კულტურა

მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კონსერვაცია მიწის დაფარვის წესით განხორციელდება

მტკვრის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი მე-19 საუკუნის დროინდელი ისტორიული ნაშთების კონსერვაცია მიწის დაფარვის წესით განხორციელდება.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მისი მუდმივმოქმედი საბჭოს წევრების შეფასებებისა და ანალიზის საფუძველზე მიიღო, რომელთაც. მე-19 საუკუნის დროინდელი ისტორიული ნაშთები 1 კვირის წინ გასვლითი სხდომის ფარგლებში მოინახულეს.

საბჭოს შემადგენლობაში შემავალი არქეოლოგების, არქიტექტორ-რეტავრატორების, გეოლოგებისა და ხელოვნებამცოდნეების მიერ ობიექტის სრულყოფილი სამეცნიერო-კვლევითი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აგურით ნაშენი ნაგებობის არქეოლოგიურ თვალსაჩინოებად შენარჩუნებისა და საპრეზენტაციო მიზნებისათვის კონსერვაციის განხორციელების ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს გრუნტის წყლები და საბჭოთა პერიოდში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა. არქეოლოგიური ობიექტის ძირი მუდმივად იფარება წყლით, რაც მის დაჭაობებასა და ანტისანიტარიის კერის წარმოქმნას იწვევს. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ნაგებობის ნაშთების სრულფასოვანი კვლევის მიზნით წარმოებული მიწის სამუშაოები უცილობლად გამოიწვევს მომიჯნავე შენობების (საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტრო) საძირკვლების მოშიშვლებას.
არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაციის შემდგომ, შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე მიმდინარე ინფრსატრუქტურული სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.
ობიექტის კონსერვაციამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს არქეოლოგიური ნაშთის ანაზომებისა და ფოტო-ფიქსაციის პროცესს. კონსერვაციის შემდგომ კი არქეოლოგიური ობიექტის მდებარეობის ადგილზე საინფორმაციო ბანერი განთავსდება.
* მტკვრის ქუჩაზე არქეოლოგიური ობიექტი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას 1 დეკემბერს გამოვლინდა. მშენებელმა კომპანიამ მიმდინარე სამუშაოები კანონმდებლობის თანახმად შეაჩერა და შესაბამისი შეტყობინებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობა. 20 დღის განმავლობაში, ფიზიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ობიექტი მუდმივად იმყოფებოდა სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ. არქეოლოგიური ნაშთების გაწმენდის შედეგად გამოვლენილი ფრაგმენტები ინვენტარიზებულია და დაცულია სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ფონდში.

არქეოლოგიური ობიექტი მე XIX საუკუნის ბოლო პერიოდის აგურით ნაშენ წყალშემკრებ საკომუნიკაციო ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც მე-20 საუკუნის 50 იანი წლებიდან პირველადი დანიშნულების ფუნქცია დაკარგული აქვს. საბჭოთა პერიოდიდანვე ნაგებობას სამშენებლო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

კომენტარები

კომენტარი