კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ქართული ფოლკლორული მუსიკის რემიქსები

დღესდღეობით სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალურია დავა ქართული ცეკვის საკითხზე. კერძოდ,  მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი “სუხიშვილების” გადათანემდროვებულ ცეკვა “ქართულზე”. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამედროვებას აყოლილი ქართული ტრადიციული ფოლკლორი ავთენტურობას კარგავს, რითაც ქართულ იდენტობასა და კულტურას შეიძლება საფრთხე შეექმნას. მეორე ნაწილის აზრით კი ეს არის ერთადერთი გზა ცეკვის გადასარჩენად.

საზოგადოების რომელ მხარესაც არ უნდა დავდგეთ, ის უდავოა, რომ სუხიშვილების ეს კონკრეტული შესრულება ძალიან წააგავს კლუბურ ცეკვას. ამიტომაც, “არტნიუსმა” საინტერესოდ ჩათვალა, შეეგროვებინა ყველასთვის საყვარელი ქართული ფოლკლორული მუსიკის რემიქსები:

“შალახოს” მეტად საორჭოფო წარმომავლობა აქვს. ფოლკლორისტთა ნაწილი ამბობს, რომ მას ქართული ფესვები აქვს, ზოგიც ამბობს რომ ებრაული. არსებობს მესამე მოსაზრება, რომ ის ქართულ–ებრაული ცეკვაა.

განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.

ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.

დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მელიტონ ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა.

ზეკარი იმერეთის მხარეში, კერძოდ, ბაღდათის მუნიცაპლიტეტშია. საკმარისია რამდენიმე საათით დააკვირდე ტიპურ ზეკარელს და მიხვდები რა საჭიროა მუსიკასა და ცეკვაში ერთდროულად ხალისხიანი, მშვიდი და აგრესიული ელემენტების არსებობა.

მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.

საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.

ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის – სახიობის წიაღში (XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა – ქალთათვის – სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის – მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.

“ვინა სთქვა თუშთა დალევა, ნაპირმოტეხა ცისია”. – ვერც დრომ და ვერც ადამიანებმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ გააქრო თუშური კულტურა. ერთი მხრივ, არქაული რიტუალები, მეორე მხრივ ელექტრონული მუსიკა, რომელიც თუშეთს კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენს.

საკუთრივ “რაჭული” ფოლკლორული ძეგლი ნამდვილად არაა, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ, აქ მოგვეთავსებინა მისი რემიქსი. ამ ცეკვის სულის ჩამდგმელია, მისივე უბადლო შემსრულებელი, დათუნიკა სხირტლაძე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ რაჭაში აგროვებდა ილეთებს. რაც შეეხება სიმღერას – „ტაში, ბიჭო, გიორგუნა,” ბევრს ხალხური ჰგონია, მაგრამ, რეალურად, მისი ტექსტი დათუნიკა სხირტლაძის მამის დაწერილია.

კომენტარები

კომენტარი