კულტურა

არასამთავრობოები ბასიანის ინცინდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, 13 იანვარს კლუბ ”ბასიანის” ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, საქმის წარმოების მხრივ სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვები ჩნდება. ორგანიზაციები ამბობენ, რომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლსაჯულების სისტემის წინაშე მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს.

”თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ, ორი პირის დაჭრის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის დანაშაულებში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ინფორმაციისთვის, ბადრი შონია იგივე მოსამართლეა ვინც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჯგუფ „ბირჟა მაფიის” წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა  მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილების მიმართ, თუ რამ გამოიწვია უფრო ლმობიერი მიდგომა უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ისეთი დანაშაულის მიმართ, როგორიც იყო კლუბ ბასიანთან მომხდარი ინციდენტი. ასევე საინტერესოა, მოცემულ მომენტში, რის საფუძველზე გამორიცხა მოსამართლემ დანაშაულის განმეორების შესაძლებლობა ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ და რაზე დაყრდნობით შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას გირაოს შეფარდების თაობაზე მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეცვალა.

საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული  „პრივილეგირებული ოჯახის” წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი“- ნათვქმია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საფარი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად კლუბის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი