ვიზუალური ხელოვნება

ცხოვრება ბაზრისთვის – გიორგი დუნდუას ფოტორეპორტაჟი

ახალგაზრდა ქართველი ფოტოჟურნალისტი გიორგი დუნდუა მარნეულის ბაზარს ესტუმრა. მან იქ მომუშავე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის პრობლემები შეისწავლა. ადგილზე ნანახის შესახებ თავად გიორგი მოგითხრობთ:

”საქართველო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. აქ მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის სამხრეთ კავკასიელები დომინირებენ. სამხრეთ კავკასიელ ხალხს აქ დამკვიდრებისთვის უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა. იმის გამო, რომ ქვეყანა ეკონომიკურად არასტაბილურია, ეთნიკურ უმცირესობებს განსაკუთრებით უწევთ თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. ბაზარი, რომელიც მარნეულის ცენტრიდან ერთ კილომეტრშია გადაშლილი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის შრომისმოყვარეობაზე იმთავითვე გვიქმნის წარმოდგენას, რომ ჩვენ თვალწინ იშლება ცხოველთა რიგები. ჩემი დაკვირვებით, და, ალბათ, იქ მოხვედრილი ადამიანებიც ადვილად მიხვდებიან იმას, რომ ეს არაა მხოლოდ პროდუქტის რეალიზაციის სივრცე, ესაა ადგილი, სადაც თვალსაჩინოდ ჩანს ცხოვრების წესი, ტრადიციები, ორიენტაციები. ადვილი შესამჩნევია პრობლემებიც. ბაზრობა დილით ადრე იწყება და 12 საათიდან კმაყოფილი ან გულდაწყვეტილი ვაჭრები სახლისკენ მიდიან. 12 საათამდე აქ ნამდვილი ცხოვრება ჩქეფს – იწვრთნებიან ცხენები, ისინჯებიან ცხოველები, მიმდინარეობს დიალოგები სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე, მყიდველი ვაჭრების თვალში დროებითი დანიშნულებით მოსული ადამიანი არაა, ისინი ვაჭრობის დროს მთელი საქართველოს ამბებს იგებენ. ვაჭრებად ძირითადად მამაკაცები გვხვდებიან, ქალები ტრადიციულად სახლის საქმეებს აკეთებენ. ცხოვრების ეს წესი სიმბოლურად მანქანებზე, რეალურად კი ბაზრის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. ვაჭრებს უყვართ საუბარი, ისინი მთელი აღტაცებით ჰყვებიან, თუ რამხელა შრომაა ჩადებული ყველაფერში, თუ უფრო მეტად დაინტერესდებით, სახლში მიპატიჟებასაც დაიმსახურებთ. როცა ბაზარში შედიხართ, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ საქართველოში ხართ, რადგან ვაჭართა საკომუნიკაციო ენა – აზერბაიჯანულია. თუმცა ადგილობრივებმა ქართულიც კარგად იციან. ორენოვანი საუბარი ერთგვარი ხრიკიცაა, ვინ იცის რამდენი რამის დათმობა, რამდენი გადაწყვეტილების ცვლილებაში ეხმარება ეს ვაჭრებს. ფოტოსერიით მსურდა მომეთხრო, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ცხოვრების წესზე და ამის საილუსტრაციოდ გამოვიყენე ბაზარი, რომელიც სიმბოლურად და კარგად ასახავს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს. ” – ამბობს დუნდუა.

“არტნიუსი” გთავაზობთ გიორგი დუნდუას ფოტორეპორტაჟს მარნეულიდან:

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი