ვიდეოები კულტურა

ჯავახიშვილის სიტყვა საკუთარი მოღვაწეობის შესახებ და ფილმი უნივერსიტეტზე

ორი დღე რჩება უნივერსიტეტის საუკუნოვან იუბილემდე. 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის გახდება. თსუ 100-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი საქართველოს მასშტაბითაა დაგეგმილი. იუბილეს აღნიშნავენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისის ცენტრალურ გამზირებზე და მოედნებზე უკვე განთავსდა შესაბამისი დროშები და ბანერები, მათ შორის სპეციალურად მოეწყო საქართველოს პარლამენტის გარე ფასადი.

ივანე ჯავახიშვილი, რომლის სახელსაც უნივერსიტეტი დღეს ატარებს  1876 წლის 11 აპრილს დაიბადა. ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოარქივი ინახავს უნიკალურ ისტორიულ მასალას, სადაც ის, უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის თავზე, 1938 წელს საგანგებო სიტყვას ამბობს. ჯავახიშვილი საუბრობს საკუთარი მოღვაწეობის შესახებ. ის თავს ადარებს პატარა ჭიანჭველას, რომელიც დიდ მარცვალს ეპოტინება და მიათრევს.

 ”თუ ერთ ჭიანჭველას არ შეუძლია საქმის გაკეთება და ის მხოლოდ თავისათვის მიეზიდება, ფუტკარს გამომუშავებული თაფლით შეუძლია მხოლოდ თავისი თავი გამოკვებოს, ფუტკრების სკას შეუძლია ადამიანს მისცეს თაფლი, რომლითაც ჩვენ სიამოვნებით ვიკვებებით ხოლმე. თუ ჩემს მოღვაწეობას, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო მოღვაწეობას, საქართველოში ნაყოფიერი შედეგი მოჰყვა, ეს აიხსნება მარტო ჩემი მუშაობით კი არა, არამედ იმით, რომ მე ბედნიერი ვიყავი, რომ გვერდს მიმშვენებდნენ საუკეთესო მუშაკები. ”-ამბობს ჯავახიშვილი.

გარდა ამისა, მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ მცირე ფილმში ნაჩვენებია უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის ამსახველი კადრები.

”ვაფუძნებთ ქართულ უნივერსიტეტს, იმისათვის, რომ საშუალება მივცეთ ჩვენს ხალხს მშობლიურ ენაზე გაეცნოს და აითვისოს მეცნიერული ჭეშმარიტების საწყისები, აგრეთვე, საშუალება მივცეთ ჩვენს მეცნიერულ ძალებს, შეისწავლონ ჩვენი სამშობლო-საქართველო და კავკასია.” -უნივერსიტეტის პირველი რექტორი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი თსუ-ის გახსნის ცერემონიაზე.

2016 წლის გაზაფხულზე ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მენიცერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ივანე ჯავახიშვილის შესახებ, რომელიც ისტორიკოსის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფილმი სტუდენტების და ლექტორების მიერაა შექმნილი. მასში შესულია დოკომენტური მასალები და ასევე, სიუჯეტების უკეთ გადმოსაცემად, გაცოცხლებულია რიგი ეპიზოდები.

კომენტარები

კომენტარი