კულტურა

უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სტიპენდია დაწესდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება.

ცნობილი ისტორიკოსის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების საუკეთესო სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში იგეგმება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორიის გახსნა და ყოველწლიური სიმპოზიუმის გამართვაც.

ქართველი მეცნიერი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარიამ დავითის ასული ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს. 1943 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “თბილისის საამირო”.

1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. მისი თაოსნობით თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია 1996 წელს.
საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში დაიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი