კულტურა

კულტურის მინისტრმა ქვეყნის 4 მუზეუმი და მუზეუმების 17 წარმომადგენელი დააჯილდოვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოს 4 მუზეუმი და მუზეუმების 17 წარმომადგენელი დააჯილდოვა.

ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. მინისტრმა დაჯილდოებულებს სიგელები და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადასცა.

ნომინაციაში ”საუკეთესო საგამოფენო პროექტები” დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ”საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების” ნომინაციაში გაიმარჯვეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა. ”საერთაშორისო ინსტიტუციებთან ურთიერთობაში მიღწეული წარმატებისა და მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემაში – egmc.gov.ge აქტიური საქმიანობისთვის” დაჯილდოვდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

ამასთან, წლის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და სხვადასხვა აქტივობისთვის, დღევანდელ ღონისძიებაზე როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მუზეუმის 17 წარმომადგენელი დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ  ღონისძიებაზე კულტურის მინისტრმა მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პრეზენტაცია გამართა. 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიება- გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება. საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, 27 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება. დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის პირველ საათამდე იქნება ღია. აქციის ფარგლებში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი