ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნანა ტრაპაიძე: “2018 წლის ,,საბას“ გადაწყვეტილება არა მარტო ამ ჟანრის დისკრიმინაციაა, არამედ დაჩრდილვა ფრანკფურტის ფესტივალისათვის წარმართული მთელი პროცესების”

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბა” და წიგნების მიღება გამოაცხადა. ქართული ლიტერატურული საზოგადოება საკმაოდ საინტერესო სიახლეების წინაშე აღმოჩნდა. ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.

2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პროზაული კრებული
  3. საუკეთესო პოეტური კრებული
  4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ქართული თარგმანი
  7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
  8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა
  9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა
  10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.

როგორც შეამჩნევდით, წელს პრემია არ გაიცემა “საუკეთესო პიესისა” და “კრიტიკის” ნომინაციაში. ამიტომაც, “არტნიუსი” დაუკავშირდა ლიტერატურის კრიტიკოსსა და პრემია “საბას” ლაურეატს ნანა ტრაპაიძეს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

-ზოგადად, რამდენად მნიშველოვანია კრიტიკის ნომინაციის არსებობა ქართული ლიტერატურისთვის?

– რა თქმა უნდა, კრიტიკის ნომინაციას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რატომ აქვს – ამ კითხვაზე პასუხს თითქმის არავინ ელოდება კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც საკითხი ასე ისმის: პირველი, სად არის კრიტიკა? (სხვათა შორის, ლიტერატურაზეც იგივე გვესმის) და – მეორე: ვის სჭირდება კრიტიკა, რა საჭიროა ის? რაზეც მზა პასუხი წინდაწინვე არსებობს – ის უნდა ზრდიდეს მკითხველს; ჯერ მწერლობაა, მერე – კრიტიკა. ლიტერატურულ პროცესებთან და მწერალთან კრიტიკის ურთიერთქმედების მნიშვნელობა არაარსებითია, ნომინალური.

გავშალოთ ამ პოზიციების შინაარსი: გასაგებია, რომ როცა რაიმეს არსებობა მხოლოდ მისი საბაზრო მიმოქცევით იზომება, მოსალოდნელია, ნებისმიერი  ,,სხვაგვარი ბუნების“ მოვლენა მკვდრად, არარსებულად გამოცხადდეს. ეს ხვედრი აქვს ლიტერატურის კრიტიკასაც, უფრო – მის საკუთრივ, ლიტერატურულ სულს. ამის გარდა, მხოლოდ აკადემიურ პოზიციებზე მიმაგრებით, კრიტიკა ცოცხალი ლიტერატურული სივრციდან ლიტერატურული არქივარიუსის ფუნქციამდე ხდება უტრირებული. ყველაზე  მეტად დასანანი კი კრიტიკის  კულტურული ფუნქციის იმგვარი ინტერპრეტაციაა, როცა კრიტიკა და კრიტიკოსი ერთგვარ კულტურულ აგენტად მიიჩნევა, რომელმაც ამა თუ იმ ლიტერატურული ტენდენციის, ფაქტის თუ ავტორისათვის სოციალური მიმოქცევის სივრცე უნდა მოამზადოს, ლიტერატურული პროცესების პოლიტიკაში  კი – ერთი მწერალი დაიცვას მეორისაგან. მთელი ეს ამბავი შეიძლება შევაჯამოთ, ასე: კრიტიკა ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი სოციალური სერვისია.  ,,ლიტერატურის კრიტიკის“  ნომინაციის ,,ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკის“  ნომიმაციით ჩანაცვლება, არ უკავშირდება მხოლოდ ნაგულისხმევ საქმიან მოწოდებას, კრიტიკის სივრცის გაფართოების აუცილებლობის შესახებ. ,,როგორღაც“ მეტისმეტად გამჭვირვალეა მომსახურების ის ფუნქცია, რომელზეც ზემოთ მივუთითე. მით უფრო იმ თანდართული კომენტარით, რომ ეს მხოლოდ წელს იქნება ასე.

– დადებითად წაადგება თუ არა რაიმეს ეს ცვლილება?

– შეიძლება, კრიტიკამ მსგავსი და სხვა ეფექტები და ფუნქციები მომგებიანად გაათამაშოს, მაგრამ ეს არ არის მისი ესენციური თავისებურება. კრიტიკა ლიტერატურული ჟანრია, რომელიც მწერალსა და ლიტერატურას სჭირდება; რადგან, თუ მაინცდამაინც პედაგოგიური ლექსიკით გამოვთქვამთ, თუ ვინმეს უნდა ზრდიდეს და ხვეწდეს კრიტიკა, უპირველესად – მწერალს, რომლისთვისაც იგი მეტოქეა, მისი არალიტერატურული მე, თავისებური კულტურული ალტერ ეგო, რომელიც სინამდვილის უფრო ფართო სპექტრზე მუშაობს, ვიდრე აზროვნების მხატვრული ჟესტი. მხოლოდ კრიტიკის ველზე შეუძლია მწერლობას მეთოდოლოგიურ და კოგნიტურ ეჭვებში გამოჭედოს ლიტერატურული ფაქტის მრავალმხრივი აუცილებლობა.

ამიტომ კრიტიკის ხასიათი და ფუნქცია, ჩემი აზრით, აფირმაციაა, ეს ნიშნავს, რომ მან შექმნას კონსტრუქციული ველი, რომელშიც სიტყვა/აზრი თავის თანშობილ მნიშვნელობაში არ გამოიკეტება და ამას განახორციელებს მეთოდოლიგიური თანმიმდევრულობით, რათა იგი ჩვენს ვიწრო სანაცნობო ყოფაში, სერიოზულობის გროტესკულ მცდელობად არ იქცეს… მეთოდოლოგია აზრის ბუნებაა და იგი ერთნაირად სჭირდება მწერლობას და კრიტიკას ანუ – ლიტერატურას. თუმცა, სათქმელია, რომ მეთოდოლოგიას ვიღებთ მაშინ, როცა თანმიმდევრულობა პირადი გამოცდილებების, თუნდაც მდიდარ, გამას სცდება. ეს დეფიციტი, ვფიქრობ, არსებობს აქაც და იქაც…

– საკუთრივ ამ ფაქტის იდეაზე რომ ვიმსჯელოთ, ლექსო დორეულის აზრით, ეს ჟანრის დისკრიმინაციაა. თქვენ რამდენად ეთანხმებით მას?

– 2018 წლის ,,საბას“ კონკურსზე ლიტერატურის კრიტიკის ნომინაციის ამორთვა არა მარტო ამ ჟანრის დისკრიმინაციაა, არამედ დაჩრდილვა ფრანკფურტის ფესტივალისათვის წარმართული მთელი პროცესების, რომელსაც დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მარტო როგორც რამდენიმეწლიანი პროცესების ლოგიკურ დასასრულს, არამედ ლიტერატურული ცხოვრების ფართო დიაპაზონსა და პერსპექტივას, რომელისთვისაც საკუთარი კულტურული ცხოვრების გეოგრაფიული განვრცობა შედეგია და არა – კომპლექსი. ვფიქრობ, ამ ფაქტით ლიტერატურულ კონკურსს ჩამოშორდა ღირებულებითი მდგენის აუცილებელი კომპონენტი. ის კომპონენტი, – რომელიც ნებისმიერ ბაზარს უწყობს ხელს იყოს მეტი, ვიდრე ბაზარი და რომელსაც მხოლოდ შინ, საკუთარ სახლში შეუძლია დაიბადოს და იცოცხლოს შინაგანი მორალური უფლებითა და მნიშვნელობითი უპირატესობით – იყოს ქართულენოვანი.

კომენტარები

კომენტარი