საშემსრულებლო ხელოვნება

ოპერის თეატრის დასი ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თეატრის სცენაზე

16-20 მარტს იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ბუნკა კაიკანის თეატრის სცენაზე საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი შედგა.

საბალეტო დასმა ოთხი გალა-კონცერტი გამართა და ორი განსახვავებული პროგრამა წარმოადგინა. რეპერტუარი, როგორც კლასიკური საბალეტო სპექტაკლების, ასევე თანამედროვე ქორეოგრაფების დადგმებისგან შედგებოდა.

განსაკუთრებული ოვაციით მიიღო იაპონელმა მაყურებელმა ნინო ანანიაშვილის გამოსვლა პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავში“, ლ. მინკუსის „დონ კიხოტსა“ და კ. ვებერის „ვარდის აჩრდილში“. ქართველ პრიმა-ბალერინას სცენაზე პარტნიორობას უწევდნენ ამერიკის საბალეტო თეატრის წამყვანი სოლისტი მარსელო გომესი, მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერი ალექსანდერ ვოლჩკოვი და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი იონენ ტაკანო.

მაყურებლის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტებმა: ნუცა ჩეკურაშვილმა, ნინო სამადაშვილმა, ეკატერინე სურმავამ.

იაპონელი ბალეტის კრიტიკოსების შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გამოსვლა ტოკიოში, მსოფლიოს წამყვანი საბალეტო კომპანიების სტანდარტის იყო და კვლავ გამოთქვეს იაპონიაში დასის გასტროლის გამართვის სურვილი.

იაპონიის ტელევიზიამ –  TBS-მა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლის შესახებ არაერთი სიუჟეტი მოამზადა, ნინო ანანიაშვილს კი პირველი გალა-კონცერტის შემდეგ პირდაპირი ჩართვა ჰქონდა.  პარალელურად, სპექტაკლების პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა იაპონიის ოთხი სახვადასხვა ქალაქის კინოთეატრებში.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი უახლოეს დღეებშიც მორიგ გასტროლზე მიემგზავრება. 4-10 მაისს, გასტროლი ესტონეთსა და ფინეთში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი