ვიზუალური ხელოვნება

ინტერვიუ ქართველ სტუდენტთან, რომლის ნამუშევარი The Scientist-მა წლის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ დაასახელა

აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტი ანი ციციშვილი ნამუშევრებს ლაბორატორიაში მიკრობებისგან ქმნის. მან საზოგადოების ყურადღება თავისი უცნაური და საინტერესო ხელობით მიიპყრო. მეტიც, მისი შესრულებული ნახატი საკმაოდ პრესტიჟული სამეცნიერო გამოცემის The Scientist-ის 2017 წლის ყველაზე პოპულარული ფოტო გახდა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს ანი ციციშვილთან, სადაც ის უკეთ ახსნის თუ რას გულისხმობს ზოგადად “Microbial Art”-ი, როგირია ხატვის პროცესი და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ის:

– თავდაპირველად რომ აგვიხსნათ, რა არის საერთოდ „Microbial Art”-ი და რამდენად პოპულარულია საქართველოში?

– „Microbial art“ გულისხმობს  ნახატების შექმნას ცოცხალი მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები) გამოყენებით, სპეციალურ, სტერილურ საკვებ არეზე, ლაბორატორიულ  პირობებში. ნახატები შექმნილია მიკროორგანიზმებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნახატის დასანახად  მიკროსკოპი გვჭირდება. ნახატის  ზომა საშუალოდ 10სმ დიამეტრშია წრიულ ფინჯანზე. საქართველოში ეს უახლესი დარგია და ჯერჯერობით განვითარებული არ არის. ჩემთვის ცნობილია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სცადეს რამდენჯერმე დაეხატათ მიკრობებით, სხვა ფაქტი ამის შესახებ არ მსმენია, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ საზღვარგარეთ “Мicrobial Art”–ი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

– ვფიქრობ, საინტერესო იქნება დაახასიათო ხატვის პროცესი, რა სირთულეებს აწყდები ხატვის დროს?

– მიკრობებით ხატვისთვის საჭიროა, პირველ რიგში, მასალა. საღებავი ამ შემთხვევაში მიკრობებია, რომლებიც ბინადრობენ ჰაერში, წყალში, მიწაში, ადამიანის კანზე და საერთოდ ყველგან ჩვენ გარშემო. ისინი სპეციალურ საკვებ არეზე მოხვედრისას სწრაფად მრავლდებიან და წარმოქმნიან კოლონიებს, რომლებიც მიკროორგანიზმის სახეობიდან და საკვები არიდან გამომდონარე სხვადასხვა ფერისები არიან. მაგალითად, სტაფილოკოკი (Staphylococcus epidermidis) არის ყველა ადამიანის კანის ბუნებრივი ფლორის წარმომადენელი ანუ ცხოვრობს კანზე. მისი კოლონიები თეთრი ფერისაა და ნახატზე  ვზრდი, როგორც თეთრ ფერს. ასეა წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი და ა.შ. ხატვის დროს საჭირო ფერის მიკრობი გადამაქვს სტერილური მარყუჟით ან ფუნჯით საკვებ არეზე, მიკრობები თავიდან არ ჩანს, მხოლოდ 2-3 დღის მერე იწყებენ ზრდას და ნახატიც ხილული ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, მიკრობებით ხატვა ნიშნავს საჭირო მიკროორგანიზმის საჭირო საკვებ არეზე გარკვეული თანმიმდევრობით დასმას შემდგომი ზრდისთვის.  რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან ახლავს პრობლემები. მაგალითად, ხშირია დაბინძურება ანუ ერთი ტიპის მიკრობი შემთხვევით ხვდება იქ, სადაც არ უნდა იყოს. მაგალითად, თეთრი ფერის ადგილას მოხვდა წითელი მიკრობი და ნახატი გაფუჭდა და დაბინძურდა. ეს მიკრობი ვეღარ წაიშლება იმ ადგილიდან. კიდევ ერთი პრობლემა ესაა ზრდის პერიოდები, ანუ ზოგიერთი მიკროორგანიზმი იზრდება სწრაფად მაგალითად 4 დღეში ზოგი კი  1 დღეში. ასეთ შემთხვევაში, თუ ერთდროულად მოვათავსებთ ორივე მიკროორგანიზმს საკვებ არეზე, სწრაფად მზარდი ნელა მზარდს „დაჩაგრავს“ და  სულ სხვანაირ შედეგს მივიღებთ. აუცილებელია ასევე ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინება. საშუალოდ ის მიკროორგანიზმები, რომლებსაც ხატვისთვის ვიყენებ,  კარგად იზრდებიან 28-37 გრადუსის  შუალედში.  ზრდის შემდეგ, აუცილებელია ნახატის შენახვა მაცივარში იმისთვის, რომ მიკროორგანიზმებმა ზრდა შეანელონ და ზედმეტად არ „გადაიზარდოს“ ნახატი. როდესაც საკვები არე გაშრება, ნახატიც კვდება. ერთი ნახატი საშუალოდ ინახება 1 წლის მანძილზე.

ჰაერიდან გაზრდილი კოლონიები

– რამდენად დიდი ნაწილი უკავია ხატვას თქვენს ცხოვრებაში, არის ის ძირითადი პროფესია თუ უბრალოდ ჰობია?

– ხატვას ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ესაა მეორე პროფესია, რომელიც ძირითადთან გათანაბრებულია. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ხატვას და არა მარტო მიკრობებით, როგორც ჩვეულებრივი საღებავებით , ასევე ტუშით და ფანქრებით .

– თქვენ ნამუშევარი ერთ–ერთი მსოფლიო დონის გამომცემლობის „The Scientist–ის” მიერ 2017 წლის ყველაზე პოპულარულ რეპროდუქციად დასახელდა. საიდან გაიგეს მათ ამის შესახებ?

– ნახატი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციის ( American Society of Microbiology )  მიერ  ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა (მესამე ადგილი ). ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო ამ კონკურსში მონაწილეობის, სადაც მონაწილეობას იღებდა 36 ქვეყნის 265 მონაწილე.

რეპროდუქცია, რომელიც სამეცნიერო გამოცემის The Scientist-ის მიერ 2017 წლის ყველაზე პოპულარული ფოტოდ დასახელდა.

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანია რაც ამ პროფესიით დაკავდით, სხვა რამე წარმატებას თუ მიაღწიეთ?

– სხვა ამ სფეროში ჯერჯერობით არაფერია, რადგან მიკრობებით ხატვა სულ 1 წელია რაც დავიწყე. სხვა ხელოვნების სფეროებში, მაგალითად, მუსიკაში ხშირად მქონდა კონცერტები, აგრეთვე ვარ კონკურსის „საქართველო ჩემი ბაღია“ გამარჯვებული, სადაც ცოცხალი მცენარეებით მინიბაღის დაპროექტება და გაზრდა მევალებოდა. რაც შეეხება ხატვას, ბავშვობაში მიმიღია მონაწილება რამდენიმე გამოფენაში.

– სად შეიძლება იხილოს მკითხველმა თქვენი ნამუშევრები, ბაზარზე თუ გაქვთ გატანილი გასაყიდად?

მკითხველებს ნამუშევრების ნახვა შეუძლიათ ჩემს ფეისბუქ გვერდზე “Ani Tsitsishvili Art”.  გასაყიდად არ გამაქვს გადატნილი, რადგან ესაა ცოცხალი მიკრობული მასა და უნდა ინახებოდეს ლაბორატორიულ პირობებში, თუმცა ნახატების ბეჭდური ვერსიით გაყიდვა შესაძლებელია. ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ვმუშაობ, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობ.

–  და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? 

– სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ გამოფენების მოწყობას, რაც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, რადგან ეს იქნება პირველი გამოფენა, სადაც ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება როგორც საღებავით, ისე ცოცხალი მიკროორგანიზმებით შესრულებული. ეს კი საქართველოში ნამდვილად სიახლეა.

ანი ციციშვილის მიერ მიკრობებით შესრულებული ნამუშევრები:

საღებავით შესრულებული ნამუშევრები

 

კომენტარები

კომენტარი