საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

MISA – ახალგაზრდული ორკესტრი

MISA ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის  საშობაო ღონისძიებების სეზონი 27 იანვარს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული საზეიმო ღონისძიებით დასრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობას ახლად შექმნილ ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის (MISA) სოლისტები, (ნინო ტყეშელაშვილი, დავით წივწივაძე, ბარბარე თათარაძე, საბა მიქელაძე, ალექსანდრე შუბითიძე, ილია ლომთათიძე), (MISA-საზაფხულო აკადემიისა და MISA-ახალგაზრდული ორკესტრის დამფუძნებელი) პიანისტი შორენა ცინცაბაძე მიიღებენ. დაუკრავს შვეიცარიიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმარი ანასტასია ვოლჩოკი. MISA-ს ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტები უკვე გაიმართა საქართველოს სამ ქალაქში: რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

ახალგაზრდული ორკესტრი „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის“ ინოვაციური პროექტია, რომელიც პროექტის „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“(MISA) ფარგლებში შეიქმნა. ორკესტრის 46 წევრი ორგანიზაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გასული წლის ბოლოს, მოსმენების საფუძველზე შეარჩია. საქართველოში პირველი ახალგაზრდული ორკესტრის წევრების ასაკი 14 დან 28 წლამდე განისაზღვრა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ორკესტრი  ამ ეტაპზე  წელიწადში ორჯერ ზაფხულისა და ზამთრის ღონისძიებებზე შეიკრიბება.

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ პროექტი, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. MISA-ს მიზანია გაზარდოს კლასიკური მუსიკის ცნობადობა, მისცეს ცოდნა სტუდენტებს და დაეხმაროს მათ პროფესიულ წინსვლაში.

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ – MISA დაარსდა 2015 წლის მაისში და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას.

 

კომენტარები

კომენტარი