ლიტერატურა

ინტერვიუ ტრისტან მახაურთან: ,,პოეტს იოლი გზით სიარულის უფლება არა აქვს”!

“არტნიუსი” გთავაზობთ “ლიტერატურულ სალონში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან და ფოლკლორისტთან ტრისტან მახაურთან.

შეგახსენებთ, რომ ტრისტან მახაური გუშინ დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მას ორი წლის წინ კუჭზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, იგი ქიმიებსაც იკეთებდა, მაგრამ დაავადებამ  თავი კვლავ იჩინა

 ბატონო ტრისტან, დღეს თქვენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ბრძანდებით, აწარმოებთ მეცნიერულ მუშაობას, ატარებთ ექსპედიციებს და საყვარელ საქმიანობას ეწევით, რაც ყოველი ადამიანისათვის უდიდესი ბედნიერებაა, თუმცა ყველაფერი ამქვეყნად რაღაცით იწყება და ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნებოდა, გაეგორა გზა განვლო პროფესორმა ტრისტან მახაურმა დღევანდლამდე, როგორი იყო თქვენი ცხოვრებისეული გზის დასაწყისი?

ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო, როგორც იწყება ნებისმიერი უბრალო ადამიანის ცხოვრება.

დავიბადე დუშეთის რაიონის მაღალმთიან სოფელ გომეწარში, ხალხური მოლექსის ოჯახში. მამაჩემს ჰქონდა პატარა ოჯახური მეურნეობა, ჰყავდა ცხვარი, ძროხა… თვითონაც ფიზიკურად ბევრს შრომობდა და საკუთარი ოფლით არჩენდა მრავალშვილიან ოჯახს.

წიგნის სიყვარული მამამ ჩამინერგა, წერა-კითხვას უფროსი დები მასწავლიდნენ, თვლას და ანგარიშს სიმინდის მარცვლებზე ვსწავლობდი.

ფოლკლორულ გარემოში ვიზრდებოდი, მაგრამ ხალხური საუნჯის მნიშვნელობა ჯერ არ ვიცოდი. ზეპირსიტყვიერი ნიმუშების შეკრებისაკენ ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, აწ განსვენებულმა პოეტმა და მკვლევარმა, ირაკლი გოგოლაურმა, მიბიძგა. ის ხშირად მაძლევდა დავალებებს, მამუშავებინებდა თემებს და მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციებზე აგზავნიდა, სადაც სიგელებსა და დიპლომებს ვიღებდი. ამან ძალიან წამახალისა და გადავწყვიტე, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა.

პირველი ცდა მარცხით დამთავრდა და სამუშაოდ ჟინვალის არქეოლოგიურ ექსპედიციას მივადექი. ექსპედიციის ხელმძღვანელმა რამინ რამიშვილმა გულ-თბილად მიმიღო და ლაბორანტად დამაწყებინა მუშაობა. გათხრები, ძირითადად, ძველი ჟინვალის ტერიტორიაზე, ამჟამინდელი წყალსაცავის ფსკერზე, მიმდინარეობდა. მაშინ იქ ლამაზი სოფელი ჟინვალი იყო ხეხილის ბაღებით, სახნავ-სათესებით, ძველი ციხე-კოშკებით, ეკლესიებით დამშვენებული. სამწუხაროა, რომ ის სილამაზე და სიმდიდრე წყალმა დაფარა.

დღისით ველზე ვმუშაობდი, ღამით წიგნებს ვკითხულობდი და არაგვის დუდუნს ვუსმენდი. იმ დროს ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და განვიცადე.

არქეოლოგიურ ექსპედიციაში მუშაობის პარალელურად ფოლკლორულ-შემკრებლობით საქმიანობასაც ვეწეოდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაღრმავების მიზნით, ფოლკლორისტიკის კათედრასთან დამაკავშირა. გავხდი სტუდენტი და გავყევი ფოლკლორისტიკას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ერთხანს გაზეთis ”ლიტერატურული საქართველო” რედაქციაში ვმუშაობდი. იქ ბევრ საინტერესო მწერალს შევხვდი და გავეცანი. ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა და მომავალSი ვაპირებ ამის შესახებ უფრო ვრცლად დავწერო.

1985 წ-დან ფოლკლორისტიკის კათედრაზე ვმუშაობდი, ვიყავი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი. ამჟამად კი მოწვეული პროფესორი ვარ.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა არის ის ფორმულა  წარმატებისა, რითაც შეიძლება ადამიანმა დაძლიოს წინააღმდეგობანი და დასახულ მიზნამდე გამარჯვებული მივიდეს?

ჩემი გამოცდილებისა რა მოგახსენოთ. მოვიშველიებ ქართულ ხალხურ ანდაზას: ,,მგელი ძვალს არ გადაყლაპავს, ხორხის იმედი რომ არ ჰქონდესო”. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში. იგი ისეთ საქმეს არ უნდა შეეჭიდოს, რომელსაც ვერ გაუმკლავდება. მიზნამდე მისაღწევად კი საჭიროა გამუდმებული შრომა და მოთმინება. ლათინური ანდაზა გვეუბნება: ,,Paulatim summa petuntur” (მწვერვალი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა).

დღესდღეობით მასმედიის მიერ ე. წ. მასკულტურის აქტიური აგიტაციის პირობებში მიმდინარეობს ფარული ბრძოლა ყოველივე ეროვნულის წინააღმდეგ გლო-ბალიზაციის მიზნით. შესაბამისად, თანდათან იკლებს ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესება. ცხადია, ამ ფონზე მეტად რთულია ეროვნული ნიშნით აშკარად გამორჩეული დარგის – ფოლკლორისტიკის – მდგომარეობა და ეს მით უფრო მაშინ, როდესაც ჭირს არა მხოლოდ ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა-დაოსტატება, არამედ შესასწავლ ობიექტთა მოძიებაც კი, ვინაიდან ძველად მარგალიტებით სავსე სოფლები თუ ხეობები დღეს ნასახლარად ქცეულა. მსგავს სიტუაციაში, თქვენი ხედვით, სადაა ”გზა ხსნისა”? რა პერსპექტივები აქვს ფოლკლორისტიკის, როგორც დარგის, განვითარებას?

გლობალიზაციიs საფრთხე თითქმის ყველა კულტურულ ერს ემუქრება, მაგრამ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ცდილობენ ეს საფრთხე როგორმე თავიდან აიცილონ. მხოლოდ ჩვენ ვერაფერს ვუპირისპირებთ მოსალოდნელ საშიშროებას. XXI საუკუნეში კარჩაკეტილი ცხოვრებით, რა თქმა უნდა, ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ უცხო თესლშიც მთლად არ უნდა გავითქვიფოთ, ჩვენი თავისთავადობა არ უნდა დავკარგოთ. ყველაზე დიდი უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს, ესაა ქართველთა დიდი რაოდენობით გადინება საზღვარგარეთ. ბევრი მათგანი შეიძლება ვეღარ (ან აღარც) დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში და ისე გამოვა, რომ სულ მოკლე ხანში ქართველობა საკუთარ მიწა-წყალზე ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდება. თუ ქართველს ადგილზე დავასაქმებთ, მაშინ ტრადიციის შემნახავი და გამგრძელებელიც გვეყოლება, რაც, თავისთავად, ჩვენს გადარჩენას ნიშნავს. მასმედიის საშუალებებით მასკულტურის აქტიური აგიტაცია ვერაფერს დაგვაკლებს (გგონიათ, ვინმე უსმენს?!), თუ ეკონომიურად ძლიერნი ვიქნებით და მყარად ვიდგებით საკუთარ ნიადაგზე. ქართველTა დამაგრება საკუთარ სამშობლოში თანდათან მოხსნის სხვა პრობლემებსაც. ჰუმანიტარული მეcნიერებებით დაინტერესებაც გაიზრდება და ქართული ფოლკლორისტიკის, როგორც დარგისac. მომავალიც აღარ იქნება სათუო. ფოლკლორი ხომ მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ყოფასთან, ტრადიციებთან. იგი ხალხური წეს-ჩვეულებებისაგან მოწყვეტილად არ უნდა განიხილებოდეს. ზეპირსიტყვიერი ტექსტი შესაბამისი რიტუaლის გარეშე უფერულია და უსიცოცხლო. მას ისე არ უნდა მოვეპყრათ, როგორც მარტოოდენ მხატვრულ ტექსტს ან გასართობ მასალას.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წელს, ივლისის თვეში, თიანეთის რაიონში  მოაწყეთ სტუდენტური ექსპედიცია. როგორია ამ ექსპედიციის შედეგები და რა პირობებში ჩატარდა იგი?

ფოლკლორული ექსპედიცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ დარეჯან თვალთვაძის დახმარებით მოეწყო. ექსპედიციას ვხელმძღვანელობდით, ბატონი ხვთისო მამისიმედიშვილი და მე. ჯგუფის შემადგენლობაში იყო თორმეტი სტუდენტი.

თიანეთის რაიონი ზეპირსიტყვიერი შემოქმედების თვალსაზრისით საყურადღებო მხარეა, რადგან აქ სხვადასხვა კუთხიდან მიგრირებულi მოსახლეობაა თავმოყრილი: ბარის ქართველები (ძველი კახეთის მკვიდრთა შთამომავალნი), ფშავლები, ხევსურები, ოსები…

ექსპედიცია ერთკვირიანი იყო და მისი შედეგებიT კმაყოფილნი ვართ, ვინაიდან ამ მოკლე დროში მართლაc რომ მნიშვნელოვანი მასალა მოვიპოვეთ: ჩავიწერეთ დღემდე უცნობი მითოლოგიური გადმოცემები (ანდრეზები), დავესწარით იხინჭობის დღესასწაულს კოპალას სალოცავში, გავესაუბრეთ ხევისბერ პავლე გორელაშვილს, მთელ თიანეთში სახელგანთქმული ქადაგ-მკითხავის – ღანიშაანთ თამარის – ქალიშვი-ლებს, დარიკოს და რუსუდანს, რომლებიც არც ერთ დღეობას არ აცდენენ და ზეპირსიტყვიერების საკმაო მარაგს ფლობენ. დაუვიწყარი იყო სოფელ არტანში 84 წლის თეკლე სალუქაურთან შეხვედრა. მასალა ჩავიწერეთ ვიდეო და აუდიო ფირებზე. ეს მასალა მალე ფოლკლორისტიკის დეპარტამენტის არქივში დამკვიდრდება.

ბატონო ტრისტან, თქვენ მეცნიერულ მუშაობასთან ერთად პოეტურ მოღვაწეობასაც ეწევით. რას გვეტყვით თქვენი ლექსების შესახებ? იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში კრებულის გამოცემა?

ლექსებს ბავშვობიდან ვწერ, მაგრამ იშვიათად ვაქვეყნებ. ახლა გადავწყვიტე, ერთად გამოვცე ჩემი ლექსებისა და თარგმანების კრებული.

თქვენს ერთ-ერთ ლექსში პოეტს შემდეგი სიტყვებით მიმართავთ: ,,გამაგებინე, ეს ბილიკი რად აირჩიე? / ამ გზით ხომ უკან ვერასოდეს ვერ დაბრუნდები”… როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა პოეტს არჩევანი?  როგორია პოეტის გზა?

პოეტს იოლი გზით სიარულის უფლება არა აქვს. ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირის მსგავსად, პოეტიც რთულ გზას ირჩევს და სწორედ ამიტომ ეს გზა საინტერესოა და მიმზიდველი.

ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ წელს უდიდეს ქართველ მოღვაწეს, ვაჟა-ფშაველას, დაბადებიდან 150 წელი შეუსრულდა. თქვენ წარმოშობით, თქვენი ცხოვრებით მნიშვნელოვნად ხართ დაკავშირებული იმავე გარემოსთან, იმავე ტრადიციებთან, რომლის ღვიძლი შვილიც არის ვაჟა-ფშაველა. მწერლის ,,გასაგებად” კი ერთ-ერთ აუცილებელ პირობას მისი წარმომშობი პირობების შესწავლა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მსურს, გაგესაუბროთ ამ საამაყო ქართველის შესახებ და გკითხოთ, თქვენ რა შეფასებას მისცემდით ფშავის რეალობას? როგორია იგი დღეს და როგორი წარმოგიდგენიათ ვაჟას თანამედროვე ხანაში?

ვაჟას თანამედროვე ხანაში ფSავი ისეთივე იყო, როგორც აღწერდნენ ეთნოგრაფები: დავით და ნიკო ხიზანიშვილები, გრიგოლ აფშინაშვილი, თვითონ ვაჟა-ფშაველა, ბაცანა და სხვანი. შუასაუკუნეობრივ იერსახეს ფშავი XX ს-ის 30-იან წლებამდე, კოლექტივიზაციამდე, ინარჩუნებდა. კოლექტივების შექმნამ და ახალი სოციალური ყოფის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფშაველთა ცხოვრება: მოიშალა ტრადიციული თემური ადათები, შეიზღუდა რელიგიური დღესასწაულები, შეიცვალა საზოგადოებრივი ეტიკეტი.

40-იანი წლებიდან, თითქოს, გაუმჯობესდა ფშაველთა საყოფაცხოვრებო პირობები: გაიჭრა სამანქანო გზები, აშენდა სკოლები, მაღაზიები, ბიბლიოთეკები, სამედიცინო მომსახურების პუნქტები, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა მთის დაცლის პროცესი. მოსახლეობა გაურბოდა კოლექტივებში მძიმე მუშაობას და ქალაქში მოდიოდა ან ბარის სოფლებში სახლდებოდა, სადაც შედარებით იოლი იყო ცხოვრება. როგორც თქვენ ბრძანებთ, ,,ძველად მარგალიტებით სავსე სოფლები თუ ხეობები დღეს ნასახლარად ქცეულა”.

რაც შეეხება ვაჟას სოფელ ჩარგალს, აქ დღესდღეობით 40-მდე კომლიღა ცხოვრობს. ვაჟას საიუბილეოდ სოფლის გზა შეაკეთეს ჩარგლისკარიდან ვაჟას სახლ-მუზეუმამდე, დააგეს ასფალტი, სოფელს გუყვანეს წყალი, მიმდინარეობს ვაჟას სახლ-მუზეუმის რემონტი. ასე რომ, საქმე კეთდება და ვნახოთ, მომავალი რას გვპირდება.

ვაჟა მირიანაშვილისადმი მიწერილ პუბლიცისტურ წერილში ფართოდ საუბრობს თავისი გამორჩეული სამწერლობო ენის შესახებ და წერს, რომ ფშაური დიალექტის სალიტერატუროდ გამოყენება მხოლოდ  დადებით შედეგთა მომტანია, ვინაიდან ფშავი იმ კუთხეს წარმოადგენს, რომელსაც მტერთაგან მიუდგომლობის გამო საუკეთესოდ შემოუნახავს ძველი ქართული ენის ფორმები. თქვენ რა შეფასებას მისცემდით მის ნოვატორულ სტილს. რა როლი შეასრულა მან იმ დროის სამეტყველო თუ სამწერლობო ენის გაწმენდის საქმეში?

ის, რაც ზოგს ვაჟას პოეზიაში შეიძლება დიალექტიზმად მოეჩვენოს, წმინდა ლიტერატუული ფორმაა. მაგალითად, ავიღოთ ასეთი სტრიქონები ,,ალუდა ქეთელაურიდან”: ,,გამაჰქცევიხარ ქისტის შვილს, / გადუქცევიხარ ქალადა, / მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ, / უკან მისდევდი მა რადა”?

,,მა რადა?” დიალექტიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს. უნდა იყოს: ,,მაშ, რადა?”, მაგრამ ზემოხსენებული ფორმის გამოყენება რითმამ მოითხოვა (ქალადა – მა რადა). ამ ფორმაში ჩავსვათ ახლა გამოტოვებული ბგერა-შ და მივიღებთ: ქალადა – მა(შ) რადა, რაც პოეტიკის კანონებისთვის მიუღებელია და კეთილხმოვანებას უკარგავს რითმას. მაშასადამე, ,,მა რადა” პოეტიკური კანონების დაცვის აუცილებლობამ დააწერინა მგოსანს და არამc და არამც არ შეიძლება იგი დიალექტიზმად ჩავთვალოთ.

ვაჟას ენისა და სტილის შესახებ ძალიან ბევრია დაწერილი. მე კი ვიტყოდი, რომ ვაჟა იმ ენით წერს, რა ენითაცაა დაწერილი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი” და დავით გურამიშვილის ,,დავითიანი”. თუკი ამ ორ პოეტს არ დაეწუნება ენა, არც ვაჟას ენაა დასაწუნი. ვაჟამ სალიტერატურო ენაში შემოიტანა აუმღვრეველი ქართული მეტყველება. მისი ლექსიკური მარაგი ერთ-ერთი უმდიდრესია ქართველ მწერალთა შორის.

არისტოტელე თავის ,,ნიკომაქეს ეთიკაში” ბედნიერებას ადამიანის უმაღლეს მიზნად მიიჩნევს, ვინაიდან ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა ბედნიერების მისაღწევად, ხოლო თავად ბედნიერება არასდროს იქცევა საშუალებად. იგი წარმოადგენს თვითკმარ და, შესაბამისად, უმაღლეს სათნოებას. სწორედ ამ ბედნიერებაზე ვაჟა-ფშაველა წერს: ,,მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული”!  როგორ ფიქრობთ, რამდენადაა აქ აქცენტირებული პირადi ბედნიერება? როგორ განმარტებას მისცემდით პოეტის ამ ფრაზას?

ამ პარადოქსულ ნათქვამში პირადი ბედნიერება გამორიცხულია. ,,შეწუხებული” უნდა გულისხმობდეს ზრუნვას, შრომას იმისათვის, რომ სხვას მიანიჭოს ბედნიერება. ვიგულისხმოთ ამ სხვაში მამული ან მოყვასი, ანდა წარმოვიდგინოთ შეწუხებული ავთანდილი, რომელმაც ტარიელის ბედნიერებისათვის დროებით მიატოვა თავისი სამეფო და მიჯნური.

ცნობილია, რომ ვაჟას შემოქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს ფოლკლორი წარმოადგენს. მის ზეგავლენასა და ხალხის მიერ შემონახულ ლეგენდათა თუ რწმენა-წარმოდგენათა მიერ მოხდენილ მძლავრ შთაბეჭდილებაზე თავად პოეტი ღიად საუბრობს პუბლიცისტურ ნაწერებში. მართლაც, ვაჟას გმირები სწორედ რომ ხალხის წიაღიდან არიან ამოზრდილნი, თუმცა ეს სულაც არ უკარგავს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ინდივიდუალიზმს და მას ვერ ათავსებს ფოლკლორული კოლექტიუ-რობის ჩარჩოებში. რა არის ის ნიშანდობლივი მახასიათებელი, რაც მის ნაღვაწს სალიტერატურო-ინდივიდუალური ელფერით მოსავს?

ვაჟა-ფშაველა რომ კოლექტიურობის ჩარჩოებში დარჩენილიყო, დიდი მწერალი ვერ გახდებოდა. არც არასოდეს მოქცეულა ის ამ ჩარჩოებში. ვაჟა ფოლკლორს მასალად იყენებდა, საფუძვლიანად ამუშავებდა, საკუთარ სულიერ ქურაში ადნობდა, ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა და ისე უბრუნებდა მკითხველს. ვაჟას, როგორც ინდივიდუალური შემოქმედის, პოეტიკა სრულიად განსხვავებულია ხალხური პოეტიკისაგან. ხალხური მოლექსე მტკიცედ იცავს ტრადიციულ ხაზს, იყენებს მხოლოდ სტერეოტიპულ მხატვრულ სახეებს. ვაჟა კი ტრადიციულობის ზღვარს არღვევს და ქმნის საკუთარ სახეთა სისტემას. ხალხურ პოეზიაში არსად შემხვედრია მსგავსი მეტაფორა, რაც ვაჟას ,,სისხლის ძიებაშია”:

,,მიჰქროდა ჩემი მიმინო,

ფეხებს იბანდა ქარითა”.

ხალხური მთქმელი ვერ იტყოდა იმას, რაც ვაჟამ თქვა:

,,მთის კალთებს შვენის ცხვარ-ძროხა,

როგორც ლამაზ ქალს ხალები”.

ხალხურ პოეზიაში ,,კაი ყმის” (ვაჟკაცის) გაქვავებული ეპითეტებია: ,,მგელი”, ,,არწივი”, ,,ვეფხვი”, ,,ლომი”, ,,გაუტეხელი ციხე” და ა.შ. ცხენის მუდმივი ეპითეტია ,,ლურჯა” (ამის შესახებ ვაჟაც მიუთითებს თავის ეთნოგრაფიულ წერილში).

კოლექტიუr და ინდივიდუალურ შემოქმედებას მკვეთრად განასხვავებს დასმულ პრობლემათა აქტუალობა და მოვლენათა განზოგადების მასშტაბები: გაიხსენეთ ვაჟას პოემები – ,,ალუდა ქეთელაური”, ,,გველის მჭამელი”, ,,სტუმარ-მასპინძელი”, ,,ბახტრიონი”.

დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ ვაჟას შემოქმედებაში ბუნებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, თუმცა პეიზაჟებს უხვად ვხვდებით ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაშიც. რაში მდგომარეობს ვაჟასეული ბუნების განსაკუთრებულობა? რა ნიშანი გამოარჩევს მას წინამორბედთაგან?

რომანტიკოსები ბუნებას აკისრებდნენ გარკვეულ ფუნქციას: მათ შემოქმედებაში პეიზაჟი ავტორის განწყობილების თანაზიარი იყო, ვაჟამ კი ბუნების ფენომენი დასრულებული სახით წარმოაჩინა, აჩვენა მოვლენათა შორის იდუმალი კავშირი და ადამიანის ჰარმონიული ურთიერთობა ბუნებასთან.

ვაჟამ თავისი ნოვატორული შეხედულებებით ფშავ-ხევსურებს ნათლად დაანახვა ზოგიერთი ტრადიციის სიმცდარე და უსამართლობა, რის ცხად მაგალითსაც წარმოადგენს ცნობილი პოემა ,,ალუდა ქეთელაური”. თავისთავად ცხადია, წინაპართა ჩვეულებების ერთგულ მთიელთა საზოგადოებაში აღნიშნული ნაბიჯი დიდ გამბედაობას მოითხოვდა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაითავისა ეს სიახლე მთიელმა ხალხმა და დაიმკვიდრა თუ არა ვაჟას იდეებმა ადგილი მათ შეგნებაში?

,,ალუდა ქეთელაურში” ვაჟამ მართლაც და სწორად მიუთითა ფშავ-ხევსურებს მარჯვენა მკლავის მოკვეთის ბარბაროსულ ჩვეულებაზე, თუმცა ამ ტკივილმა ხალხურ პოეზიაშიც გამოჟონა; ბალადაში – ,,ნასკვაურისძე” ნათქვამია, რომ მთავარი გმირი

,,კაცებს ხოცს, ხელს კი არა სჭრის, ხევსურის წესი არ არსა.

– ხელ მასჭერ, ნასკვაურისძევ, უხელოდ სახელ არ არსა”!

თემი მაინც მკაცრია და მოითხოვს ადათის უყოყმანოდ შესრულებას. ჩემთვის ხევსურებს უამბნიათ, რომ ერთ ხევსურს სასაგძლე გუდაში თურმე გვერდიგვერდ ეწყო მოკლული მტრის სისხლიანი მარჯვენა და პურ-ყველი.

მარჯვენა მკლავის მოკვეთის ტრადიცია ვაჟამ ვერ მოსპო (ის ახალმა სოციალურმა ურთიერთობამ აკრძალა), მაგრამ მთიელები ღრმად ჩააფიქრა.

როგორც ამბობენ, ფილოსოფია გაკვირვებით იწყება. ვაჟა-ფშაველას იდეურ-ფილოსოფიური კრედოს კვლევასა და მის ირგვლივ ”ფილოსოფოსობას” კი ბოლო არ უჩანს, ვინაიდან ეს მწერალი გაკვირვებისა და აღმოჩენებისათვის დაუსრულებელ მასალას გვთავაზობს. რა კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟას შემოქმედების უკეთ შესასწავლად და მის შესახებ დღემდე არსებული ცოდნის გასაღრმავებლად?

რა კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ-ში ვაჟას შემოქმედების შესასწავლად, ვერ გეტყვით. ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ვაჟას კაბინეტი გაუქმდა და მწერლის შესახებ არსებულმა საექსპოზიციო თუ საარ-ქივო მასალამ უნივერსიტეტის მუზეუმში დაიდო ბინა.

წელს ვაჟას საიუბილეო წელია და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ერთი სამეცნიერო კონფერენციაც კი არ გამართულა…

ბოლოს კი მინდა, გკითხოთ იმ სირთულეთა შესახებ, როmlic თავს ვაჟას ნაწარმოებთა თარგმნისას იჩენs. როგორც ცნობილია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩნდება მწერლის მთავარი ხიბლის დაკარგვის საშიშროება. რა კეთდება ამ პრობლემათა დასაძლევად და რამდენად აქტიურად მიმდინარეობს მთარგმნელობითი მუშაობა აღნიშნული მიმართულებით?

ვაჟას ნაწარმოებების თარგმნა აქტუალური და საშური საქმეა. ეს დიდი მწერალი ღირსეულად უნდა გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას. ამიტომ საჭიროა კვალიფიციური მთარგმნელების მოზიდვა. საბჭოთა მკითხველი კარგად იცნობდა ვაჟას შემოქმედებას, რადგანაც რუსულად მას თარგმნიდნენ პოეტური სიტყვის ისეთი აღიარებული ოსტატები, როგორებიც იყვნენ: მარინა ცვეტაევა, ბორის პასტერნაკი, ნიკოლოზ ზაბოლოცკი. მთარგმნელის შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვაჟა უნდა ითარგმნოს ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, ესპანუ-რად და თითქმის ყველა ენაზე, სადაც მოისურვებენ მის წაკითხვას, მაგრამ ჯერ უნდა გაკეთდეს ზედმიწევნითი, პწკარედული, ფილოლოგიური თარგმანი და ეს სამუშაო უნ-და შეასრულონ ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც კარგად ფლობენ უცხო ენებს და საფუძვლიანად იციან ვაჟას შემოქმედება. აი, მაშინ შემცირდება თარგმანში ”მწერლის მთავარი ხიბლის დაკარგვის საშიშროება”.

 

 

კომენტარები

კომენტარი