ვიზუალური ხელოვნება

ოსკარ შმერლინგის კარიკატურები 1903 წლის საქართველოს შესახებ

გაზეთის ფურცლების ვიზუალური გაფორმება ყოველთვის ისეთი მარტივი არ ყოფილა როგორიც დღესაა. მეოცე საუკუნის დამდეგს, საქართველოში გამოსული ცნობის ფურცლების საკმაოდ მნიშნელოვანი ნაწილი, ხშირად რამდენიმე გვერდიც კი ეკავათ კარიკატურებს და შარჟებს. ნამუშევრები მოგვითხრობდნენ იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოპულარული თემების შესახებ. პარალელურად, მსგავსი შარჟები საშუალება იყო თავისუფალი აზრის გამოხატვის და სათმელის, რომელიც ხშირად დაბეჭდილი სიტყვებით შეუძლებელი იყო.

კარიკატურით მიწოდებული ინფორმაცია იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია. კარიკატურა ჩვეულებრივ სასაცილო, დამახინჯებული ფორმით გამოხატავს ვინმეს ან რაიმეს, თუმცა მისი მიზანი სულაც არ არის ის, რომ საზოგადოება გაართოს. ის ადამიანებს აიძულებს, დაფიქრდნენ მიმდინარე მოვლენებზე, ხშირად კი უბიძგებს მათ, რომ შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულებანი აქტუალური საკითხების მიმართ.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი კარიკატურისტი 1900-იანი წლების საქართველოში გერმანელი გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი იყო. ის 1863 წლის ივლისში თბილისში დაიბადა. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884 წლიდან), მიუნხენში (1891-1892). 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902-1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში. თანამშრომლოდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „ტარტაროზი“, „შურდული“, „ბზიკი“, „ეშმაკის მხარე“, „სოფლის ალიაქოთი“და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში.

იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის (იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, გრავირებულია გ. ტატიშვილის მიერ; „თავდადებულნი ქართველნი“, 1895; „იავნანამ რა ჰქმნა“, 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვა).

ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა. აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მიხეილ ჭიაურელი.

artnews.ge გთავაზობთ ოსკარ შმერლინგის კარიკატურებს საქართველოს შესახებ, რომლებიც 1903 წლით თარიღდება.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი