შემოქმედებითი ინდუსტრიები

ფერმწერ რობერტ სტურუას 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

4 მაისს 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფერმწერ რობერტ სტურუას 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები, რელიგიური თემატიკის სურათები, რეგიონალური თეატრისა და კულტურის სახლის პლაფონების რეპროდუქციები.

რობერტ სტურუას შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: „გამარჯვების ზეიმი” -ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობა” – სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56); „ბოროტსა სძლია კეთილმან” – მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის  და  სხვა.

აღსანიშნავია რობერტ სტურუას ნამუშევრები წიგნის გრაფიკაში. მას ეკუთვნის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები.

გამოფენა, რომელიც 1 ივნისამდე გაგრძელდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით იმართება.

რობერტ  სტურუა ( უფროსი ) ქართველი ფერმწერ-მონუმენტალისტი და  საქართველოს სახალხო მხატვარია.

კომენტარები

კომენტარი