შემოქმედებითი ინდუსტრიები

მაქსიმალური ბუნებრიობა და ნაკლები ვოლიერები – თბილისის ახალი ზოოპარკი ბინადრების მიღებას იწყებს

თბილისის ახალი  ზოოლოგიური პარკისთვის  დათვები და მგლები ჩამოჰყავთ.  ისინი ახალ ზოოპარკში ბინას დაახლოებით 2 კვირაში დაიდებენ. ახალი ზოოპარკისა და მისი ბინადრების მონახულებას ვიზიტორები ზაფხულში შეძლებენ. ივლისში ახალ ზოოპარკს ირმები და ნიამორები შეემატება.

„მათ დასახვედრად 2 წელი ემზადებოდნენ. სპეციალურად მათთვის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით აშენდა კომბინირებული ვოლიერი მსოფლიოს ზოოპარკების ახალი კონცეფციის შესაბამისად, რომელიც ზოოპარკის ბუნებასთან მაქსიმალურად დაახლოებას გულისხმობს და ეს საშუალებას აძლევს ვიზიტორებს რეალურად აღიქვან ის რაც ბუნებაში ხდება. ვოლიერი 11 ათას მ2 ფართობზეა გაშენებული და დაახლოებით 10 დათვსა და მგლების ერთ ხროვას დაიტევს.

პირველი ბინადრები შეირჩა მათი მნიშვნელობის გამო, რადგან საქართველოში ფართოდ გავრცელებულია დათვების დატყვევება, მგლები კი გადაშენების პირას არიან; მეორე მხრივ კი ახალი ზოოპარკი არ არის ჯერ-ჯერობით კეთილმოწყობილი, საკომუნიკაციო საშუალებები მთელ ტერიტორიაზე არ არის და გადასაყვანად შეირჩა ისეთი ცხოველები, რომლებსაც სპეციალური პირობები არ სჭირდებათ“,- აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახალი ზოოპარკი ძველისგან რადიკალურად განსხვავებული და მრავალფეროვანი იქნება. გისოსებში ცხოველებისა და ფრინველების მხოლოდ მცირე ნაწილი იცხოვრებს, დანარჩენ შემთხვევაში კი ბარიერები თხრილებისა და წყლის სახით მოეწყობა, რაც მინიმალურ ვიზუალურ ბარიერებს გულისხმობს. ტერიტორია ბიო-გეოგრაფიული ზონების მიხედვით დაიყოფა. იგეგმება მაღალი ტერასების აშენება რაც ვიზიტორებს  დათვალიერებას გაუადვილებს.

ახალი ზოოპარკი 48 ჰა ფართობზეა გაშლილი  და დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ზოოპარკის ტერიტორიას. ის ამავდროულად ფართობით ევროპის უდიდეს ზოოლოგიურ პარკებს შორის მოხვდება, რადგან ევროპაში უდიდესი –  ბერლინის ზოოპარკი 34 ჰა ფართობზეა გაშენებული.

ზოოპარკის ადმინისტრაცია ახალ ზოოპარკში ახალ მიზნებს ისახავს, აქ სხვა ზოოპარკებისგან განსხვვებით მთლიანად იქნება წარმოდგენილი კავკასიის ენდემური ჯიშები; კავკასიის შემდგომ,  პრიორიტეტი აფრიკული სავანა და ცენტრალური აზიის მთიანეთი იქნება.

ახალი ზოოლოგიური პარკის  მშენებლობისთვის უკვე  მოძიებული თანხების გარდა დამატებით  40 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, ახალი ზოოპარკის აშენებას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება.

ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე კი რეკრეაციული ზონა შეიქმნება  და დამატებითი ხეები  დაირგვება.

 

კომენტარები

კომენტარი