ვიზუალური ხელოვნება კინო კულტურა

დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა

დღეს ცნობილი რეჟისორი სერგეი (სერგო) ფარაჯანოვი 94 წლის გახდებოდა. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საბჭოთა კინორეჟისორი 1924 წელს თბილისში დაიბადა. გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში.

ფარაჯანოვი რეჟისორი და სცენარისტი იყო. მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს. სომხური წარმოშობის ქართველის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.

ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.

მისი ფილმოგრაფია არაერთი ცნობილი სურათისგან შედგება:

ფარაჯანოვის ძეგლი თბილისში

ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული  (1992) (სეგმენტი „აღიარება“), აშუღი ქერიბი (1988) … აგრეთვე ცნობილი როგორც აშიკი ქერიბი (1988) (აზერბაიჯანულ ენაზე), არაბესკები ფიროსმანის თემაზე (1985), ამბავი სურამის ციხისა (1984), საიათ ნოვა (1968) … აგრეთვე ცნობილი როგორც „ბროწეულთა ფერი“ (1968),  ჰაკობ ჰოვნატანიანი (1967),მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები (1964) … ინგლ. Shadows of Forgotten Ancestors (1967) (USA), ყვავილი ქვაზე (1962), უკრაინული რაფსოდია (1961), პერვი პარენ (1959), დუმკა (1957), ნატალია უშვიჰ (1957), ოქროს ხელები (1957), ანდრიუშა (1954), მოლდავური ზღაპარი (1951).

არსებობს სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ინგლისურენოვანი ვებ გვერდი. ერევანში მისი სახელობის მუზეუმიცაა გახსნილი.

გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებიდან:

navigate_before
navigate_next

 

კომენტარები

კომენტარი