრების სტიმულირებას და წახალისხებას ემსახურება და ყოველწლიურად აწესებს ჯილდოს საუკეთესო კრიტიკისთვის და პიესისთვის, რომლებიც, რამდენადაც ვიცი, საქართველოში არც ერთი სხვა პრემიის მიერ არ აღინიშნება და არ წახალისდება. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ამ ჟანრში მოღვაწე ლიტერატორები, მათ შორის ისინიც, ვინც თავადვე პრემირებულნი არიან ამ ნომინაციაში, ასე ზედაპირულ შეფასებებს არ აკეთებდნენ და საბას დამოკიდებულება პიესისა თუ ლიტერატურული კრიტიკის ხელშეწყობის მიმართ ბოლო 1 თვის მიხედვით კი არა, ბოლო 15 წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს მიხედვით შეაფასონ.

რაც შეეხება საბას წლევანდელ გადაწყვეტილებას, წელს ეს ორი ნომინაცია კი არ გაუქმდა, არამედ მათი გაცემა გადავადდა მომავალი წლისთვის. ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს გამოცემული პიესები და კრიტიკა შეფასდება გაისად. შესაბამისად, სად ხედავენ “ჟანრის დისკრიმინაციას” ის ადამიანები, რომლებმაც ეს საყვედური გამოთქვეს, გაუგებარია. ალბათ, სრულად არ არიან ინფორმირებულები წლევანდელი ამ ცვლილების თაობაზე და ამიტომ გააკეთეს არასწორი დასკვნა.”

კითხვაზე თუ რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, მაიკო ძირკველიშვილმა გვიპასუხა, რომ ეს ფრანკფურტის ნიუანსებს უკავშირდებოდა:

“ფრანკფურტის პროგრამის ფარგლებში “საბას” ცერემონიის გადატანასთან დაკავშირებით
მოხდა გარკვეული ცვლილებები: დაემატა 2 ახალი ნომინაცია, რომელშიც მონაწილეები იქნებიან უცხოელი ლიტერატორები და გამომცემლები”

კომენტარები

კომენტარი