ლიტერატურა

ინტერვიუ რუს მწერალ ტატიანა ტოლსტაიასთან: “მწერალი პატარა ღმერთია”

ტატიანა ტოლსტაია  თანამედროვე რუსული პროზის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომლის შემოქმედება ქართველი მკითხველისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ამავე დროს, ამ ქალბატონის შეხედულებები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ძალიან ორიგინალური და საინტერესოა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ,  საახალწლოდ ერთგვარი სიურპრიზი შეგვეთავაზებინა აუდიტორიისათვის.

მკითხველის წინაშე წარმოდგენილი ტექსტები სპეციალურად შევარჩიეთ. გავითვალისწინეთ რა ქართულენოვან სივრცეში რესპოდენტების შესახებ არსებული  ინფორმაციის ნაკლებობა, საჭიროდ ჩავთვალეთ არჩევანი შეგვეჩერებინა ვრცელ და ამავდროულად საკმარისად ზოგადი ხასიათის ინტერვიუზე, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიდა მკითხველს, როგორც მწერლის ბიოგრაფიის, ასევე მისი შემოქმედების თავისებურებების შესახებ.

ტატიანა ტოლსტაია რუსი მწერალი, პუბლიცისტი და ტელეწამყვანია. ცნობილი რუსი საბჭოთა მწერლის, ალექსეი ტოლსტოის შვილიშვილი. მოსკოვის მე-14 საერთაშორისო წიგნის ფესტივალის პრემიისა და პრემია „ტრიუმფის“ ლაურეატი. ავტორი რომანისა: «Кысь», მოთხრობების კრებულებისა: „დღე“, „ღამე“, „თეთრი კედლები“, „მდინარე“…

– როდის და როგორ იგრძენით თავი ავტორად?

– წერა რაღაც უცნაურად დავიწყე, თითქოს ჩემდა უნებურად. ამ პროცესს ყოველთვის თავს ვარიდებდი, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ, ყოველთვის „ვწერდი“. ჩემი თავი ასეა მოწყობილი _ სიტყვები უნდა წარმოვთქვა. არ აქვს მნიშვნელობა, ლამაზ პეიზაჟს ვხედავ, თუ სასაცილო სცენას: უბრალოდ ყურება არ შემიძლია, აუცილებლად უნდა აღვწერო, ყველაფერს სახელები დავარქვა. აი, ჩემ წინ მინის ლარნაკია, ლარნაკში – ვარდისფერი ვარდი. მხოლოდ ეს რომ აღვნიშნო, გამოდის არაფერი  მითქვამს. რას ნიშნავს, მაგალითად „ვარდისფერი ლარნაკი“? ვარდისფერი რომ ათასგვარი შეიძლება იყოს. და საერთოდაც, ეს უკვე იყო. ამიტომ, ისე უნდა თქვა, რომ ეს ვარდი რეალურ ცხოვრებაშიც და ქაღალდზეც არსებობდეს. ადამიანმა ვერც კი უნდა იგრძნოს, რომ ის დაინახა. ისეთი სიტყვები უნდა მოძებნო, რომ ამ ვარდმა ტექსტში იცოცხლოს და სანამ არ ფიქრობ, თითქოს ვერც ვერაფერს ხედავ. სახელდების, ვერბალიზაციის სურვილი ყოველთვის მქონდა. სიზარმაცე და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა კი მაკავებდა. შემდეგ კი სერიოზულად მოვკიდე წერას ხელი. როდესაც მეკითხებოდნენ იმას, რასაც ყველა მწერალს: „როდის დაიწყეთ წერა“, დიდხანს ვერ ვხვდებოდი რა მეპასუხა. მერე მივხვდი, რაც მოხდა. 1982-ში, იმ წელს ბრეჟნევი გარდაიცვალა _ ფიოდოროვის კლინიკაში თვალების ოპერაცია გამიკეთეს. ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ როდესაც გადახვევაზე მივდიოდი, წუთიერი თუ სამ,ან ხუთწუთიერი დუმილით ბრჟნევს მიაგეს პატივი. სიჩუმე ბრეჟნევისათვის პატივის მისაგებად, ჩვენს ავტობუსში, სიცივე, ბევრი ხალხი, ყველა სახვევებითა და ბინტებით, გარშემო გაურკვეველი ბარაკები, სათავსოები, კლინიკა ტრიალ მინდორში, სადაც თვალის ოპერაციებს აკეთებდნენ. დგას ავტობუსი, გარშემო საბჭოთა კოშმარი: ბარაკები ჰორიზონტამდე და ყველა დუმს. რადგან ეს ოფიციალური ღონისძიება იყო, ყველა მანქანა გაჩერდა, პურ-ფუნთუშეულის მაღაზიებში ვაჭრობა შეწყდა, ვიღაცის ხელი სამკაპიკიანით გაშეშდა სალაროს თავზე. ყველა დუმს. აბსოლუტურად შემზარავი სანახაობა იყო. მაშინ ვიფიქრე, ყველა ერთბაშად, ალბათ, იმიტომ გაჩუმდა, რომ ეპოქა დასრულდა, საშინელი ეპოქა.

ოპერაციის შემდეგ უსაქმურობის სამი თვე დაიწყო: სინათლის ნებისმიერი სხივი თვალს ისე მჭრიდა, რომ სახლში სპეციალური ფარდები ჩამოვკიდე და ორ წყვილ შავ სათვალეს ვატარებდი. სამთვიანი გონებრივი სტაგნაცია მქონდა. მხოლოდ მუსიკას ვუსმენდი. შემდეგ თვალები მომირჩა, მხედველობა დამიბრუნდა, გამახსენდა ბავშვობა, მეზობლები, არომატები… ყველაფერი ის, რაც მეხსიარებაში დიდი ხნის წინ გახუნდა და გაფერმკრთალდა, ახლა საოცრად მკაფიო და ცოცხალი იყო. გავიფირე: „დავწერ!“ ავიღე კალამი, ქაღალდი და დავწერე მოთხრობა და ეგრევე მივხვდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. ამიტომ არ მქონია არანაირი მოსამზადებელი პერიოდი, ჩანახატები, შავი რვეულები… შევუდექი წერას და დაიწყო ჩემი, ამ მხრივ, საინტერესო და სახალისო ცხოვრება.

– როგორ წერთ და რა არის თქვენთვის ლიტერატურა?

– ვწერ ცოტას, ნელა, რადგან ეს მსიამოვნებს და მჭირდება. მაგრამ ასე ხომ ბევრს ვერ დაწერ. ყოველთვის გწყდება გული, რომ შეიძლება რაღაცის თქმა ვერ მოასწრო. ამიტომ აღმოვაჩინე ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი რამ ჟურნალისტიკა, რომელშიც შენი პიროვნების სხვა მხარე შეგიძლია წარმოაჩინო. ვსარგებლობ ამით და ერთდროულად მწერალიც ვარ და ჟურნალისტიც.

– რა დამოკიდებულება გაქვთ დროსთან, რომელშიც ცხოვრობთ?

– დროსთან ყოველთვის უცნაური დამოკიდებულება მქონდა. ციფრები მერევა. რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის გარდა, რომლის თარიღი სპეციალურად, საორიენტაციოდ დავიმახსოვრე, 80-იანები ჩემთვის ერთიანია. ჯერ ერთი, წლებს მიყოლებით არ ვიმახსოვრებ, დროის რაღაც სხვა ათვლა მაქვს. გარდა ამისა, ხანდახან მგონია, არა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგ სიცოცხლეში მექნება საშუალება ავირჩიო წარსულის რომელ ეპოქაში დავიბადო. სრულიად სერიოზულად ვფიქრობ, რა მოვიგონო საინტერესო საკუთარი თავისთვის. ერთი ჩანაფიქრი უკვე მაქვს: მშვიდად ვიცხოვრო და მოვკვდე მოხუცებული, სასურველია სადღაც 1913 წლისათვის, სანამ ყველაფერი რიგზეა და საშინელი დროება ჯერ არ დამდგარა. არც პირველი მსოფლიო ომი დაწყებულა, არც რევოლუცია… მოვესწრო ვერცხლის საუკუნეს, ყოველივე საკუთარი თვალით ვნახო. საინტერესო იქნებოდა იქ აღმოჩენა. კიდევ, ძალიან მინდა მოვხვდე არა ანტიკურ, არამედ ძველ მსოფლიოში. საქმე ისაა, რომ ჩვ. წელთაღრიცხვამდე ძველმა მსოფლიომ კრახი განიცადა, დაინგრა ძველი სამეფოები, დაიქცა ხეთები, ტიროსი, სიდონი, განადგურდა კრეტის სასახლეები, მოხდა გლობალური კატაკლიზმი, აპოკალიფსი. მთელი მსოფლიო დაიწვა. შემდეგ ორასი წელი იყო მღვრიე წყალი – არავინ არაფერი იცის, დამწერლობა არ იყო, უფრო სწორედ, იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ რაიმე ჩაეწერათ, ყველაფერი დაიკარგა, გაქრა. ძალიან მინდა მოვხვდე იქით, ამ წყალგამყოფს მიღმა. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ახლა თხრიან, ეს ფანტასტიური ცივილიზაცია იყო, უაღრესად დახვეწილი ხელობითა და ხელოვნებით. უნატიფეს ნივთებს სწორედ იმ ფენებიდან იღებენ. აი, იქ მოხვედრა მინდა. ვგრძნობ, მეც იქიდან ვარ წარმოშობით.

სერიოზულად კი, მიხარია, რომ სწორედ ამ დროში ვცხოვრობ, არა საბჭოთა, ან სტალინურ ეპოქაში. საკმაოდ ახალგაზრდამ ვნახე, რომ რუსეთში შეიძლება სხვანაირად ცხოვრება, არა ისე, როგორც ვცხოვრობდით იქამდე, როდესაც არაფერი იყო ნებადართული. ყველა იმ უმსგავსობის მიუხედავად, რომელიც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში და გულს მტკენს, თავისუფლება ქვეყანაში არის. ხოლო თუ ადამიანმა ერთხელ მაინც შეიგრძენო იგი აღარაფერზე გაცვლის.

– მრავალი კრიტიკოსი თუ გამომცემელი თქვენ რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო მწერალს გიწოდებთ. რას ფიქრობთ ამგვარ პოპულარობაზე?

_ მადლობა,  ტკბილი სიტყვა, როგორც იტყვიან, კატასაც სიამოვნებს. მე ამ ტერმინებით არც საკუთარ თავზე და არც სხვებზე არ ვმსჯელობ. საუკეთესო… არასაუკეთესო… გამოდის, ძალიან რომ ეცადო, შეიძლება შეადგინო იერარქიული სია: ვინ საუკეთესოა, ვინ მეორე, ვინ მესამე. ეს ხომ უსარგებლოა. მე, გარდა იმისა რომ ვწერ, მკითხველიც ვარ. ისეთი წიგნები მიყვარს, რომლებიც ჩემში გამოძახილს პოულობს. ეს ხშირად ძალიან განსხვავებული ლიტერატურა მჭირდება. ზოგი წიგნი შინაარსის, ზოგი ენის, ზოგი იდუმალების გამო. ყველა ეს მახასიათებელი შეიძლება ერთსა და იმავე ავტორის ნაწარმოებში განსხვავებულად იყოს წარმოჩენილი, ხან ბორცვია, ხანაც _ ნაკადული. ზოგი ტექსტი სრულიად მშვენიერია, ზოგიც გვერდით ჩაგივლის: არც შენ შეხედავ, არც _ ის. ადამიანები ხომ განსხვავებულები ვართ და სულის კონფიგურაციაც სხვადასხვაა. კედელს ხან ერთი მხარით ეყუდები, ხანაც _ მეორეთი, და ჩემთვის  სულერთია, თანამედროვეა მწერალი, თუ ძველი. თაროზე წიგნები ანბანის მიხედვით მაქვს დალაგებული. კი, შეიძლება დაფიქრდე კიდეც ვინ როდის იყო, მაგრამ რა საჭიროა?! როდესაც კითხულობ, თავად იქცევი ტექსტად, ერწყმი მას, თითქოს მაქცია ხდები და არ გადარდებს საუკეთესოა ის, თუ არა…

– თანამედროვე რუსი მწერლებიდან ვინ მოგწონთ?

– ძალიან მიყვარს ლუდმილა პეტრუშევსკაია. მომწონს პელევინი. ვიცი, ვიღაცები ამბობენ, რომ ის მწერალი არ არის. სისულელეა, ისინი თავად არ არიან მკითხველები! მიყვარს ბორის აკუნინი და მისი ფანდორინული პროექტი. ძალიან მიყვარს. გაოგნებული ვარ, როგორ მოახერხა ამ ძალიან დაკავებულმა ადამიანმა, სხვა სფეროს სპეციალისტმა, ორ წელიწადში დაეწერა შვიდი ერთი მეორეზე საინტერესო რომანი. დიდი ხნის დავიწყებულ გრძნობას აღძრავს ჩემში: კთხულობ და ფიქრობ: „რა იქნება შემდეგ?“ მშვენიერი ენა აქვს, დალაგებული თხრობა, დეტალური აღწერები. ახალი მწერლებიდან ის ჩემთვის ყველაზე ახლოა.

ნელ-ნელა აქა–იქ ჩნდებიან ახალი ვარსკლავუკები, მარამ ვერ ვიტყვი, რომ რამეს განსაკუთრებულს ვხედავ მათში. არა, ასე ერთბაშად ლიტერატურა არ კვდება. უბრალოდ, ის ახლა იბადება. მე კი ვზივარ და ველოდები, როდის მოიგონებს ვინმე რამეს. ამას წინათ დიდი აურზაური იყო: ვიღაცა წლის, საუკუნის, თუ ათასწლეულის საუკეთესო მწერალი აღმოჩნდა… ეს ყველაფერი გასაბერი ლეიბივითაა.

არა! უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არაფერი საკვირველი არ მიპოვნია. ძირითადად ყველაფერი მარცხენა ფეხითაა ნაკეთები. არიან ახალი მწერლები, რომლებსაც აქვთ აზრები, იდეები, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი… გააკეთე ბოლომდე, ვერ ხედავ, ერთი მხრიდან დაიწვა, მეორე მხარე უმია. ყველაფრის რიგიანად გამართვაა საჭირო. ამ მხრივ, პეტრუშევსკაია სრულყოფილია. არც ერთი ბგერა არ არის მის ნაწარმოებებში უადგილო. ზუსტად იცის რა, სად, როდის… და არასდროს ცდილობს შემოგაპაროს ნახევარფაბრიკატი.

– მაინტერესებს თქვენი აზრი „ქალურ ლიტერატურაზე“: როგორ წერენ ქალები და, საერთოდ, შეიძლება ლიტერატურაში სქესზე საუბარი?

_არ მიყვარს სხვადასხვა თეორიები, რომლებიც ამის შესახებ არსებობს: სქესი, გენდერი… არ მესმის რას გულისხმობენ „გენდერში“. უფრო სწორედ, მესმის, მაგრამ არ მინდა ამაზე ფიქრი. ვფიქრობ, შემოქმედების თვალსაზრისით, განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის არ არსებობს. რაც უფრო კარგია ლიტერატურა, მით უფრო იშლება ეს ზღვარი. აი, ავიღოთ ერთი ცხენის ისტორია, ლევ ტოლსტოის მოთხრობა „ხოლსტომერი“: ხომ ვერ ვიტყვით, რომ ავტორი, ლევ ტოლსტოი, ცხენი იყო? მაგრამ აღწერდა ცხენის განცდებს. მისი გენიალურობა აძლევდა ამის საშუალებას. სწორედ ესაა ლიტერატურა: თუ პიროვნება მრავალმხრივი, ყოვლისმომცველია, მაშინ ქალი შეიძლება კაცი იყო, და, პირიქითაც, კაცი ქალი. სხვა საქმეა მდარე ლიტერატურა. იქ არსებობს ქალური თემები, მამაკაცური თემები, სქესები არსებობს და ეს ორი სხვადასხვა სამყაროა. საერთოდაც არსებობს სივრცე, სადაც გადაკვეთის წერტილები არ არის. ამიტომ ადამიანები თანაარსებობენ და ერთმანეთს ავსებენ. მწერალი კი, როგორც ნებისმიერი შემოქმედი, უნდა იყოს ყველგან: ბაღლინჯომ გაირბინა, შენც მისდევ. ამ მხრივ, მწერალი პატარა ღმერთია: წელში მოხრილი, ბრუციანი, ცალი ფეხით კოჭლი, მაგრამ მაინც ღმერთი. ის ქმნის ყველაფერს, სახელებს არქმევს და ბიძგს აძლევს. თუმცა, ფაქტობრივად, არსებობენ მწერლობით დაკავებული კაცი და ქალი, რომლებიც სხვადასხვა ბანაკში არიან.

– როგორ მიმდინარეობს თქვენთვის ნაწარმოების შექმნის ლიტერატურული პროცესი?

– სინამდვილეში ძალიან ბევრი პროცესია. ერთი ვარიანტი ასეთია: თვითონ იქოქება სადღაც თავში. იქმნება რაღაც წარმოდგენა და შემდეგ ვითარდება ხატი, ხშირად ძალიან განსხვავებული მასალისაგან. მოდის რაღაც გრძნობა, შეგრძნება სიტყვებად, ინტონაციებად, სახეებად დალაგებული ზმანების აუცილებლობისა. ზოგჯერ ცხოვრებისეული ბიძგი: გარკვეული სიტუაცია გეკრობა და შენთან ერთად ცხოვრობს მრავალი წელი, სანამ არ აღწერ. ზოგჯერ შეკვეთა, უფრო სწორედ, თხოვნა დაწერო გარკვეულ თემაზე. ისე, უბრალოდ, ხომ არაფერი ხდება. თუ გთხოვეს რამე გააკეთო, ესე იგი, ეს შენ გჭირდება და მთხოვნელი კი, ასე ვთქვათ, ამ შეკვეთის გამტარი, არის ადამიანი მოგზავნილი საიდანღაც… ამიტომ, მის თხოვნას ყურადღებით უნდა მოეკიდო. არის, რა თქმა უნდა, იდიოტური თხოვნებიც. ისეც ხდება, რომ ის, რასაც აკეთებ თავდაპირველი თხოვნის ფარგლებს აღემატება: შეგიკვეთეს რაღაც წვრილმანი ჟურნალისთვის, შენ კი სცდები ჩარჩოებს. აღმოაჩენ, რომ სერიოზული საკითხი ყოფილა. ისეც ხდება, რომ შეკვეთი უხერხულად გრძნობს თავს, ზოგჯერ არც იღებს შეკვეთილ ტექსტს, ან იღებს, მაგრამ შიშით. აი, ვთქვათ, გლამურული ჟურნალები მიკვეთავენ რაიმე თემას, მე კი ვწერ ანტიგლამურულად: მათი სტილი საშინელია და არ მსურს მივბაძო. მაგრამ ზოგჯერ ისინიც ცდილობენ საკუთარ თავს აჯობონ და გთხოვენ დაწერო რამე ადამიანური შეკვეთილ თემაზე. მერე კი შემოიკრავენ თავზე ხელს: გლამურმა ხომ არ იცის სევდა, ნაოჭები, სიკვდილი… გამოდის კი, რომ სწორედ ეს შეუკვეთეს…

ესაუბრა ელენა პიკუნოვა.

თარგმნა ნიკოლოზ აგლაძემ

 

კომენტარები

კომენტარი