კულტურა ლიტერატურა

შსს: “ზვიად რატიანი ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად”

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად რატიანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პოეტი იყო ნასვამ მდგომარეობაში, იქცეოდა აგრესიულად და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მათ ხელთ აქვთ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ყველაფერი ზემოთქმული ნათლად ჩანს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოქალაქე ზვიად რატიანთან დაკავშირებით, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.

მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცველები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს.

მასალიდან ასევე ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ დროისთვის არ მიიჩნევს სწორად საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა, აღნიშნული მასალა, მტკიცებულების სახით, წარედგენება სასამართლოს. სურვილის შემთხვევაში, ზვიად რატიანსაც შეუძლია გაეცნოს, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი.

ვიდეო-მასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

მიუხედავად ამისა, სამართალდამცავების მიმართ ზვიად რატიანის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, როგორც მოქალაქის მხრიდან სამართალდარღვევის, ისე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით.”

აღსანიშნავია, რომ პოეტი სხვანაირად ჰყვება მომხდარს:

რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა ერთდროულად. მიზეზში გარკვევაც ვერ მოვასწარი. ერთადერთი, რაც ახსენეს, ჩემი ქურთუკის ფერი [ნარინჯისფერი] იყო, რომელიც მათი მოსაწონი არ გამოდგა. დანარჩენი არაფერი ვიცი. მანქანაში მცემდნენ. 7 ან 8 პოლიციელი მაინც იყო. რომელი აქტიურად მონაწილეობდა და რომელი არა, მაგრამ ცნობით ვიცნობ სახეზე ყველას. მე მგონი, თვითონაც არ გაუჭირდებოდათ ჩემი ამოცნობა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური პოლიციური კონტროლი გამოაცხადა. საქართველოში უკვე ორი დღეა რეიდები მიმდინარეობს. სტატისტიკით ირკვევა, რომ ჯამში 127 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანიც აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი