კულტურა

ცნობილი ენათმეცნიერი თედო უთურგაიძე გარდაიცვალა

გუშინ. 12 თებერვალს, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი თედო უთურგაიძე 91 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

უთურგაიძე დაიბადა 1927 წლის 17 ივნისს ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანში. 1944 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ძველი ქართული ენის განხრით, იყო აკადემიკოს აკაკი შანიძის ასპირანტი. 1954 წლის 13 ნოემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქართული ენის თუშური კილო“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1970 წლის 4 მარტს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართული ენის მთის კილოთა ფონემატური სტრუქტურა სალიტერატურო ქართულთან მიმართებით“. 1970 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1995 წლიდან არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

თედო უთურგაიძე არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 40-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და სადოქტორო ნაშრომის რეცენზენტი.

კომენტარები

კომენტარი