ლიტერატურა

ოლესია თავაძე – საზიდი

ამ საღამოს გავიგე, რომ ტრისტან მახაური გარდაიცვალა. ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას მხვდებოდა – ყოფილი “ჩაის სახლის“ გაყოლებით, ღვინის ქარხნის კედელთან. კარგა ხანს გამყვებოდა ხოლმე მისი ტკივილნარევი ღიმილი და სითბო… ეს, ინტერნეტში მოძიებული ფოტოც, მანდ უნდა იყოს გადაღებული… ერთი პროზაული მინიატიურით მინდა გამოვეთხოვო, ოღონდ ჩემი არაა –  ჩემი ცოლის  წიგნიდანაა „კაკლის ქარები“.

ზაზა აბზიანიძე

 

საზიდი

 

ლხინის თუ ჭირის სუფრაზე, ფეხზე ადგომით ისმევა ჩვენში სადღეგრძელო ფეხზე ასადგომი მიზეზით, ისეთი მიმართებით, რომ ადათის უცოდინარიც კი იგრძნობს – ფეხზე თუ არ ადექი, წელში მაინც უნდა გაიმართო. მამაკაცები ერთხმად იცილებდნენ სკამებს და შემართულად, ჯარივით სწორდებოდნენ. ერთი ის იყო,  სიმპათიური, საქმიანად მოლაპარაკე, ჩართული, რომ არ დგებოდა. იფიქრებდი, და მიზეზს  ვერ მიუხვდებოდი. ქუჩაში გამოსული, მანქანით სახლში მიმავალი, პატარა,  შვიდი წლის ბავშვის ხელა კაცს დაინახავდი. პატარა კაცი რწევა-რწევით, იხვივით მიაბიჯებდა. მიზანდასახულად მიაბიჯებდა, პორტფელი ეკავა ხელში, პორტფელში მისი სერიოზული ნაკვლევ-ნაწერი, პატარა კაცის დიდი საქმე. ეს ის კაცი იყო, ფეხზე ამდგარი მაგიდის პირს სიმაღლით რომ ვერ სცდებოდა…მისაფერებელი გეგონებოდა, მისაფერებლები აქეთ რომ არ ვიყვეთ.ვის დაგვეკისრა მსგავსი საზიდი?  და ვინ ზიდულობს საზიდს ასე ფეხმდგრადად?

ოლესია თავაძე

კომენტარები

კომენტარი