ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რას ურჩევს გამომცემლობა “არტანუჯი” მკითხველს წიგნის საახალწლო ფესტივალისთვის?

მოგეხსსენებათ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 22-24 დეკემბერს გამართავს წიგნის საახალწლო ფესტივალს. ამიტომაც, “არტნიუსი” გაესაუბრა გამომცემლობა “არტანუჯს”, რომელმაც მკითხველებს შესაძენად შემდეგი წიგნები ურჩია:

გამომცემლობამ სერიიდან “თან საკითხავი” ორ წიგნი დაასახელა:

ილია ჭავჭავაძე (180 ამბავი)

შეადგინა თამაზ ჯოლოგუამ

წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში.

მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.

კახმეგ კუდავა – 150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე

ეს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს… ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.

აგრეთვე, “არტანუჯი” აბიტურიენტებისთვისაც ასახელებს მეტად საჭირო გამოცემას:

ეროვნული გამოცდების სიმულაცია ისტორიაში (ტესტები და რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის)

ამ სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს აბიტურიენტს შედეგების გაუმჯობესებაში. მისცეს მას საშუალება გადაამოწმოს საკუთარი ცოდნა და უნარები. ეროვნული გამოცდების სრული სტანდარტის დაცვით შედგენილი ტესტები აბიტურიენტს საშუალებას აძლევს გამოცდაზე გასვლამდე გაიაროს ეროვნული გამოცდების სიმულაცია, ანუ შეძლოს ზუსტად იმ ტიპისა და სირთულის დავალებების გაკეთება, რომლის მსგავსის შესრულებაც მოუწევს უშუალოდ ეროვნულ გამოცდებზე.

“არტანუჯმა”, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ფარგლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საბას პრემიის ლაურეატი წიგნები, დაასახელა ლევან ბერძენიშვილის “წიგნიერების ევოლუცია”.

ეს წიგნი იმაზეა, რომ კითხვა სასარგებლოა. არ არსებობს კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რომელსაც ადამიანის გონების, წარმოსახვის, თვალსაწიერის გაფართოება შეუძლია.

და ბოლოს, ყველასთვის ცნობილი და ბოლოდროინდელი ბესტსელერი რომანი ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი”

ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა

ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა რომანით „ფრანით მორბენალი“. წიგნი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ შთამბეჭდავ რიცხვს – 21 მილიონს მიაღწია.
რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა.
„ფრანით მორბენალი“ უაღრესად აქტუალურ თემებზე დაწერილი წიგნია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

 

კომენტარები

კომენტარი