ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის მე–4 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ჩარლზ ბერნსტაინი მიიღებს მონაწილეობას

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ამერიკელი პოეტი და ესეისტი ჩარლზ ბერნსტაინი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. იგი წელს მეოთხედ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პოეტი და ესეისტი ჩარლზ ბერნსტაინი დაიბადა ნიუ–იორკში, 1950 წელს. არის ე.წ. ენის (L=A=N=G=U=A=G=E) პოეტური ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი წევრი. სწავლობდა ბრონქსის მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში, 1972 წელს დაამთავრა ჰარვარდის კოლეჯი. 50-ზე მეტი წიგნის ავტორი და რედაქტორია, მათ შორის პოეტური კრებულების, ესეების, პამფლეტების, ლიბრეტოების და სხვა. მისი ბოლო ნამუშევრებია „პოეზიის დიაპაზონი“ (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, 2016) და „გადაანგარიშება“ (ჩიკაგო, 2013). 2010 წელს გამომცემლობამ Farrar, Straus & Giroux გამოსცა მისი კრებული „მთელი ეს ვისკი სამოთხეში“ – რჩეული ლექსები. ბერნსტაინი ინგლისური ენისა და შედარებითი ლიტერატურის პროფესორია პენსილვანიის უნივერსიტეტში. ის ასევე არის ორგანიზაცია PennSound-ის თანადირექტორი. ამერიკული ხელოვნებისა და მეცნიერებისა აკადემიის სწავლულია. 2015 წელს ჩარლზ ბერნსტაინმა ორი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო: მიუნსტერის საერთაშორისო პოეზიის პრემია და იანუს პანონიუსის გრან პრი პოეზიაში.

კომენტარები

კომენტარი