ვიზუალური ხელოვნება

სტაფილო – ვიზუალური ხელოვნების ახალი წარმომადგენელი საქართველოში

“სტაფილო” თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების ახალბედა წარმომადგენელია. ის ახალგაზრდა ხელოვანების ლიკა კეშელავას და მარიამ მარტიაშვილის მიერ შექმნილი პროდუქტია. STAFILO-ს ორი ძირითადი ხაზი აქვს. ისინი სტიკერებთან ერთად ქმნიან ინდივიდუალურ პოსტერებს მომხმარებლის ფოტოების გამოყენებით, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. Artnews.ge სტაფილოს ერთ-ერთ დამაარსებელს, ლიკა კეშელავას ესაუბრა მისი თქმით, ისინი პროდუქციაზე ხელით ან ფოტოშოპით მუშაობენ. პროდუქციის საბოლოო სახის მიღებამდე კი, შემკვეთთან გადიან კონსულტაციას, რათა საბოლოოდ აქციონ უბრალო ფოტოები ხელოვნებად.

-როგორ იწყება სტაფილოს ისტორია? რამდენი ხანია, რაც არსებობთ?

-სტაფილოს ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც ორმა დაბნეულმა გოგონამ, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე 4 წლიანი სწავლის შემდეგ ერთმანეთს გადახედა და ისინი მიხვდნენ, რომ არც ერთი იყო ფროიდი და არც მეორე იუნგი. ასე რომ, მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი რამ, რაშიც საკუთარ თავს იპოვნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მე და მარიამი სტაფილოს გარდა კიდევ ბევრი საქმით ვართ დაკავებული, ვმუშაობთ სხვადასხვა კომპანიებში და ა.შ. სტაფილო არის საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამომჟღავნების საუკეთესო საშუალება. პირველ სექტემბერს დაარსდა „სტაფილო“ და მას შემდეგ ნელ-ნელა ვიხვეჭთ ცნობადობას, ხალხის სიყვარულს და კეთილგანწყობას.

-რატომ ‘’სტაფილო’’?

-ძალიან გვიყვარს ეს კითხვა. ბევრს ეცინება, ბევრი ეძებს მიზეზებს, ბევრიც საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს. სწორედ ეს არის ჩვენი ჩანაფიქრიც…უცნაური, არაადეკვატური სახელი, რომელიც 2 წამით მაინც დაგაფიქრებს „რატომ სტაფილო“, ამასობაში კი გამახსოვრდება, რომ ასეთი კომპანია არსებობს. ჩვენი მომხმარებლები ხშირად თავიანთ ვერსიებს გვაწვდიან სტაფილოსთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეს მოგვწონს: „გახსოვთ კურდღელი, ავად რომ გახდა და არაფერმა უშველა, ეს სტაფილო რომ მიეტანათ ნამდვილად ეამებოდა“.

-რამდენი ადამიანი მუშაობს ‘’სტაფილოს’’ პროდუქტზე?

-სტაფილოს პროდუქტის- სტიკერებისა და პოსტერების დამზადებაზე, ორნი, მე და მარიამი ვმუშაობთ, სტიკერებს ხელით ვხატავთ, ხოლო პოსტერებს ფოტოშოპისა და ილუსტრატორის საშუალებით ვამზადებთ, თუმცა ინდივიდუალური პოსტერების შექმნაში ხშირად მომხმარებელი თავადვე ღებულობს მონაწილეობას, მიგვითითებს რა სურს იხილოს თავის პოსტერზე, რომელი დეტალი, წარწერა და ა.შ.

-როგორია მასალის შექმნის პროცესი შეკვეთიდან მომხმარებლთან მიტანამდე? ალბათ, თითოეული შეკვეთისთვის ინდივიდუალური მომზადებაა საჭირო მომხმარებლის ინტერესებიდან და სურვილებიდან გამომდინარე…

-სტაფილოს აქვს 2 ხაზი: ხელით ნახატი სტიკერები/პოსტერები და ინდივიდუალური შეკვეთები. ინდივიდუალური შეკვეთის მიღება სტაფილოს faccebook ან instagram გვერდიდან იწყება. ძირითადად მოგვდის მესიჯები :“აუუუუ , რა მაგარია, მეც მინდა ასეთი“ და აქ იწყება ის, რასაც ჩვენ ჯადოქრობას ვეძახით. მომხმარებელი გვიგზავნის საკუთარ ან ახლობლის ფოტოს, გვაწვდის ინფორმაციას იმ ადამიანის შესახებ, რომელიც პოსტერზე უნდა იყოს გამოსახული, მაგ: „უყვარს ჰარი პოტერი, მაქსიმ გალკინი და შემწვარი კარტოფილი“ და ჩვენც ვიწყებთ მუშაობას. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია-კიდევ კარგი, ეს კარგად დაგვამახსოვრდა ფსიქოლოგიის სწავლისას. ჰოდა, ჩვენც ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, ზოგი მთლიანად მოგვანდობს საქმეს, ზოგს მუშაობის პროცესში სურს მონაწილეობის მიღება და ა.შ. დასრულებული ნამუშევარი კი 2 დღეში, ლამაზად შეფუთული, ადრესატთან მიცუნცულებს.

-როგორ არის შესაძლებელი შეკვეთა? მხოლოდ ონლაინ იღებთ შეკვეთებს თუ მაღაზიაც გაქვთ?

-სტაფილოს ინდივიდუალური შეკვეთების მიღება ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი სტაფილოს instagram ან facebook გვედის საშუალებით, თუმცა მალე შევთავაზებთ მომხმარებელს საიტს და mobile აპლიკაციას, რითიც გავამარტივებთ შეკვეთის მიღების პროცესს. ამ ეტაპზე მაღაზია არ გვაქვს, თუმცა ვგეგმავთ რამდენიმე ბრენდ-ზონისა და სტენდის ჩადგმას, სადაც გაიყიდება ჩვენი ხელით ნახატი სტიკერები, პოსტერები და ინდივიდუალური შეკვეთების მიღება ადგილზეც შესაძლებელი იქნება. ამ ეტაპზე აქტიურად ვმონაწილეობთ ქუჩის ბაზრობებში, საახალწლო ღონისძიებებში, ვთანამშრომლობთ ქ.თბილისის მერიასთან, და აქვე დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ მერიის წარმომადგენელ-თეკლე ბერაიას , რომელიც გვიკავშირდება მერიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით. მონაწილეობას ვღებულობთ საქველმოქმედო აქციებშიც, მაგალითად ციციშვლის კლინიკის საქველმოქმედო ფონდისთვის გამართული ღონისძიება „ანი ბავშვებისთვის“ და ა.შ.

-როგორია ზოგადი მდგომარეობა საქართველოში ვიზუალური ხელოვნების მხრივ. სხვებიც თუ მუშაობენ მსგავს ინდივიდუალურ გრაფიკულ პოსტერებზე და როგორ ფიქრობ, რა გამოარჩევს სტაფილოს სხვებისგან?

-ვიზუალური ხელოვნების მხრივ საქართველოში საკმაოდ კონკურენტული გარემოა. ძნელია იყო სხვებისგან გამორჩეული და ამავდროულად მისაღები. ინდივიდუალურ გრაფიკულ პოსტერებზეც ბევრი მუშაობს, თუმცა ვფიქრობთ სტაფილოს რამდენიმე მახასიათებელი აქვს, რითიც ამ ბაზარზე გამოირჩევა.
1. მისაღები ფასი. გრაფიკული პოსტერების ფასი საქართველოში 20 ლარიდან ზემოთ მერყეობს. ვიცით ისეთი კომპანიაც, რომელიც 60-იდან 120 ლარამდე სთავაზობს მომხმარებელს თითქმის იგივე პროდუქტს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად დიდი შრომისა, ხელოვნება უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის, რაც მეტი სილამაზე შეიქმნება და რაც უფრო მეტ ადამიანს გააბედნიერებს, მით მეტად გალამაზდება სამყაროც 
2. ხელით ნახატი სტიკერები და პოსტერები. კომპიუტერულ პროგრამებში ყველაფერი მარტივია, მაგრამ დახატო ფუნჯით, პალიტრაზე შეაზავო ფერები, სველი ბამბით იწვალო დათხვრილი კიდეების გასუფთავებაზე-ჩვენი აზრით ეს არის ნახატი.
3. ხელით ნახატი ხელოვნებისა და კომპიუტერული პროგრამების ნაზავის შეთავაზება მომხმარებლისთვის, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხაზის ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება.

-სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი…

ხშირად, ქუჩის ბაზრობებისთვის და სხვადასხვა მარკეტებისთვის, პოსტერებისა და სტიკერების გარდა, სხვადასხვა ხელნაკეთ ნამუშევრებსაც ვქმნით. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა სტაფილოს მომავალი ყოფილიყო ღონისძიებების ორგანიზატორი, ე.წ. “Event Maker” კომპანია. პირველი შეკვეთა ივენთის ორგანიზების კუთხით უკვე მივიღეთ, რომელსაც ოქტომბერში განვახორციელებთ და აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას , თუმცა არც ახლა არსებულ-სტიკერებისა და პოსტერების ხაზს დავკარგავთ.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი