კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

არის თუ არა კინტაური ქართული ცეკვა?

როგორც თავად ქვეყანას, ისე ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს არაერთი ისტორიული თუ კულტურული ძეგლით დასტურდება, რომ ხალხური ქორეოგრაფიის წინარმობედი სამონადირეო ფერხული ყოფილა, რომელსაც „შუშპას“  (ნაყოფიერების ღმერთი) საპატივსაცემოდ არსულებდნენ.

დღესდღეობით, ქართული ცეკვა მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული, რასაც „სუხიშვილების“, ერისონისა და სხვა ანსამბლების გასვლითმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი. როდესაც ობიექტი გლობალურ ხასიათს იძენს და მსოფლიო განხილვის საგნად იქცევა, მის იდენტობას მაშინვე საფრთხე ემუქრება. არც ცეკვა „კინტაური“ აღმოჩნდა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ, მას, ძირითადად, ქართულ ცეკვად მოიხსენიებენ, მისი წარმომავლობის შესახებ უამრავი კითხვა არსებობს.

ფოლკლორისტთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, კინტაური – ეს არის ქალაქური ცეკვა, რომელიც ასახავს თბილისში მცხოვრებ კოლორიტ ვაჭართა ცხოვრებას. სამოსიც მათი ჩაცმულობის მსგავსია. ამ ცეკვისთვის დამახასიათებელია გამჭრიახობა, პირფერი ღიმილი, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა.

Related image

მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით, კინტოების ტანსაცმელი წმინდად სპარსული შესამოსელია და ქართულ კულტურასთან არანაირ კავშირში არაა. იგივე შეიძლება ითქვას ცეკვა კინტოურზეც, რომლის წარმომავლობა სპარსეთში უნდა ვეძიოთ. არსებობს ის ვერსიაც,  რომ კინტოური თავიდან ქალების ცეკვა იყო და მამაკაცებმა მისი შესრულება მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყეს.

ტრადიციულად მიიჩნევა, რომ კინტოები იყვნენ ეთნიკურად არაქართული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც ძველი თბილისის დარბაისელებს არ მოსწონდათ, რადგან ისინი პირფერები და მატყუარები იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ კინტო ეწოდა ყარაჩოღელის გადაგვარებულ ვარიანტს, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში აღმოცენდა.

გასამახვილებელია ყურადღება იმაზე, რომ კინტოსა და ყარაჩოღელს ხშირად ურევენ. საჭიროა მათი მკვეთრი დიფერენციაცია როგორც ფორმის, ისე შინაარსის მიხედვით. „ყარაჩოღელი დარბაისელია,  გულმართალი, პატიოსანი, რაინდი.

კინტო თვალმანკიერია და გულხენეში; კინტო ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას სტოვებს, რომელშიაც ვაჟკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებათაა.

ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგე და პირბუდაღი.

გარდა ამისა, ყარაჩოღელი და კინტო ჩაცმულობითაც განსხვავდებიან.

ყარაჩოღელი ანუ ყარაჩოხელ ნიშნავს შავჩოხიანს. ესე იგი, ყარაჩოღელს აცვია: შავი შალის ჩოხა, გრძელ კალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი და ორ ჩაქიანი. ჩოხის ნაპირებზედ მოვლებულია ბუზმენტის ბრტყელი ჩაფარიში, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღ-გაკეთებული და გულამოჭრილი პერანგი, ზედ – შავი ატლასის ან სატინის წვრილ ნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი, განსაკუთრებით ქობაჩი   საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ ყაფაღიან წაღებს. მათი სამკაული იყო ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში – მწვანე ბაღდადი. „გალიბანდის“ ქუდი, წელში-ვერცხლის ჩიბუხი

კინტოს აცვია ჩითის პერანგი, – წინწკალშეყრილი და მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი გვერდზე აქვს, მარცხენა მხრით: საყელოზე ოთხი ღილი აკერია, მაგრამ საკინძე ყოველთვის ჩამოხსნილი აქვს. აცვია შავი ნაშურის ახალუხი (რომელსაც იშვიათად ხმარობენ), ლასტიკის განიერი შარვალი. თავზე-ქეჩის ქუდი, ან „კიზიროკიანი შლიაპკა“, ფეხზე უქუსლო ჩუსტები (საგარეოდ – გარმონისებური ეგრედწოდებული „დაწყობილი ჩექმები“). გულზე – საათი ძეწკვით; წელზე – აბრეშუმის სარტყელი ან ვერცხლის ვიწრო ქამარი, ქამარში – უბრალო ხელსახოცი; ჩოხას სულ არა ხმარობენ.“

ქართველი პედაგოგი და ბალერინა ლილი გვარამიძე წერს, რომ კინტოურსა და ყარაჩოღლუს შორის, ცეკვის მხრივ, დიდი განსხვავება არ არსებობს. შსრულების ტექნოლოგია ერთსა და იმავე ილეთებზეა აგებული, განსხვავება მხოლოდ შესრულებაშის ტემპშია, ყარაჩოელი ნელა ცეკვავს, კინტოური კი ცოცხლად, დინამიკურად და ჩქარა.

როგორც ირანელი მოგზაური მეჯოდ–ოს–სალტანე მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში წერდა, იმ დროს კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხი ყოფილა, ტფილისში ყველგან გადავაწყდებოდით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს, რომლებიც ხალხს გამუდმებით ატყუებდნენ.

თუ ირანელების არ გვჯერა, მაშინ დიდებულ ქართველს, ქართლის მეფის სახლთხუცესს, საორბელოს უფროსს დავით ორბელიანს დავუჯეროთ, რომელიც გაცილებით ადრე წერდა, რომ რაც თურქებმა ვერ გვიქნეს, იმას კინტოები გვიშვრებიანო.ქალაქელებს რყვნას ასწავლიან, ჩვენ კი ხმას არ ვიღებთო.

საინტერესოა თუ როგორ გამოიყენა არსებული კონტექსტი და შეხედულება საბჭოთა კავშირმა. თავდაპირველად, ერთ–ერთ თბილისობაზე კომუნისტებს უნდოდათ, რომ კინტო თბილისის სიმბოლო ყოფილიყო, თუმცა ამის წინააღმდეგ პირველად და საჯაროდ მწერალმა არჩილ სულაკაურმა გაილაშქრა, მისი აზრიც ზემოთნათქვამის მსგავსი იყო. დისპუტმა კულისებიდან სცენაზე გადაინაცვლა და ყველაფერი პრესაში გავრცელდა. როგორც ცნობილია, დისკუსიაში ნინო რამიშვილიც მონაწილეობდა, რომელიც კინტოების აპოლოგეტად მოგვევლინა. მოგვიანებით კი ტოტალიტარულ სისტემაში, სადაც ღირებულებათა გაუფასურება მოხდა, ბოლშევიკებმა კინტოები საზოგადოების მარგინალურ ნაწილად გამოაცხადეს და  ქორვაჭრებად მიიჩნიეს, მეტიც, მათ ჰომოსექსუალიზმიც დააბრალეს, რადგან ეს ერთ–ერთი ხერხი იყო ებრძოლათ ბურჟუაზიული გადმონაშთისთვის.

Related image

თავისთავში კინტაური სარიტუალო წარმოშობისაა და ის სათუქსუსოებში იდგმებოდა, სადაც არაა გამორიცხული, რომ ჰომოსექსუალური სცენებიც გათამაშებულიყო, თუმცა ცხადია, რომ ყველა კინტო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არ ყოფილა და პირიქით.

სოციალურ ქსელში ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, სადაც სომხები ქართული კულტურული თუ ეროვნული ძეგლების პრივატიზებას ცდილობენ, მაგალითად, ანბანი, “ვეფხისტყაოსანი” და ა.შ. გამონაკლისი არც ცეკვა „შალახოა“, თუმცა ეს ტრადიციული პრივატიზება როდია. სავარაუდოდ, შალახო არ უნდა იყოს ქართული ცეკვა, თუმცა არც სომხური, არც ებრაული და არც ირანული. შალახო მულტიკულტურალიზმის პროდუქტია, რომელიც, დიდი ალბათობით, თბილისში შეიქმნა, რადგან სწორედ საქართველოს დედაქალაქი იყო ოდითგანვე უამრავი ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის დამაკავშირებელი ხიდი.

 

კომენტარები

კომენტარი