ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლექსო დორეული: “პრემია “საბას” ორგანიზატორების გადაწყვეტილება კრიტიკის ჟანრის დისკრიმინაციაა”

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბა” და წიგნების მიღება გამოაცხადა. ქართული ლიტერატურული საზოგადოება საკმაოდ საინტერესო სიახლეების წინაშე აღმოჩნდა. ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.

2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პროზაული კრებული
  3. საუკეთესო პოეტური კრებული
  4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ქართული თარგმანი
  7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
  8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა
  9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა
  10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.

როგორც შეამჩნევდით, წელს პრემია არ გაიცემა “საუკეთესო პიესისა” და “კრიტიკის” ნომინაციაში. ამიტომაც, “არტნიუსი” დაუკავშირდა ლიტერატურის კრიტიკოს ლექსო დორეულს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“პრემია “საბას” ორგანიზატორების გადაწყვეტილებას შევაფასებ, როგორც კრიტიკის ჟანრის დისკრიმინაციას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ლიტერატურულ კონკურსზე ეს პროცესი წლებია მიმდინარეობს. ხშირად ხდება, რომ “საბას” პრემიაზე ნომინანტებს და გამარჯვებულებს შორისაც კი ხვდება წიგნები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს კრიტიკის ჟანრთან, ისინი არ ასახავს თანამედროვე ლიტერატურულ პროცესს და ან სამეცნიერო ნაშრომებს წარმოადგენს, ან სასკოლო, ბიოგრაფიული დეტალების შემცველ თემებს იმ მწერლების შესახებ, რომლებმაც დიდი ხანია სამუზეუმო ისტორიას შეაფარეს თავი. კრიტიკისთვის უმნიშვნელოვანესია ე. წ. “გასამართლების დისკურსი”, რაც მსგავსი ტიპის ტექსტებს არ ახასიათებთ. კრიტიკა ლიტერატურის თვითცნობიერებაა – ის არის ერთადერთი საშუალება, რომ ლიტერატურამ საკუთარ თავზე რეფლექსია მოახდინოს.

“საბას” ორგანიზატორების გადაწყვეტილება ჩემში უკმაყოფილებას იწვევს მეორე თვალსვაზრისითაც – აზრი, რომ ფრანკფურტში, ევროპაში არარელევანტური შეიძლება იყოს კრიტიკის ჟანრი, უბრალოდ არასწორია. კრიტიკა – თანამედროვე გაგებით – ერთი მხრივ, ავტონომიური ჟანრია, რომელიც იმ ტექსტების გარეშე არსებობს, რომლებსაც ის ეხება, მეორე მხრივ, კი ის ტექსტებისთვის ქმნის პრეზენტაციის დისკურსს, სივრცეს.

დღეს ხშირად გვესმის აზრი, რომ ჩვენს სივრცეში კრიტიკოსები არ არიან, არ იწერება რეცენზიები და ეს ჟანრი ნელ–ნელა კვდება, მაგრამ რას ვაკეთებთ მისი წახალისებისა და გადარჩენისთვის? ნომინაციების იმ “შავ სიაში” ვათავსებთ, რომლის გარეშეც შესაძლებელია თანამედროვე ქართული ლიტერატურის არსებობა? იმედი მაქვს, რომ ამ მდგომარეობით ლიტერატურული პრემია “ლიტერა” “ისარგებლებს” და კრიტიკის ნომინაციას დაამატებს.” – აცხადებს ლექსო დორეული.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი