ლიტერატურა

რას ამბობს ქართული პოეზია ახალ წლის შესახებ? (ლექსები)

ჩვენ უკვე ახალი, 2018 წელი დაგვიდგა, საახალწლო განწყობამაც ნელ–ნელა დაცხრომა დაიწყო. იმისათვის, რომ ახალი წლის სახალისო შეგრძნება კიდევ და კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, “არტნიუსმა” გადაწყვიტა შეეკრიბა ლექსები, რომლებიც ახალ წელზეა. სტატიაში გაერთიანებულია როგორც თანამედროვე, ის მე–20 საუკუნის მწერლები, მუხრან მაჭავარიანი, გალაკტიონი და ა.შ.

Image result for new year

2004 – მაიმუნის წელი

მაიმუნობს რაღაცას

მაიმუნის წელი! –

შარშანდელზე ბოროტად

დასრიალებს ცელი…

ყველა კმაყოფილია

თავის ოთხი ძელით!

მარტო მესაფლავე წუხს

ტალახების ზელით…

ა, სტუმარ-მასპინძელი! -დამჭერ-დასაჭერი!

მაუზერის გრიალი და “კოლტ-კობრას” ჯერი!

გაიხარონ! – ზეგამდე არ მოიწყენს ჭერი!

მართლა მაიმუნია მაიმუნის წელი…

 

დრილმაც და ჰამადრილმაც

გამოიღეს ხელი!

როდის დაიმეგობრეს,

ნეტა, დათვის ბელი!

წიგნი წიგნზე შეადეს –

პო. ტოლსტოი. ბელი…

დიდი მაიმუნია

მაიმუნის წელი!

მართლა მაიმუნია მაიმუნის წელი…

ტარიელ ჭანტურია

 

1989

უცნაურია! რა ტკივილს უძლებ,

რა გაჭირვებას,

რა ვალს!

ძვირფასო ჩემო! მრავალ ახალ წელს!

მრავალ ახალ წელს!

მრავალს!

 

კვლა ნათესავი მოვალს ახალი

და ვით მოსულა – წავალს!

მომილოცნია! მრავალჟამიერ!

მრავალ ახალ წელს!

მრავალს!

 

გულს ნუ აყვები და დროზე ადრე

ნუ შეიმოკლებ სავალს!

მრავალჟამიერ! მრავალ ახალ წელს!

მრავალ ახალ წელს!

მრავალს!

 

კვლავ ემსახურე რუსთაველს შენსას,

შენს მერჩეულეს და მროველს,

ილია მართალს,

მართალ აკაკს…

მრავალ ახალ წელს,

მრავალ…

 

როდენს უცქირე,

შოპენს უსმინე,

უსმინე ბახს და რაველს…

მრავალჟამიერ! მრავალ ახალ წელს,

მრავალ ახალ წელს,

მრავალს!

ტარიელ ჭანტურია

 

კვლავ იწყება ახალი წელი 

…და კვლავ იწყება ახალი წელი…

და ისე, როგორც ძველი, თავდება;

დღე მომავალი, დღე ხვალინდელი

გუშინდელ დღისგან არ განსხვავდება.

 

ირგვლივ კაცთ სახე დაღონებული

ხვალინდელ დღესაც არ განშორდება.

მოწყენილობა და წუთების თვლა

ხვალაც იგივე განმეორდება.

 

ძლივს შესამჩნევი სხვადასხვაობა

ვერ შეცვლის ერთ მთელ არარაობას…

აი, ცხოვრება! მე მასში ვრაცხდი

დიდს, განუსაზღვრელ სანახაობას;

 

ვრცელ ასპარეზად მიმაჩნდა იგი,

მოქმედებისთვის ფართო და სრული;

ნადვილად… იგი ბილიკი არის

ვიწრო, ეკლებით შემოსაზღვრული.

 

მე მჯეროდა, რომ ბედნიერება

სუფევს კაცთათვის გაჩენილ დღეში,

და ნამდვილად კი ბედნიერ დღეებს

სულ ათს თუ დავთვლი ჩემს სიცოცხლეში.

 

მე მჯეროდა, რომ შვება სუფევდა

უჩინრად სადმე: ქვეყნად თუ ცაში,

ნამდვილად იგი არსად არ სუფევს,

არც ცის სივრცეში, არც ქვეყანაში.

 

დავასამარეთ ფუჭი ოცნება,

მოწყენილობა დარჩა უცვლელი,

ძლივს ძველი წელი საფლავს მივეცით,

მაგრამ კვლავ მოდის მსგავსივე წელი!

გალაკტიონ ტაბიძე

 

გილოცავ!

გილოცავ!

გილოცავ!

ახალ წელს გილოცავ.

შენ –

ვისაც სამშობლო გიყვარს…

გელა ხარ!

თინა ხარ!

შოთა ხარ!

ცირა ხარ!

ეს სულერთია –

ვინ ხარ.

 

ახალი წელია…

თოვლიც გვესალმება…

თოვლიც გვესალმება ციდან…

– ცრემლები?!

– ცრემლებზე – ბოდიში!

– ღიმილი?!

– ღიმილი –

რამდენიც გინდა…

 

ბავშვებო!

თქვენსავით

მეც ვიყავ მოსწავლე…

მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!

ამიტომ ერთმანეთს,

ამიტომ ერთმანეთს

ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა…

 

გვიყვარდეს სამშობლო,

სიმართლე გვიყვარდეს,

გვიყვარდეს,

გვიყვარდეს წიგნი…

რაც უნდა ისურვო,

რაც უნდა ინატრო, –

ესაა ყველაზე დიდი.

 

გილოცავ!

გილოცავ!

ახალ წელს გილოცავ.

შენ –

ვისაც სამშობლო გიყვარს…

ზაზა ხარ!

ლაშა ხარ!

ვაჟა ხარ!

ნინო ხარ!

ეს სულერთია –

ვინ ხარ!

მუხრან მაჭვარიანი

ეს წელიც გაქრა

მუხრან მაჭავარიანი

 

ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრა

და არა მხოლოდ ჩემთვის – ყველასთვის.

მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამ

მოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.

 

ეს წელიც გაქრა

და მიხარია, რომ გაქრა ისიც,

როგორც გადაღლილ ხსოვნაში ჭორი,

ანდა ვარსკვლავი რომ ქრება დღისით,

გადაყვარებულ ქალივით შორი.

 

გარემოცული თოვლით და ქარით,

თავის ბუნაგში ცხოვრობს ქალაქი,

იხურება და იღება კარი,

საფეხურებზე ხმება ტალახი.

 

წელი კი გაქრა, ვით წვიმის წვეთი,

როგორც უთვალავ ლანდებში ლანდი,

როგორც ღრუბლებში მწვერვალის წვერი,

როგორც გაქურდულ ტაძრიდან ხატი.

 

კეტავენ კაფეს, გამოდის კინო,

გაჩერებებზე გროვდება ხალხი

და უნებურად ფიქრობს და ცდილობს

დამალოს მკაცრი ნაკვთები სახის.

 

ქუჩებში დაძრწის თოვლი და ქარი,

დაღლილი ყალბი ცრემლით და ფიცით,

და ყველა ჩქარობს, რომ ბებერ მთვარეს

მიუჯახუნოს კარები ცხვირწინ.

 

იმედისა და ოცნების მსგავსი

ფანჯრებზე ბზინავს ნაძვის ტოტები

სა საახალწლო ვნებებით სავსე,

კიდევ ერთი წლით გიახლოვდები.

ოთარ ჭილაძე

 

ახალ წელს

უმთავრესს, უმთავრესს, უმთავრესს სამშობლოს

სამშობლოს, ჩემს ჩანგს რომ აღაგზნებს პირველი,

ახალ წელს, ახალ წელს, ახალ წელს ვულოცავ

მე მისი მარადის ცისფერი ფრინველი.

უმაღლეს, უაღრეს, უნაღდეს ხალხს ქართველს,

მის ქუდს და ყაბალახს, ჯაგანს და ულოსა,

მის მაღალ ოცნებას, მის ზევსურ მოწყენას,

მის თავს და მოსწრებას მხურვალედ ვულოცავ.

ბრძენსა და გამგებელს, უხვსა და მოწყალეს,

მის ჩანგს და საჭრეთელს, მის გრდემლს და უროსა,

მის თორს და ტყავკაბას, სახნავს და საკაფავს,

მის ყველა კარგ ამბავს მხურვალედ ვილოცავ.

ჩვეულ ორნამენტებს, კავებს და კარედებს,

სულ სალოლიავო და საგუგუნო ცას,

ახალ ფშავ-ხევსურეთს და სოფლებს მესხურებს,

მის მეკვლე-მეგზურებს ვულოცავ, ვულოცავ.

დახანჯლულ მხარ-მკლავებს, დაშაშრულ ტორაღებს,

მის სარაინდოს და საუფლისწულოსა,

კახეთით, კოლხეთით წამოსულ ფერხვავებს,

მათ ხელს და ხელხვავებს მხურვალედ ვულოცავ.

მის ყველა კაი ყმას ხარივით მივბღავი,

ვდგავარ გონიოსთან, სარფთან თუ ხულოსთან,

დიდქართულ ტვირთებით დადრეკილ დიდბიჭებს,

მის ბონდოს, მის ბაკურს, მის თენგიზს ვულოცავ.

შატბერდთან, ხახულთან, პარხალთან, ტაოსთან,

ჩვენს ძველ სამზეოსთან, ჩვენს ძველ სარჯულოსთან,

კვლავაც, რომ ბალღები ქართულად მღერიან

იმ ქართულ სიმღერას, იმ ბალღებს ვულოცავ.

სულ მაღლა და მაღლა აღანთე ჩოგანი

და კვლავაც ხამს დაბლა შემოჰკარს რბილოსა,

ჩემო მარჩენალო, ჩემო დამმარხავო,

ხალხო და ქვეყანავ, გილოცავ, გილოცავ!

ზურაბ გორგილაძე

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი