არქიტექტურა, არქეოლოგია

ჭაქვინჯის ციხე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი გახდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი – ჭაქვინჯის ციხე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი გახდა.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში  სხვადასხვა ეპოქების სამშენებლო ტრადიციას აერთიანებს და ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეულია თავისი სამშენებლო გადაწყვეტებით.

“სწორედ, ძეგლის გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამავე წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა“- აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

ჭაქვინჯის ციხე V-XVII საუკუნეებით დათარიღებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია. ციხე ორი ნაწილისაგან – ქვედა ციხისა და ციტადელისგან შედგებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ქვედა ციხიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, გარდა ძლიერ დაზიანებული კოშკისა, რომელიც ციტადელს გვირაბით უკავშირდებოდა. გვირაბი მხოლოდ სამხრეთის და დასავლეთის კელდების ნაშთის სახითაა შემორჩენილი და ის ციხის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. ციტადელი გეგმით წაგრძელებული ოვალია. სიგრძეში 100 მეტრია, სიგანეში კი ყველაზე განიერ ადგილას (30 მ.) კარგადაა მორგებული რელიეფს. განირჩევა მშენებლობის რამდენიმე ფენა. ყველაზე ადრეული ფენა V-VI სს-ისაა, შემდგომი ფენა კი განვითარებულ შუა საუკუნეებს უკავშირდება. XVI-XVII ს-ში დადიანების დროს ციხე გადააკეთეს. ამავე პერიოდში, ციხე დადიანების ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი