კულტურა

ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლის ჩუქურთმები განადგურდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლის ფოტო, რომელსაც მნახველების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გავრცელებულ სურათზე გამოსახული შენობა რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ.

ფოტოზე ჩანს, რომ სარემონტო სამუშაოების შემდეგ განადგურებულია საუკუნოვანი ჩუქურთმები და შეცვლილია ძველი თბილისური შენობებისთვის დამახასიათებელი იერი.

როგორც მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებიდან ირკვევა, სარემონტო სამუშაოები სახლის პირველადი სახის აღდგენას ემსახურება:

“მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი და სახლის წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოების ღირებულებამ 97 600 ლარი შეადგინა. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შემსრულებელ კომპანია შპს „თბილ-ბაქ“-თან ერთად შეისწავლა სახლის ავარიულობის სიმწვავე და დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ სახლი საჭიროებს კაპიტალურ გამაგრებას, რომელიც განხორციელდება მომავალი წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ არ დარღვეულიყო სახლის კულტურული მნიშვნელობა, მოხდა გარე ფასადის სკანირება, რის შემდეგაც მოიხსნა კონსტრუქციები და დასაწყობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა საფრთხე რომ კულტურული მნიშვნელობის კონსტრუქციები დაზიანდებოდა ან განადგურდებოდა. სამუშაოების მომავალი ეტაპის დასრულების შემდეგ საცხოვრებელ სახლს პირველადი სახე დაუბრუნდება”,-აღნიშნულია განცხადებაში. ”

შეგახსენებთ, რომ ინგოროყვას 18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელი 2015 წლის თებერვალში ჩამოინგრა, რომელმაც შენობის მდგრადობას, სახლის მაცხოვრებლებსა და შენობის დეკორაციულ ელემენტებს საფრთხე შეუქმნა.

 

 

კომენტარები

კომენტარი