არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

უცხოურმა ვებგვერდმა გერგეტის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრად დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემამ “Telegraph–მა” გერგეტის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დაასახელა.

სტატიაში მოკლედაა მოთხრობილი მისი ისტორია, ვიზუალური მხარე, შინაარსობრივი და ფორმალური ფუნქციები. აღნიშნულია ისიც, რომ ტაძარს აქვს ცალკე გამოყოფილი სამრეკლო.

“მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში რელიგიური მსახურება აკრძალული იყო, გერგეტის სამება მაინც რჩებოდა სამლოცველო ადგილად.” – წერია სტატიაში.

გამოცემამ სულ 23 ტაძარი დაასახელა, მათ შორისაა: ბეთლემის ტაძარი ირანში, წმ. გიორგის ტაძარი ეთიოპიაში, მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარი რუსეთში და ა.შ.

გერგეტის სამება  გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).

გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.

 

კომენტარები

კომენტარი