ლიტერატურა

ცოტნე ცხვედიანი – “კაცები მზეში” (რეცენზია)

“არტნიუსი” გთავაზობთ ცოტნე ცხვედიანის რეცენზიას წიგნზე “კაცები მზეში”

შეგახსენებთ, რომ ცოტნე ცხვედიანი ახალგაზრდა პროზაიკოსია, მას ორი წიგნი: “ქალაქები და წმინდანები” და “მაიაკოვსკის თეატრი” ეკუთვნის. ეს უკანასკნელი რომანი 2017 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.

“წარმოვიდგინოთ, რომ მთვარეს აქვს შეგნება და ის მდგომარეობა ცის სივრცეში, რომლის მეოხებითაც ის ბნელდება, ეჩვენება თავისი ნების თვითგამორკვევის ნაყოფად და არა მარტო აყენებს მას დიდ სიამოვნებას, არამედ აუცილებელიცაა მისი ზნეობრივი სიმშვიდისათვის, რის გამოც იგი ყოველთვის გატაცებით ესწრაფვის დაიკავოს ეს მდგომარეობა. რას იგრძნობდა მთვარე, თუ იგი ბოლოს აღმოაჩენდა, რომ სინამდვილეში მისი ნებისყოფა და იდეალები კი არ განსაზღვრავენ მის მოძრაობას ცის სივრცეში, არამედ პირიქით, მისი მოძრაობა განსაზღვრავს მის ნებისყოფასა და იდეალებს…”

გ.პ. 1898

,,კაცები მზეში’’ (رجال في الشمس)  პალესტინელი მწერლის ღასან ქანაფანის წიგნია, რომელიც გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში’’ დაბეჭდა. ეს არის ამბავი ჩვენს შესახებ, გლობალური სამხრეთის გეტოებში მცხოვრებ ექსპლუატირებულ და უმუშევართა სარეზერვო არმიაზე, რომლებიც ყოველ დღე ვიბრძვით ვიპოვოთ სამუშაო. ხშირად დამამცირებელი და სიცოცხლისთვის საშიში.

ღასან ქანაფანი პალესტინელთა შორის გამორჩეული ავტორია. სხვებისგან განსვავებით, რომელთა ტექსტებშიც მთავარი ადგილი უჭირავს ნაციონალისტურ და რელიგიურ თემებს, სადაც გაიდიალებულია შაჰიდი მებრძოლები, ქანაფანი პირველ ადგილზე აყენებს კლასობრივ საკითხს, თუმცა ის  წუთითაც არ ივიწყებს ეროვნულ თვითშეგნებას. მთელი ცხოვრება აქტიურად იყო ჩაბმული პალესტინის გათავისუფლების მოძრაობაში (Popular Front for the Liberation of Palestine-ის წევრი). იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს, თავს აფარებდა ლიბანს, ხოლო 1972 წელს  სპეცსამსახურებმა მოკლეს.

ეს წიგნი, რომელიც 1962 წელს დაიწერა, გვიამბობს პალესტინელებზე, რომლებიც ცდილობენ ქუვეითში არალეგალურად იმუშაონ და ოჯახები შეინახონ. ისინი გავარვარებული მზის ქვეშ, წყლის გადამზიდი მანქანის ავზში იმალებიან და საზღვრის გადალახვას ასე  გეგმავენ. მესაზღვრეები ავტომობილს დიდხანს შეაჩერებენ, საშინელი სიცხისგან დახუთულები კი შველას არ ითხოვენ. ხმას არ იღებენ, ტუჩებს იჭამენ და სიტყვებს გულში იბრუნებენ, რადგან ისევ აქვთ მცირე ბედნიერების იმედი.

ქანაფანი, რომელიც თავისი ხალხის დიდი გულშემატკივარია, ნაწარმოებში არ ცდილობს პერსონაჟების რომანტიზებას. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ერთმანეთს ატყუებენ, ყველაფერზე არიან წამსვლელები. შემზარავი სცენაა, როცა საშინელი  ტრაგედიის წინაშე დამდგარი გმირი სულ ერთი წამით ჩერდება, მაგრამ მას არ აქვს დრო თანაგრძნობისთვის ან დარდისთვის. სრულიად გაუცხოებულია, თვითონაც გადარჩენისთვის იბრძვის.

,,კაცები მზეში’’ მწარე სიმღერაა, რომელიც ყველაფერს ეხება და უკვე ცნობილია და ისიც ვიცით, რომ რამე უნდა ვიღონოთ, თანაც ახლავე.

ღასან ქანაფანი წერს გააზრებული კლასობრივი პოზიციიდან, ის არ ჰგავს ყალბი ცნობიერებით გაბრუებულ მწერლებს, რომლებიც მუდმივად აცხადებენ, რომ აპოლიტიკურები არიან, რეალურად კი კულტურულ ჰეგემონიას წარმოადგენენ. მას უჭირავს კონკრეტული პოზიცია და უპირისპირდება არსებულ მჩაგვრელ ურთიეთობებს.

მწერალი, რომელიც  დამასკოს უნივერსიტეტში სწავლობდა, შესანიშნავად ერკვეოდა ისტორიასა და ფილოსოფიაში. თავის პუბლიცისტურ წერილებში, იგი ლაპარაკობს დამწყებზე, როგორც პიროვნებაზე, რომელსაც სხვებზე მეტად სურს და სხვებზე უფრო შორს იხედება. აქ  ეხმიანება რუსი ფილოსოფოსის გიორგი პლეხანოვის ნაშრმომს ისტორიაში პიროვნების როლის შესახებ.

‘’არავითარ დიდ ადამაინს არ შეუძლია საზოგადოებას თავს მოახვიოს ისეთი ურთიერთობანი, რომელნიც უკვე აღარ შეეფერებიან საწარმოო ძალთა მდგომარეობას ან ჯერ კიდევ არ შეეფერებიან. ამ აზრით, მას არ შეუძლია აკეთოს ისტორია, ამ შემთხვევაში ის ამაოდ დაუწყებს საათს გადაწევას.

საზოგადებრივ ურთიერთობებში თავისი ლოგიკაა: სანამ ადამიანები განსაზღვრულ ურთიეთდამოკიდებულებაში იმყოფებიან, ისინი აუცილებლად ასე იგრძნობენ, იფიქრებენ და მოიქცევიან, სწორედ ასე და არა სხვანაირად. ამ ლოგიკის წინააღმდეგაც, აგრეთვე, ამაოდ დაიწყებდა ბრძოლას საზოგადოებრივი მოღვაწე: მოვლენათა ბუნებრივი მსვლელობა არარად აქცევდა მთელ მის ღონისძიებებს, მაგრამ თუ მე ვიცი, რა მიმართულებით იცვლება საზოგადოებრივი ურთიერთობანი საზოგადებრივ -ეკონომიკურ პროცესში მომხდარი ამა თუ იმ ცვლილებათა გამო, მაშინ ვიცი ისიც, თუ რა მიმართულებით შეიცვლება სოციალური ფსიქიკაც. მაშასადამე, მე შესაძლებლობა მაქვს, მოვახდინო მასზე გავლენა. სოციალურ ფსიქიკაზე გავლენის მოხდენა ნიშნავს ისტორიულ მოვლენებზე გავლენის მოხდენას. ესე იგი, განსაზღვრული აზრით, მე მაინც შემიძლია ისტორია ვაკეთო და საჭირო არაა ვუცადო, სანამ ის თავისთავად გაკეთდებოდეს..’’-გიორგი პლეხანოვი.

ღასან ქანაფანის ტექსტები, რომელიც სავსეა მებრძოლი იმედით, უმნიშვნელოვანესი ღირებულებისაა გლობალური სამხრეთის მკვიდრი ადამიანებისთვის, რომელებიც აცნობიერებენ ჩაგვრის საფუძველს და, ამავე დროს, თავისი ქვეყნის დასაცვად მოუწევთ ბრძოლა. პალესტინელი მეცნიერი ედვარდ საიდი წიგნში „განსჯა დევნილობისა და სხვა ესსეები ‘’ თავის პოზიციას ასე აყალიბებს: ნაციონალური თვითშეგნება – ესაა განაცხადი, ეკუთვნოდე რომელიმე ხალხს და რომელიმე კულტურას. გქონდეს უფლება, სადღაც „თავისიანად“ იგრძნო თავი. ხოლო მისი საკვანძო ცნება – სამშობლო ენის, კულტურისა და წეს-ჩვეულებების ერთიანობად გაიგება. ამით ის დევნილობას პრინციპულად უპირისპირდება.

დღეს, ერთი მხრივ, არსებობს კულტურული ჰეგემონია, რომელიც იმისთვის არის, რომ ვითარება უცვლელი დარჩეს, მაგრამ მეორე მხრივ, გვაქვს მისგან რადიკალურად განსხვავებული თეორიები, იდეები და შეხედულებები. ისინი ერთ, მაგრამ წინააღმდეგობის შემცველ ბაზისზეა დაფუძნებული. ეს წინააღმდეგობრივი ბუნება თავს იჩენს მაშინ, როცა ბაზისი ძველდება, დრომუჭმული ხდება, ამ პერიოდში იგი თვითონ წარმოშობს თავის საწინააღმდეგო იდეებს, თეორიებს, ეს არის დრო როცა ჩაგრულ ადამიანებს აღარ სურთ ძველებურად იცხოვრონ.

პალესტინელი მწერალი სწორედ ექსპლუატაციის დამცველი ჰეგემონიისგან დიამეტრალურად განსხვავებული იდეების და თეორიების წარმომადგენელია. იგი მეომარია, რომელიც აცნობიერებს, რომ ისტორიის საათს ვერ გადაწევს, მაგრამ ცხოვრების შეცვლის იმედს არ კარგავს და ბრძოლის ველზე რჩება.

ცოტნე ცხვედიანი

კომენტარები

კომენტარი