ვიზუალური ხელოვნება

ნატალია გაბუნია – ის, ვინც ნისლიანი ლონდონი შექმნა (ესე)

“არტნიუსი” გთავაზობთ თავისუფალი უნივერსიტეტის აზია–აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტის, ნატალია გაბუნიას ესეს, სახელწოდებით “ის, ვინც ნისლიანი ლონდონი შექმნა” ესე ფრანგ იმპერიონისტ კლოდ მონეს შეეხება.

ის, ვინც ნისლიანი ლონდონი შექმნა

დროის სვლასთან ერთად, იცვლება ადამიანთა შეხედულებები და მისწრაფებები. ყოველი ეპოქა ქმნის რაღაც ღირებულს კაცობრიობისათვის, დღევანდელი დღისა და მომავლისათვის. რომანტიზმის ეპოქაში  საკუთარ გრძნობებსა და ემოციებთან დარჩენილი პიროვნება გადაიქცა რეალისტ, კრიტიკულ, მიზანსწრაფულ ადამიანად, რაც შეეხება იმპრესიონისტებს, მათ დაიწყეს ზრუნვა იმ წამის გაგრძელებაზე, რომლის შეჩერებასაც რომანტიკოსები ცდილობდნენ.

იმპრესიონიზმის ხსენებისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი ამ მიმდინარეობას. დღევანდელობისაგან განსხვავებით მე-19 საუკუნის პარიზში ძალიან ცოტა გალერეა არსებობდა, ყველაზე კარგი რეპუტაციის მქონეს კი სალონი ეწოდებოდა. უმეტესწილად ის ხელოვანები წარმოადგენდნენ ნამდვილ მხატვრებს, რომლებიც სწორედ ამ გალერეაში გამოფენდნენ საკუთარ ნახატებს.   ის ადამიანები, რომელთაც ჩვენ დღეს იმპრესიონისტების სახელით ვიცნობთ: კლოდ მონე, აუგუსტ რენუარი, ედგარ დეგა და სხვები დაწუნებულები იყვნენ სალონის ჟიურის მიერ, რომელიც წყვეტდა იმ ადამიანების ვინაობას, რომლებიც შეძლებდნენ თავიანთი ნახატების გამოფენას სალონის პრესტიჟულ კედლებზე. მხატვრებმა მოაწყვეს საკუთარი გამოფენა და თავიანთ თავს ანონიმური საზოგადოება უწოდეს. 1874-1886 წლებში სულ 6 გამოფენა მოეწყო.

კლოდ მონე… ანონიმური საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, ანუ პიროვნება, რომელმაც წვლილი შეიტანა იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში. ადამიანი, რომელმაც ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებას სრულიად განსხვავებულად აღქმული სამყარო დაანახა და იმპრესიონიზმის ლიდერის სახელიც ღირსეულად დაიმსახურა.  ფრანგი მხატვარი საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ლონდონში გადასულა საცხოვრებლად და იქ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ინგლისელ მხატვარ უილიამ ტერნერს, რომელიც დახელოვნებული იყო პეიზაჟების ხატვაში, ამჟამად კი მის ნამუშევრებს ისტორიული თემატიკის რანგს უთანაბრებენ.  ამის შემდეგ, მონემ თავის ნახატებში დაიწყო ნათელი, ელვარე ფერების გამოყენება, რაც შემდეგ იმპრესიონიზმის ერთ-ერთი განმსაზღვრელი დეტალი გახდა. მონე არ უშინდებოდა ექსპერიმენტებს და გადაწყვიტა შეექმნა ნახატების ფერწერული ვარიაციები.

Image result for william turner paintings

უილიამ ტერნერის ტილო, რომელიც ასახავს 1834 წლის ხანძარს ვესტმისტერის სასახლეში, რომელსაც მხატვარი თავად შეესწრო

1899 წელს მონემ დაიწყო მუშაობა ვესტმისტერის სასახლის სერიების შექმნაზე, საბოლოოდ ის გახდა 19 ზუსტად ერთი ზომის (81სმ x 92 სმ) ტილოს ავტორი, რომლებიც დახატული იყო ერთი და იმავე ადგილიდან და გამოსახავდნენ ერთი და იმავე სცენას, პარლამენტის შენობას.  მონემ დაიწყო მდინარე ტემზას ნაპირიდან პარლამენტის დახატვა. წმინდა თომას საავადმყოფოს მეორე  სართულის აივნიდან მხატვრის წინ პარლამენტის შენობასთან ერთად იშლებოდა მდინარის ულამაზესი ხედი. ადრეულ სერიებში მონე ყველაზე დიდ მნიშვნელობას ობიექტს ანიჭებდა, ხოლო ფერები შთამბეჭდავ, თუმცა მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა. ვესტმისტერის სასახლის ფერწერულ ვარიაციებში კი მთელ ყურადღებას იდუმალ და გასაოცარ ფერებში წარმოჩენილი ნისლი იქცევს, ხოლო თვითონ შენობა ფერებში იკარგება და მეორეხარისხოვანი ხდება.

ნისლის გაგონებაზე რიგითი ადამიანი აუცილებლად წარმოიდგენს წვრილი წყლის წვეთებს, რომლებიც ჰაერს შედარებით გაუმჭვირვალეს ხდის; ხელოვან ადამიანს კი აუცილებლად კლოდ მონეს ვესტმისტერის სასახლის სერიები დაუდგება თვალწინ სადაც ნისლი წარმოუდგენლად მშვენიერი და განსხვავებულია, განაპირობებს ნახატთა ხასიათის ცვალებადობას და სერიების მრავალფეროვნებას. ნამდვილად უსაზღვრო ფანტაზია და წარმოსახვის უნარია საჭირო ნისლის 19 ტონში გამოხატვისთვის, რომ თითოეულმა არ დაკარგოს თავისი ხიბლი და მშვენიერება.

რაც უფრო ღია ფერისაა ნისლი და მზეც შესაბამის პოზიციაშია, სასახლის ანარეკლი უფრო მკაფიოდ იხატება მდინარეზე. ასევე სერიების შედარებით ვხვდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი დახატულია ზუსტად ერთი და იგივე ადგილიდან, ავტორს არ უზრუნვია იმაზე, რომ დღის დაახლოებით ერთ მონაკვეთში შეესრულებინა ისინი. მზის სხვადასხვა ადგილმდებარეობა გვაძლევს საშუალებას მივხვდეთ, თუ დღის რა მონაკვეთია გამოსახული. იმ ნახატებზე, სადაც მზე საერთოდ არ ჩანს, ნისლი შედარებით მუქი და გაუმჭირვალეა, რაც მიუთითებს, რომ მოსაღამოვდა ან სუსხიანი ამინდი დამდგარა.  სწორედ იმიტომაა გამორჩეული კლოდ მონეს სასახლის ფერწერული ვარიაციები, რომ მხატვარს ნისლში დანახული აქვს ის შესაძლებლობები, რომლებიც არავის მანამდე არ აღმოუჩენია. ნისლის სისქემ, ფერმა, მდგომარეობამ მოგვცა საშუალება სრულიად სხვადასხვა ხასიათის პეიზაჟები დაგვენახა და მივხვედრილიყავით რის გადმოცემა უნდოდა მხატვარს კონკრეტული დეტალის ხატვისას. და რა გასაკვირია რომ იმ ადამიანს, რომელმაც სრულიად ჩვეულებრივ მოვლენაში, სრულიად არაჩვეულებრივი რამ აღმოაჩინა, ვუწოდოთ გენიალური მხატვარი და ნისლიანი ლონდონის შემქმელი?

თუმცა ეს არ ყოფილა ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ინგლისის ნისლი ყურადღების ცენტრში მოხვედრილა. გუსტავ ფლობერს ეკუთვნის ბოდლერისთვის მიწერილი სიტყვები: „ ისეთი დაუმორჩილებელი ხართ, როგორც მარმარილო, და ისეთივე შორსმჭვრეტელი, როგორც ინგლისის ნისლი“.

მე-20 საუკუნის 50 -იან წლებში კი კომიკოსმა ბობ ჰოუფმა, ბრიტანეტში სტუმრობის დროს, სცენაზე დაგვიანებისას ბოდიში მოიხადა და განაცხადა, „მე დავიკარგე ნისლში და როდესაც მინდოდა, ტაქსისათვის დამესტვინა, ვერ ვიპოვე პირი.“

ჰემინგუეი წერდა, რომ მხოლოდ მაშინ მოახერხა კუბისტების ხელოვნების აღქმა, როდესაც აეროპლანიდან გადმოხედა დედამიწას და დაინახა თუ როგორი იყო იგი. ალბათ ჩვენც მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ სრულიად გავაანალიზოთ ლონდონის მშვენიერება ნისლში, როდესაც გაგვიჭირდება საკუთარი პირის პოვნა მდინარე ტემზის სანაპიროზე სეირნობისას. თუმცა, ისიც მართალია, რომ ეს შეგრძნება ბევრს განუცდია, მაგრამ არასდროს დაუნახავს ნისლში ის, რაც ფრანგმა მხატვარმა, კლოდ მონემ აღმოაჩინა, – სიცოცხლე…

კომენტარები

კომენტარი