საშემსრულებლო ხელოვნება

კამპანია „გამოიცეკვე” – ჟურნალისტები „სუხიშვილების“ დასის წევრებთან იცეკვებენ

სუხიშვილების ცეკვის აკადემიის პროექტის,  სახელწოდებით –  „გამოიცეკვე”,  ახალი ტალღა იწყება. წლევანდელი პროექტის ფარგლებში კამპანია “იცეკვე სუხიშვილებთან ერთად” იგეგმება, სადაც მედიის წარმომადგენლებს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები გაუწევენ პარტნიორობას.

„სუხიშვილების“ ცეკვის აკადემიაში მომზადებულ მედიაწყვილებს შორის გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ და „სუხიშვილების” ცეკვის აკადემიის საპატიო წევრის წოდება მიენიჭებათ.

ორთვიანი კამპანია, “გამოიცეკვე” ცეკვის გალა-კონცერტით  დასრულდება.

გასულ წელს დაწყებულმა პროექტმა, რომელიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო. შარშანდელისაგან განსხვავებით,  წელს კამპანიის მიზანია მოზარდებში ცეკვის პოპულარიზაცია. პროექტში მონაწილეობის საშუალება 12-16 წლამდე მოსწავლეებს ექნებათ.

წლევანდელი კამპანიის მიზანი მოზარდებში ცეკვის, არა მხოლოდ როგორც ფიზიკური აქტივობის, არამედ ქართული ცეკვის, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებაა.

პროექტში ჩართულ 12-16 წლამდე მოსწავლეებს კვლავ მიეცემათ „სუხიშვილების“ აკადემიაში ცეკვის ელემენტების შესწავლისა და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასევე, კამპანიის ფარგლებში, გაიმართება ცეკვის ტურნირი „იცეკვე სუხიშვილებთან ერთად”, სადაც მედიის წარმომადგენელებს პარტნიორობას ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები გაუწევენ.

„სუხიშვილების“ ცეკვის აკადემია პროექტს „კოკა-კოლას“ დაფინანსებითა და პარტნიორობით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი