საშემსრულებლო ხელოვნება

გია ყანჩელის “სევდა ნათელი” და შოსტაკოვიჩის V სიმფონია ოპერის თეატრში

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი 9-დან 15 მაისის ჩათვლით ორი ავტორის ფესტივალს alla KONTRAPUNKT გამართავენ, რომელიც დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედებას მიეძღვნება.

ფესტივალი 9 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს კომპოზიტორის მეუღლე ირინა ანტონოვნა შოსტაკოვიჩი დაესწრება.

„მუსიკის მოყვარულებო, იჩქარეთ!  9 მაისს ოპერის თეატრში შოსტაკოვიჩი-ყანჩელის მუსიკის ფესტივალს ვხსნით ორი შედევრით – ყანჩელის “სევდა ნათელი” და შოსტაკოვიჩის V სიმფონია! გასტროლებიდან დაბრუნებისთანავე ჩავერთე ფესტივალის სამზადისში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საოცარი კონცერტები გველის. გახსნის საღამოს სადირიჟორო პულტთან იხილავთ ძალიან მაგარ ახალგაზრდა ქართველ მაესტროს. ჩვენი ძალა სწორედ ახალგაზრდა და გამორჩეული ნიჭის მქონე ხელოვანების გზის დალოცვაშია დიდი შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე! ასე რომ გელოდებით“,- აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.

alla KONTRAPUNKT-ის ფარგლებში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და მოწვეული საერთაშორისო აღიარების მუსიკოსების შესრულებით ხუთი კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: იულიან მილკისი (კლარნეტი), გიორგი ცაგარელი(ალტი), ქსენია ბაშმეტი (ფორტეპიანო), ანდრეა კორტესი (ვიოლინო), სერგეი ნაკარიაკოვი (საყვირი), მარიამ მეეროვიჩი (ფორტეპიანო), ბორის ანდრიანოვი (ჩელო); ასევე კამერული ორკესტრი Georgian Strings, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი და ნინო წიკლაური, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი. დირიჟორები კახი სოლომნიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი იქნებიან.

ფესტივალის ეგიდით, 12 მაისს რუსთველის თეატრის დიდი დარბაზი მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს. გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას ვიოლინოსა და სიმებისთვის, იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესი შეასრულებს.

„თითოეული პიესა ეძღვნება იმ ჩემს უახლოეს მეგობრებს, რომელთა გარეშე ჩემი ცხოვრება და შესაბამისად, ჩემი შემოქმედება იქნებოდა განსხვავებული. 25 მუსიკალური სახე წარმოადგენს მცდელობას იმ მადლიერების გამოხატვისა, რომელიც მე გამაჩნდა და გამაჩნია ყოველივე მათგანის მიმართ“, – აცხადებს გია ყანჩელი.

რუსთაველის მცირე დარბაზი ფესტივალს 10 და 14 მაისს უმასპინძლებს. ფესტივალი 15 მაისს ოპერის თეატრში დაიხურება, სადაც ალტისტი გიორგი ცაგარელი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გაერთიანებული საფესტივალო გუნდი გია ყანჩელის STYX-ს შეასრულებენ, სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი იქნება. ასევე შესრულდება დმიტრი შოსტაკოვიჩის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის N1, სოლისტი – ბორის ანდრიანოვი.

 

კომენტარები

კომენტარი