საშემსრულებლო ხელოვნება

რეცენზია თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე “ART-ხელოვნება”

მე–9 კლასელი ბავშვის თეატრალური გამოცდილებისთვის, ალბათ, უცხო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს, როცა სკოლის რეჟისორი ეუბნება, რომ არსებობს გენიალური სპექტაკლი ყოველგვარი დეკორაციის გარეშე, რომელსაც „ART-ხელოვნება“ ჰქვია. ის რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ 1999 წელს, იასმინა რიზეს პიესის მიხედვით დადგა, რომელიც თამაზ გოდერძიშვილმა თარგმნა. სპექტაკლში მიშა გომიაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი და ზურა ყიფშიძე განასახიერებენ სამი მეგობრის როლს.

პირველ კურსზე ვიყავი, როცა სპექტაკლზე წასვლა დავაპირე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს მეგობრებს დიდად არც ხელოვნება იზიდავთ და არც თეატრი, მარტო გადავწყვიტე წასვლა. სცენაზე დამხვდა ძირს დაფენილი უბრალო ნაჭერი, რომელიც სპექტაკლის მთავარ ტოპოსს განსაზღვრავს, უბრალო 3 სკამი, უბრალო განათება და უბრალო სურათი. ეპითეტი „უბრალო“ ყველაზე მეტად ამ სურათს შეეფერება, რომლის ირგვლივაც, რეალურად, თამაშდება მთელი სპექტაკლი. წარმოდგენა ზურა ყიფშიძის მონოლოგით იწყება, სადაც ის თავის დიდი ხნის მეგობარ სერგოსა და სურათის შესახებ საუბრობს. იგი სურათს შემდეგი სიტყვებით აღწერს: “თურმე შაბათს იყიდა. როგორც ირკვევა, კარგა ხანია ოცნებობდა ამის შეძენაზე. სურათი თეთრია, აბსოლუტურად თეთრი. ძვირია?“. რიტორიკულ შეკითხვას კი სერგოს პასუხი მოსდევს: „არა, 6 ათასი მივეცი“.  სწორედ აქედან იწყება მაყურებლის იმ სისტემაში შესვლა, რომელშიც,  ჯერჯერობით, ორი ელემენტი წინააღმდეგობრივად ეჯახება ერთმანეთს. აუდიტორია მალევე აანალიზებს, რომ მიუხედავად მათი მრავალწლიანი მეგობრობისა, მათ შორის ამდენადვე დიდ გაუცხოებას აქვს ფესვები გადგმული. გაუცხოება გარკვეული სახის პოლიტკორექტულობას წარმოშობს, სადაც ადამიანებს ეკრძალებათ ესა თუ ის ქმედებები ან თუნდაც მიმართვები ერთმანეთისადმი. ზოგადადაც, პოლიტკორექტულობა მეგობრობის ერთ–ერთი მთავარი მტერია. მამიასა და სერგოს შორის გარკვეული ბარიერები ნელ–ნელა იმატებს. მამიას უკვე ეკრძალება ნახატისთვის „თეთრი ძღნერის“ დაძახება. ამ ჰიპოთეზას ამყარებს დიალოგის დასაწყისი ზურა ყიფშიძის პერსონაჟსა და ალეკო მახარობლიშვილის პერსონაჟს შორის:

– ცოცხალი ხარ, ვანიჩკა?

– მე ივანე ვარ.

ესეც ერთ–ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმოქმნის გაუცხოება პოლიტკორექტულობას. ცხადია ისიც, რომ შემთხვევითი არაა ამ ორი სახელის დაპირისპირება ერთმანეთთან. მარტივად გამოვიცნობთ რეჟისორის ჩანაფიქრს, თუ სახელების სემანტიკურ–ევფონიურ მხარეებს დავაკვირდებით და ამის შემდეგ გაჩენილ ასოციაციას დავჯერდებით.

Related image

სპექტაკლი მთელი თავისი ფორმითა და შინაარსით, მიმართულია მთავარი კონფლიქტისკენ, რომელიც, სურათის ირგვლივ, ამ სამი მეგობრის ერთმანეთთან ჩხუბს მოიცავს. აღსანიშნავია პოლილოგი მათ შორის, სადაც იმდენად დამაჯერებელი და არგუმენტირებული მსჯელობა მიმდინარეობს, რომ სურათს თავადაც აკვირდები. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ხარ ამ სურათის “აბსოლუტურ თეთრობაში”, მაინც ეჭვდები, თვალებს ჭუტავ, სხვადასხვა მხრიდან უყურებ, ეგება რამე ღირებულს მიაგნო. სურათს სპექტაკლში მხოლოდ და მხოლოდ T-სებური გზაჯვარედინის  ფუნქცია აქვს, რომლის ცენტრშიც ინციდენტი უნდა მოხდეს და მეგობრები ერთმანეთს შეეჯახონ, მაგრამ საჭიროა საკუთრივ სურათზეც ითქვას ორიოდე სიტყვა. მსგავს საკითხებზე დისკუსია დღესაც არ წყდება. დღევანდელმა ეპოქამ ღირებულებათა გაუფასურება ან ამოტრიალება მოახერხა. დაფასდა ის, რაც ვერავინ წარმოიდგენდა რომ დაფასდებოდა. რა უნდა გაგვახსენდეს, თუ არა რუსული ავანგარდის ერთ–ერთი მთავარი წარმომადგენლის, კაზიმირ მალევიჩის „შავი კვადრატი“. თითქოს რა შეიძლება იყოს ამაზე ადვილი: თეთრ ფონზე შავი კვადრატი. ამის დახატვას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შავი კვადრატი თეთრ ფონზერუსი მხატვრის კაზიმირ მალევიჩის ნახატი, რომელიც ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, დღემდე იზიდავს მკვლევარებსა და ფერწერის მოყვარულებს, როგორც რაღაც საკრალური, ერთგვარი მითი, როგორც რუსული ავანგარდის სიმბოლო. რით ავხსნათ ეს გამოცანა?“ – ეს ისეთივე აქტუალური და პასუხგაუცემელია, როგორც 1972 წელს, როდესაც ინგლისელმა კრიტიკოსმა, ჰენრი ვეიტსმა იკითხა.

მე შევეცადე სპექტაკლის პროლოგისა და შუა ნაწილის ჩემებური ინტერპრეტაცია შემომეთავაზებინა. რაც შეეხება ეპილოგს, მოკლედ ვიტყვი და დავასრულებ. როგორც ამ რეცენზიიდან შეამჩნევდით, სპექტაკლი მეგობრებს შორის კამათსა და ჩხუბზეა. უკვე ვთქვი, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო, სპექტაკლზე მარტო მომიწია წასვლა. წარმოდგენის დასასრული კი იმაზე მიანიშნებს, რომ განსხვავებული შეხედულებები მეგობრობის ყველაზე სუსტი მტერია. მე კი ჩემი გადაწყვეტილება ვინანე.

ლექსო ლობჟანიძე

 

კომენტარები

კომენტარი