ლიტერატურა

დღეს თამაზ ბაძაღუას დაბადების დღეა

დღეს ქართველი პოეტი თამაზ ბაძაღუა 59 წლის გახდებოდა. იგი 1959 წლის 22 იანვარს დაიბადა.

დაიბადა უძველეს სოფელ ნახუნავოში, გეგეჭკორის რაიონი, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში. ჰყავდა ორი და – დოდო და ლეილა.

1975 წელს დაამთავრა ნახუნავოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პირველი სამეცნიერო ნაშრომი I კურსის სტუდენტმა წარმოადგინა სტუდენტთა 38 სამეცნიერო კონფერენციაზე „პერსონოლოგიური ანალოგია“. II კურსის სტუდენტმა 1977 წელს ისევ სტუდენტთა 39-ე სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა ნაშრომი: „მისტიკური სილამაზის გამოსახვა იოანე მტბევარის საგალობლებში“, ხელმძღვანელი იყო გ. ფარულავა. 1980 წელს თამაზმა დაამთავრა უნივერსიტეტი, დაწერა სადიპლომო ნაშრომი ოთარ ჭილაძის რომანზე „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ამავე წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. 23 წლისამ 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი „მესამე ზარი“ ოჯახიც დროულად, ახალგაზრდამ შექმნა.

30 წლის წინ, 1987 წლის 5 ნოემბერს, თამაზ ბაძაღუა ცოლსა და პატარა შვილთან ერთად სოფელში მიდიოდა. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობარი, პოეტი ბათუ დანელია, და მისი მეუღლეც. სამტრედიასთან მანქანა მდინარეში გადავარდა. ბათუ დანელიას გარდა, ვინც კი მანქანაში იჯდა, ყველა დაიღუპა. თამაზ ბაძაღუა მაშინ მხოლოდ 28 წლის იყო.

“არტნიუსი” გთავაზობთ თამაზ ბაძაღუას რამდენიმე ლექსს:

***

არა მთვარეზე და ვარსკვლავებზე,

ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ

ჯარისკაცები ფიქრობენ პურზე

და ახსენდებათ მოკლული მზერა,

რომელიც ქრება სიჩუმეში როგორც ვარსკვლავი…

ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ

ჯარისკაცები მიწასავით მძიმე მაზარებს

იხდიან, მერე არაყსა და ცეცხლზე ფიქრობენ,

იმათ გულებში მზესავით წითლად ჩადის ტკივილი,

იმათ თითებზე თამბაქოს მწარე კვამლი ბზინავს…

ჯარისკიაცები ძილში ბორგავენ,

ჯარისკაცები სიზმარში ჯავრით იგინებიან,

იმათ ფეხებთან როგორც დაღლილი, ერთგული ცოლი,

წვებიან ჩუმად ჩექმები და კილომეტრები.

 

***

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე,

ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,

სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს

იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.

წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,

და საკუთარი წამართვა ლანდიც.

მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,

მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.

 

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი

ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,

ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,

არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

 

შენ-განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?

მარადიული დღეო და ღამევ,

ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც

ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.

ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,

რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,

თუ მხოლოდ ეს ვარ-უტყვი ჭურჭელი,

რათა ბოლომდე ავივსო შენით.

 

***

ჩემს რწმენას შავი წვიმები ნესტრავს,

ციხეს ბურჯები ჩაერღვა ცხრაჯერ,

ის ციხე ისევ უპყრიათ ქაჯებს,

ის ციხე ისევ გალოკა ნესტმა

მე იმ ციხისკენ მოვდივარ, ნესტან!

მოთმინების და უიმედობის

ეკლები თავზე გვირგვინად მადგას,

ამოვიარე ცხრაჯერ ფერდობი,

ცხრაჯერ მუხლებზე დავეცი, რადგან

ცხრა სული სურდა თითოეულ

მათგანს,

მე ვერ შევედი შენს წმინდა დროში,

ვერ ჩავიმუხლე კარვის კალთამდი,

მე, სოსანისფერ ცხენით და დროშით

ვერ დავეწიე გზაში ავთანდილს

და ჩემი დროის ზღრუბლიდან გავთავდი.

იმ გაზაფხულსაც ვერ დავეწიე

ვარდის ფურცლობის ჩუმი კაეშნით,

შენ ვარსკვლავების ბინდში დაეშვი

და როცა შველა ვთხოვე ზეციერს

ორივე ხელი დამრჩა ჰაერში…

მე იმ ციხისკენ მოვდივარ, მაგრამ

თურმე თანდათან მშორდება იგი,

ჩემი ტუჩები ღეჭავენ ლაგამს,

ჩემი თიხის და სიცოცხლის შიგნით

ძევს, როგორც გადაუშლელი წიგნი

შენი ხანძარი და მღვივან ხანძრებს

ვეხვევი, თითქოს არც შემეხება,

თითქოს სხვა სივრცის გასაღებს

მაძლევს.

და მე, თუჯივით უტყვი და გამძლე,

შენი გულისკენ ვღუნავ ხერხემალს.

კომენტარები

კომენტარი