კულტურა ლიტერატურა

“შემდეგ ისევ ზვიადმა მოიქნია მუშტი და ერთ-ერთ პატრულს სახეში გვარიანად ჩასცხო”

თაკო გვაზავა სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას შეეხება.

როგორც თაკო ამბობს, იგი მომხდარის თვითმხილველია და დაუნახავს თუ როგორ აგრესიულად იქცეოდა პოეტი და როგორ მოუქნია მუშტი პატრულის თანამშრომელს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“გუშინ ტაქსიში ვიჯექი, როცა პირადად შევესწარი რატიანის ამბავს. თამარ მეფეზე საცობი იყო და ტაქსი რაღაც პერიოდის განმავლობაში შეჩერდა.
რა დავინახე მე: სამი პატრული ესაუბრებოდა, ხაზს ვუსვამ, უბრალოდ ესაუბრებოდა ნარინჯისფერ ქურთუკში ჩაცმულ კაცს, რომელიც დღეს აღმოჩნდა რომ რატიანია. რაღაც მომენტში რატიანმა დაიწყო აგრესიულად ხელების ქნევა, პატრული ისევ მშვიდად ეკონტაქტებოდა. შემდეგ ისევ ზვიადმა მოიქნია მუშტი და ერთ-ერთ პატრულს სახეში გვარიანად ჩასცხო. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა სრულიად აუღელვებლად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე მიწაზე პირქვე დააწვინეს, ხაზს ვუსვამ – ფრთხილად, კი არ დააგდეს, დააწვინეს, ხელები უკან მოუქციეს და დაადეს ბორკილები. მერე აუჩქარებლად წამოაყენეს და ჩემი ტაქსიც დაიძრა.”

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური პოლიციური კონტროლი გამოაცხადა. საქართველოში უკვე ორი დღეა რეიდები მიმდინარეობს. სტატისტიკით ირკვევა, რომ ჯამში 127 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ზვიადი.

პოეტს დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. როგორც ადვოკატი იუწყება, მას სახეზე, ფეხებსა და ხელებზე დაზიანებები აღენიშნება.

EMC-ს იურისტის თქმით, რატიანს ბანკომატთან რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა. ისინი არ იყვნენ პატრულის თანამშრომლები, რადგან მათ არ ეცვათ ფორმა. რატიანმა ვერც აღიქვა, რომ ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ.

რატიანი ჰყვება, რომ თავად მას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, და მასთან მისულმა პიროვნებებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი, რაზეც პოეტმა მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო. პასუხმა სიტუაცია გაამწვავა, ამას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

პოეტი დროებითი დაკავების იზოლატორიდან დღესვე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი