კულტურა

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ბათუმის მერიამ დააფინანსა

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ( MISA ) ბათუმის მერიამ ნაწილობრივ დააფინანსა. ღონისძიების ბათუმში ჩასატარებლად 10 000 ლარი გამოიყო.

როგორც ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე აცხადებს, სახელმწიფო უწყებების მხრიდან მსგავსი პროექტების მხარდაჭერა კულტურის სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უწყების მხარდაჭერა ფინანსური თუ სხვა ფორმით. სამწუხაროდ, კლასიკურ მუსიკას დღეს ნაკლები ყურადღება ეთმობა, რის გამოც ეს დარგი სერიოზულ კრიზისს განიცდის. ჩვენ სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა გვინდა  და ამისათვის გადავწყვიტე   „MISA“-ს დაარსება. ძალიან რთულია ამ მასშტაბის ღონისძიების ჩატარება იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოსთვის და კულტურის სამინისტროსთვის ეს დარგი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ზოგიერთი ცალკეული მიმართულება. მიუხედავად ამისა, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა წლიდან წლამდე აკადემია კიდევ უფრო დაიხვეწოს და მისი შინაარსიც ბევრად მრავალფეროვანი გახდეს. ბათუმის მერია წელსაც გვაფინანსებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. აკადემია წელს თბილისში გაიხსნება რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ  ბათუმში გადაინაცვლებს. თბილისის მერიასაც მივმართეთ პროექტის დაფინანსების თხოვნით, თუმცა უარი თქვეს და ამ დრომდე არ არის დასაბუთებული უარის არგუმენტები. კულტურის სამინისტროსთანაც გვქონდა მცდელობები დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ყველაფრისა, ვაგრძელებთ მუშაობას და ვეძებთ ტალანტებს,“- განაცხადა შორენა ცინცაბაძემ.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია წელს მესამედ ტარდება. ღონისძიება 16 ივნისს თბილისში გალა კონცერტით გაიხსნება. აკადემიის ფარგლებში საქართველოში მსოფლიო დონის  პროფესორები ჩამოვლენ და 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ. აკადემიაში მონაწილეობის მსურველებს პირობებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ვებ-გვერდ misa.ge-ზე  შეუძლიათ.

MISA – 2017 -ზე მოწვეულ სტუმრებს  შორის არიან: ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი, ნიუ იორკის მენესის სკოლის პროფესორი ჯერომ როუზი, მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, კლარნეტისტი არტურ ნაზიულინი და გერმანიაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, მევიოლინე  ნანა იაშვილი.    აკადემია წელს სამ მუსიკალურ საკრავს – ფორტეპიანოს, კლარნეტს და ვიოლინოს  წარმოაჩენს.

კომენტარები

კომენტარი