კულტურა

იტალიაში კარების საკეტების ფირმას “ქართველების საწიინააღმდეგო” დაარქვეს

“გერმანია ხომ აყვირდა, გაუუქმეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსო,  მალე იტალიაც აყვება… რა სირცხვილია… გეყოფათ!.. ტელეფონის ინდექსით მივხვდი, რომ ეს განცხადება იტალიის ქალაქ ბარიში ვრცელდება. ვინც იტალიური არ იცის, მათთვის დავწერ, რომ განცხადების ავტორი, მოსახლეობას კარების საკეტების უსაფრთხო მოწყობილობის დაყენებას სთავაზობს, რომლებიც მათ ქართველი ქურდებისგან დაიცავთ.  “ქართველების საწინააღმდეგო” საკეტები” – წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინო მამუკაძე, რომელიც იმ მოწყობილობის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელმაც იტალიელები, კონკრეტულად ქართველი ქურდებისგან უნდა დაიცვას.

ნინო მამუკაძე: “ძალიან შეურაცხმყოფელია. საბედნიეროდ, ზოგადი განწყობა ჯერჯერობით ასეთი არ არის. შეგნებული ადამიანი მიხვდება, რომ ყველა ქართველი ერთნაირი არ არის და კარგი და ცუდი ყველა ერშია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ხუმრობით ან ირონიულად, უთქვამთ რომ უკვე იცნობენ ქართველებს… რომ ისინი ძალიან “ყოჩაღები” არიან, რადგან მათთვის ბარიერები არ არსებობს, – ყველა კარში შედიან.”

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხზე მსჯელობს.

ამის მიზეზია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არღვევენ სავიზო რეჟიმს და პრობლემებს ქმნიან. კონკრეტულად, პრობლემებს ქმნიან ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში.

გერმანიის თავისუფალი დემოკრატების (FDP) წევრი, ადგილობრივი ინტეგრაციის მინისტრი, იოახიმ შტამპი მოითხოვს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეიზღუდოს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს; კონკრეტულად, – პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, თათბირზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით ეკიდება პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

ლალი პაპასკირი

ambebi.ge

კომენტარები

კომენტარი