ლიტერატურა

თბილისში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა

თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს.

 ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.

“ახალი მედიათეკა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომელიც არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონს, არამედ მთელ ქალაქს მოემსახურება. სამივე ფილიალში, ამ დროისათვის, 20 000-მდე წიგნი ინახება და ეს ფონდი მომავალშიც განახლდება. ასევე, აქ არის შეხვედრების, პრეზენტაციების, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი და სივრცე, ასე რომ, ეს პარკი და ზოგადად ეს რაიონი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად გამოცოცხლდება, გააქტიურდება. ახალი მედიათეკა, რიგით მესამეა და დანარჩენი ორისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია,”- განაცხადა თბილისის მერმა.

„თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც მერიის ინიციატივით 2013 წელს გაიხსნა და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს. მედიათეკების გაერთიანება თავის წევრებს წიგნების (სხვადასხვა ენაზე) მუდმივად განახლებად ფონდს სთავაზობს.

გარდა ამისა, მედიათეკაში მისულ სტუმრებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებთან, იყენებენ სამუშაო სივრცეებს. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები. მედიათეკის წევრობა ფასიანია და, ამ დროისთვის, უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს: ვაკის, ვარკეთილის და ნაძალადევის.

აღსანიშნავია, რომ მედიათეკების შენობები დაკომპლექტებულია სამკითხველო დარბაზებით, კომპიუტერული სივრცეებითა და მულტიმედიური ოთახებით, სადაც ეწყობა ფილმების ჩვენებები, კონფერენციები და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრები. მედიათეკების გაერთიანების ამოცანაა, როგორც საკუთარი პროექტების განხორციელება, ასევე, დაინტერესებულ მომხმარებელთა და პარტნიორთა ხელშეწყობა.

მედითეკების სამივე ფილიალში, ამ დროისათვის, 20 000-მდე წიგნი ინახება.

კომენტარები

კომენტარი