საშემსრულებლო ხელოვნება

ჯორჯ ბალანჩინისადმი მიძღვნილი კულტურულ-შემეცნებით საღამო ნიუ-იორკში

საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანა ლეჟავას ინიციატივით, 28 აპრილს ქალაქ ნიუ-იორკში, “Gibney Dance: Agnes Varis Performing Arts Center”- ში, ჯორჯ ბალანჩინისადმი მიძღვნილი კულტურულ-შემეცნებით საღამო გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო ნიუ-იორკელი აუდიენციისათვის, ბალანჩინის ქართული ფესვების გაცნობა. გამოკითხვიდან გაირკვა, რომ დამსწრე საზოგადოებიდან, 60%-ზე მეტს, ბალანჩინის ქართული წარმომავლობის შესახებ  ინფორმაცია არ ჰქონდა.

„შესაბამისად, ამ ღონისძიებით მაყურებელმა გაიცნო ბალანჩინი არამარტო როგორც დიდი ქორეოგრაფი და ამერიკული ბალეტის მამა, არამედ ასევე როგორც წარმატებული, ქართველი-ამერიკელი ემიგრანტი, რომელიც დიდად აფასებდა მის ქართულ წარმომავლობას და კულტურას“.- განაცხადა ანა ლეჟავამ.

ღონისძიებაზე ასევე აჩვენეს  მედეა ასათიანის დოკუმენტური ფილმი – “ბალანჩივაძე”, სადაც ბალანჩინის ძმისშვილმა, დამსახურებულმა ბალერინამ და ხელოვანმა, ცისკარი ბალანჩივაძემ მამამისის, ანდრეა ბალანჩივაძის მოგონებებზე. თავის დიდ ძმაზე და მის ოჯახზე ისაუბრა. ფილმის პრეზენტაციის შემდეგ პანელ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწელეობდნენ  გამოჩემილი მწერალი და კრიტიკოსი და ბალანჩინის ავტობიოგრაფიის ავტორი ელიზაბეტ კენდელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი  და ცეკვის კრიტიკოსი ერენ ბომბოი, და ფილმის ავტორი მედეა ასათიანი. დისკუსიას მოდერაციას  ახალგაზრდა ელჩი  ანა ლეჟავა უწევდა.

დისკუსიის მონაწილეებმა  ისაუბრეს ამერიკაში ცეკვის კულტურის განვითარებაში   ბალანჩინის წვლილსა და დამსახურებებზე. ელიზაბეტ კენდელმა ხაზი გაუსვა ბალანჩინის ქორეოგრაფიაში ქართული პოლიფონიური მუსიკის გავლენას და აღნიშნა, რომ ბალანჩინის ბალეტები მას ქართულ ხალხურ მუსიკას აგონებს. პანელზე ასევე ისაუბრეს იმიგრანტების როლზე ამერიკული   ხელოვნების განვითარებასა და დივერსიფიკაციაზე.

პანელ დისკუსიის შემდეგ, ქართველი და ამერიკელი ქორეოგრაფებების – ირაკლი შენგელიას და ალისონ ფორტეს ქორეოგრაფია წარმოადგინეს.  ღონისძიება ბრუკლინში არსებულმა ქართული ცეკვების ანსამბლმა „ფესვებმა“  თანამედროვე ფოლკლორული ნომრით დახურა.

კომენტარები

კომენტარი